,,ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა... რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს...
,,მე ვხედავ მზეს” - ნოდარ დუმბაძე
მეორე მსოფლიო ომი ის საშინელება იყო, რამაც შეცვალა სამყარო, იგი რისხვასავით დაატყდა თავს ჩვენს უხუცეს თაობას.
ეს ომი თავისი სისასტიკით, ნაციზმის მოუშუშებელი ტკივილით, უამრავი დაღუპული ადამიანით და ახალი მსოფლიო წესრიგით დღესაც აქტუალური თემაა, დღესაც ვიხსენებთ იმ ურთულეს, სისხლითა და ტკივილით სავსე წლებს, როცა დედამიწას მსოფლიო ომის ქარცეცხლმა გადაუარა.
მეორე მსოფლიო ომი (1939-1945) უდიდესი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილი, აქტიურად მონაწილეობდა მასში. საქართველოდან, რომლის მოსახლეობა ომის წინ 4 მილიონს არ აღწევდა, ჯარში გაიწვიეს 700 ათასი ადამიანი, მათგან დაახლოებით ნახევარი შინ არ დაბრუნებულა. ომის შემდეგ საქართველოს ყოველ მცხოვრებს, დიდს და პატარას, რაიმეს მოყოლა შეეძლო ომზე, რომელმაც ღრმა კვალი დაამჩნია მათ ცხოვრებას. შინ დარჩენილებმა გადაიტანეს გაჭირვება, უამრავი ახლობელი ადამიანის დაკარგვა. კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეეძლოთ ომის მონაწილეებს, ისინი ბევრ რამეს იხსენებდნენ თავიანთი საბრძოლო ცხოვრებიდან. რასაკვირველია, საბჭოთა რეჟიმის პირობებში მათ კარგად იცოდნენ, რის გახსენება შეიძლებოდა და რისი _ არა...
უკვე ძალიან ცოტანი დარჩნენ, მათ განსაკუთრებული სითბო და სიყვარული სჭირდებათ, რამეთუ ყველაზე სასტიკი ომის საშინელება საკუთარ თავზე იწვნიეს და ფრონტიდან დაბრუნების შემდეგაც ხელი არ ჩაუქნევიათ, დაქცეულ ქვეყანაში შრომით გაიკაფეს გზა. კომუნისტების პერიოდი არც მაინდამაინც კარგად მოსაგონარია, მაგრამ ომგამოვლილ ქვეყანას ისევ ომიდან დაბრუნებულებმა რწმენით ჩაუდგეს სული ისე, რომ ერთხელაც არ შეუსვენიათ.
სულ 1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში საქართველოდან გაიწვიეს 8240 ლანჩხუთელი. მათგან ნახევარი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. სამამულო ომის მონაწილეთაგან დღეს სულ ორი მებრძოლი შემოგვრჩა. ესენია: მიხეილ ფირცხალაიშვილი, კარლო თავაძე.
ლანჩხუთის რაიონი გმირების რაიონია. რაიონს მეორე მსოფლიო ომის შვიდი საბჭოთა კავშირის გმირი ჰყავს. გმირების ასეთი რაოდენობა, არცერთ რაიონში არ არის. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ გავიხენოთ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები. განსაკუთრებით საინტერესოა ეს ისტორია მომავალი თაობებისათვის, რათა ახალგაზრდებმა იცოდნენ თავიანთი ბებიების და ბაბუების ცხოვრების უმაგალითო ისტორია. მივმართავ ჩვენს მკითხველებს, მოგვაწოდეთ თქვენს ოჯახში არსებული ფრონტული ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათები, მოგვიყევით თქვენი ოჯახის წევრების ისტორიები.
გმირი სოფელ ნიგვზიანიდან
ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი დაიბადა 1903 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 13 წლამდე სწავლობდა სოფლის სკოლაში, მაგრამ ხელმოკლეობის გამო თავი დაანება სწავლას და სოფლის მეურნეობაში დაიწყო საქმიანობა, 1930 წელს სოფლის აქტივისტმა მონაწილეობა მიიღო პირველი სასოფლო-სამეურნეო არტელის ჩამოყალიბებაში მშობლიურ სოფელში და მისი წევრი გახდა. ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოჩენამ, უკვე საკმაო ხნის კაცს შთააგონა ახალი პროფესიის დაუფლებაზე ეფიქრა და მალე გაწაფული ტრაქტორისტი გახდა და თავისი გამრჯე მარჯვენით ახალი შრომითი სიტყვა თქვა საკოლმეურნეო მინდვრებზე.
1942 წლის ზაფხულში ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი კავკასიის გმირ დამცველთა საბრძოლო რიგებში დგება.კავკასიისთვის მკაცრ თავდაცვითსა და შემდეგ შეუპოვარ შეტევით ბრძოლებში თავისი მამაცობითა და გმირობით ბევრმა საბჭოთა მეომარმა ისახელა თავი. მოძმე ხალხთა შვილებთან ერთად ცოტა ქარველი მეომარი როდი იბრძოდა სასახელოდ. ამ მხრივ საინტერესო და დამახასიათებელია მსროლელი დივიზიის მამაცი მეტყვიამფქვევის, ზემდეგ გოგიჩაიშვილის გმირობა. ერთ-ერთ შეხვედრაში ჩვენი შენაერთის მეომრებთან სტუმრად ყოფნისას მან გვიამბო:
_გიზელის რაიონში 1942 წლის 2 ნოემბერს მივიღეთ ბრძანება მიცემულ ნიშანზე დაუყონებლივ გადავსულიყავით შეტევაზე. მეთაურმა დამავალა-წინმდებარე უსახელო გორაკი, რომელსაც მტერი გაშმაგებით უტევდა და ხელიდან ხელში გადადიოდა, საიმედოდ გაგვემაგრებინა და წინ წამოწეული მოწინააღმდეგე მოგვეწყვიტა თავისი ძირითადი ძალებისაგან. მძაფრი ბრძოლის ცეცხლში შეჭრა ჩემი ათეული და აღნიშნულ გორაკზე მოხერხებულ ადგილზე, საგულდაგულოდ ჩავსაფრდით, შევახამეთ გავმარტეთ დაზგის სატყვიამფრქვევო ჯგუფი, მდგომარეობა მეტად დაძაბული და სახიფათო იყო: ცეცხლის ტყვია მოდიოდა, მოწინააღმდეგის ნაღმსატყორცნებისა და ქვემეხების ყუმბარები ახლოს სკდებოდა და ქვას ქვაზე არ ტოვებდა. სანგრებიდან თავის წამოწევა არ შეიძლებოდა. ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. გერმანელ დამპყრობელთა წინა რიგები ჩვენი პოზიციის ხაზში შემოიწრნენ და გორაკს სამი მხრიდან მოაწყდნენ, ბოლოს დავრჩით ოთხი ამხანაგი: თედო ბერიშვილი, სიმონ ქადაგიშვილი, პატლაძე და მე.
_„არ წახვიდეთ, ბიჭებო, ვიბრძოლოთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!“ _ გადავძახე ამხანაგებს. ასე ვისროდი ექვსი საათის განმავლობაში. იერიშზე გადმოსული ფაშისტები დიდი ზარალით კვლავ უკუვაქციეთ. ასეთი ცხარე ბრძოლები ამ უბანზე ოთხ დღეს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში 15 ათასი ვაზნა გავისროლეთ და უსახელო გორაკი ბოლომდე შევინარჩუნეთ. მეოთხე დღის ბოლოს ჩვენი მსროლელი ბატალიონი გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა, სძლია მტრის გაშმაგებლი წინააღმდეგობა და მისი წინ წამოწეული ქვეგანაყოფი ტყვედ ჩაიგდო. უსახელო გორაკი ციხე-სიმაგრედ ვაქციეთ და აქედან დაწყებული და განვითარებული შეტევა მეზობელ ნაწილებთან ერთად გიზელის რაიონში მტრის სასტიკი დამარცხებით დაგვირგვინდა...
1945 წლის გაზაფხულზე ბრძოლები ჰიტლერული გერმანიის ტერიტორიაზე წარმოებდა. ორმხრივ მძაფრ შეტაკებაში იწოდა მიწა, ნადგურდებოდა ტექნიკა, იღვრებოდა სისხლი. „მესერშმიტები“ ყრიდნენ ბრძოლის ველზე ასეულობით ტონა ყუმბარებს. ამ ბრმა ჩამოყრის მსხვერპლთა შორის იყო ნ. გოგიჩაიშვილი, იგი დაეცა ბერლინში რაიგსტაღის აღების დროს 1945 წლის 29 აპრილს.
დიდი პატივისცემით მიასვენეს გმირის ცხედარი მოძმე უკრაინის დედაქალაქ კიევში და გამარჯვების პარკში პატივით დაკრძალეს.
გმირი სოფელ აცანიდან
დავით თავაძე 1916 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში დაიბადა. 1936 წელს კომკავშირული საგზურით ჩარიცხეს ბათუმის აეროკლუბში. აქ მან განსაკუთრებული უნარი გამოიჩინა, ფრიადზე დაასრულა მთელი კურსი და დაინტერესებული და ენერგიული ახალგაზრდა გაგზავნეს ხერსონის საავიაციო სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1938 წელს, მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება მფრინავ-ინსტრუქტორის სპეციალობით და გაგზავნილ იქნა როსტოვში. ახალგაზრდა სპეციალისტი უდიდესი მონდომებითა და სიყვარულით შეუდგა მფრინავების მომზადებას. ამავე დროს თავის თავზე დამოუკიდებლად მუშაობის გზით დაეუფლა მრინავ-გამანადგურებლის რთულ სპეციალობას.
დიდი სამამულო ომის დაწყების წინ დავით თავაძე უმცროსი ლეიტენანტი იყო და ესკადრილიას მეთაურობდა, სტალინგრადიდან-ბერლინამდე თავისი „ილ-2“ თვითმფრინავით, რომელიც ჯერ კიდევ სამამულო ომის დაწყების წინ ჩააბარეს.
„ელვისებური“ ომის გეგმის ჩაშლით გამხეცებულმა ფაშისტურმა ჯარებმა გადაწყვიტეს შემოვლის გზით მოსკოვის აღება, დააგროვეს ჭარბი ძალები. შემოიჭრნენ საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილში, აიღეს ხარკოვი, როსტოვი, მიადგნენ ვოლგის ნაპირს და ღრმად შეიჭრნენ ჩრდილო კავკასიაში. ამ მძიმე დღეებში დავით თავაძის ესკადრილია გენერალ-პოლკოვნიკ ხრიუკინის მეთაურობით მებრძოლი ნაწილის შემადგენლობაში იყო. სწორედ აქ მიიღო დავით თავაძემ პირველი საბრძოლო ჯილდო _ წითელი დროშის ორდენი.
1943 წლის ზამთარში საბჭოთა ჯარები ნოვოროსიისკში სადესანტო ნაწილის გადასხმისთვის ემზადებოდნენ. დავით თავაძემ 300-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა მოაწყო ისე, რომ მის ესკადრილიას არც ერთი მებრძოლი არ დაუკარგავს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს შენიშნული იქნა მტრის სატანკო კოლონის საიერიშო მზადყოფნა. საჭირო იყო მისი სასწრაფოდ მოსპობა. დავით თავაძის ესკადრილიამ მიიღო დავალება, მიმართულება აეღო მტრისკენ. მტერმა შენიშნა საბჭოთა მფრინავების მოახლოება და საბრძოლველად გაიშალა. გადამღობი ცეცხლი გახსნა. საბჭოთა მფრინავებმა მოხერხებულად ჩაუქროლეს და ყუმბარები დააყარეს მტრის ტანკებს, მოსპეს ექვსი ტანკი და სამ ათეულამდე ცოცხალი ძალა. უკან დაბრუნებისას საბჭოთა მფრინავებს შეხვდათ მტრის ესკადრილია. ამ ბრძოლაში დავითმა ჩამოაგდო „მესერშმიტი 109“ და უდანაკარგოდ დაბრუნდა ბაზაში.
ქერჩის გათავისუფლების შემდეგ დავით თავაძის ესკადრილია აქტიურად მონაწილეობდა იალტის, ფეოდოსიისა და სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. ფეოდოსიის ნავსადგურში პირადად მან ჩაძირა მტრის სწრაფმცურავი ბარჟი, მოსპო მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალა და დახმარება გაუწია საბჭოთა ტანკებს წარმატებით შეჭრილიყვნენ სევასტოპოლში.
ომის განმავლობაში უშიშარ მოიერიშეს არც ერთი დამარცხება არ განუცდია. ამიტომ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 19 აგვისტოს ბრძანებულებით მაიორ დავით ელიზბარის ძე თავაძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
გმირი ლესა-ჭინათიდან
ალექსანდრე სულაბერიძე დაიბადა 1916 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესა-ჭინათში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1931 წელს წარმატებით დაამთავრა ჩიბათის არასრული საშუალო სკოლა. ამავე წელს მამამ იგი ბათუმში ჩაიყვანა და მიაბარა საფაბრიკო-საქარხნო სკოლაში. ახალგაზრდა ბეჯითად სწავლობდა, ეუფლებოდა ზეინკლის პროფესიას, თვითმფრინავების, ორთქლმავლებისა და ტანკების მოდელებს ამზადებდა, რითაც სკოლის ადმინისტრაციის ყურადრება მიიქცია, მასში მომავალ ნიჭიერ სპეციალისტს ხედავდნენ. საფაბრიკო-საქარხნო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ზეინკლად გაგზავნეს სავაგონო დეპოში, სადაც სტახანოველი გახდა. სავაგონო დეპოში მუშაობის დროს ორთქლმავლის მართვა შეისწავლა და ერთი წლის შემდეგ მემანქანის თანაშემწედ დააწიანურეს. როგორც მოწინავე ახალგაზრდა იგი 1932 წელს კომკავშირის წევრი, ხოლო 1940 წელს სკკპ წევრი გახდა.
1937 წელს ა. სულაბერიძე წითელ არმიაში გაიწვიეს. 1939 წლის დამლევსა და 1940 წლის დამდეგს სულაბერიძემ მონაწილეობა მიიღო სსრკ-ფინეთის ომში. 1940 წლის მარტში სატანკო ასეულს, რომელშიც სულაბერიძე შედიოდა, ებრძანა ბრძოლაში ჩაბმულიყო. შეტევის დაწყების წინ ასეულის მეთაურმა სადაზვერვო რეიდის ჩატარებისათვის გამოყო ორი მსუბუქი და ერთი მძიმე ტანკი სულაბერიძის მეთაურობით და დაავალა ვიბორგის მიმართულებით მტრის თავდაცვითს ხაზზე გასვლა და ცნობების მოტანა.
მზვერავები წავიდნენ დავალების შესასრულებლად. ფინელებმა შენიშნეს საბჭოთა ტანკები და მათ წინააღმდეგ გრიგალისებური ცეცხლი გახსნეს. ორი საბჭოთა ტანკი მწყობრიდან გამოვიდა. ყუმბარა სულაბერიძის ტანკსაც მოხვდა, გასჭრა ჯავშანი და ყუმბარის ნამსხვრევებმა სულაბერიძეს რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა, მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია და მოძრაობა შეწყვიტა. მამაცმა მეომარმა მანქანა არ მიატოვა, მძიმე ჭრილობის მიუხედავად მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშ ტანკიდან გამოვიდა, ცეცხლი ჩააქრო, მანქანა წესრიგში მოიყვანა და მთელი სისწრაფით წინ გააქანა მტრის ზღუდეების დასანგრევად, მაგრამ მანქანა ჭაობში მოხვდა და თანდათან ეფლობოდა. ტანკს გარსშემო ერტყვნენ მტრები. სულაბერიძე მძიმედ დაიჭრა, მას ცალი ფეხი მოტყდა. ეკიპაჟის დანარჩენი შემადგენლობა უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ ორი მძიმე და 11 მსუბუქი ჭრილობა, ხოლო სახე დამწვარი ჰქონდა. ჭაობში ჩაფლობილ ტანკს ფინელები ავტომატს ურტყამდნენ, რომ ვინმე ცოცხალი ზემოთ ამოსულიყო. შემდეგ მოიტანეს თივა და ტანკს ზემოდან დააყარეს და ცეცხლი გაუკიდეს. შემდეგ საბუქსირე 2 ტანკი მოიყვანეს და საბჭოთა ტანკი ჭაობიდან ამოათრიეს. სულაბერიძემ ამით დრო იხელთა, ტანკი დაქოქა და საბჭოთა პოზიციებისკენ წამოიყვანა. Fინელები ტანკებიდან ამოხტნენ და უკან გაიქცნენ. Gმირი სამი ტანკით დაბრუნდა საკუთარ ნაწილში.
1940 წლის 21 მარტის ბრძანებულებით უმცროს მეთაურ ალექსანდრე სერგოს ძე სულაბერიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა.
ახალსოფლიდან
ელისე ტუღუში დაიბადა 1913 წლის 10 მარტს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. 1928 წელს წარმატებით დაამთავრა სუფსის რვაწლიანი სკოლა და სწავლა განაგრძო ქობულეთის სუბტროპიკულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1932 წელს და მუშაობა დაიწყო ურეკის საბჭოთა მეურნეობაში აგროტექნიკოსად. 1935 წელს ელისე ტუღუში საბჭოთა არმიაში გაიწვიეს.
1943 წლის ნოებერში ჩვენი ქვეყნის სხვა სახელოვან მებრძოლებთან ერთად ელისე ტუღუშმა პირველმა გადალახა ქერჩის სრუტე და დაიკავა მნიშვნელოვანი პლაცდარმი ყირიმის ნახევარკუნძულზე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გმირი ქალაქის _ სევასტოპოლის 1945 წლის 15 აპრილის ნისლიანი, წყნარი საღამო იყო. ელისე ტუღუში თავის სათვალთვალო პუნქტში იმყოფებოდა და გულმოდგინედ სწავლობდა მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობას. მალე პოლკის მეთაურისგან შეტევის გეგმა მიიღო, რომლის მიხედვით მის ბატალიონს უნდა გაეკეთებინა ქალაქ ფრანკფუტიდან ბერლინისკენ მიმავალი მაგისტრალი და შეენარჩუნებინა საბჭოთა ჯარის მთავარი ძალების მოსვლამდე.
ელისე ტუღუშის ასეულს მიეცა კონკრეტული დავალება _ მიეტანა მტრის წინააღმდეგ იერიში მარცხენა ფლანგიდან. დავალება მეტად პასუხსაგები იყო. მისი წარმატება დიდად გაადვილებდა ნაწილის გამარჯვებას. ასეულის მეთაურმა დეტალურად გააცნო საბრძოლო დავალება თავის მეომრებს, შეამოწმა მებრძოლთა მზადყოფნა და იერიშზე გადაიყვანა ისინი. ელისე ტუღუშის უნარიანი მეთაურობით ასეულმა გარღვია მტრის თავდაცვითი სიმაგრეები და დიდი ზიანი მიაყენა მტრის ცოცხალ ძალებსა და ტექნიკას. ბატალიონის წინაშე დასმული ამოცანა წარმატებით შესრულდა, ბერლინისკენ მიმავალი გზა დაკავებული იქნა, მაგრამ მტერმა მოიკრიბა ძალა და იერიშზე გადმოვიდა. ელისე ტუღუშის ასეულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება მტრის 12 ტანკი და ორი ასეული. მამაცმა საბჭოთა მებრძოლებმა შესძლეს მტრის ჭარბი ძალების მოგერიება.
საბრძოლო წარმატებებისა და მამაცობისათვის უფროს ლეიტენანტ ელისე სიმონის ძე ტუღუშს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
გმირი ლაშისღელედან
ნოე ურუშაძე დაიბადა 1920 წელს ლანჩხუთში. შვიდწლედი დაამთავრა ამავე რაიონის სოფელ ლაშისღელეში. გამოირჩეოდა ტექნიკისა და მათემატიკური საგნების სწრაფი ათვისების განსაკუთრებული უნარით. როცა მტერი თავაშვებულად უტევდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვს, მწვანე ბრძოლები წარმოებდა უკრაინის მიწა-წყალზე, მაშინ მოუხდა ნოე ურუშაძის სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგომა. ნაწილი, რომელშიც იგი რიგით წითელარმიელად ჩაირიცხა, იბრძოდა გერმანელი ფაშისტ-დამპყრობლებისგან უკრაინის განთავისუფლებისათვის.
ცხარე ბრძოლები გაიმართა 1944 წლის მაისსა და ივნისში მდინარე დნეპრის გაღმა, სადაც ჯარი სხვა შენაერთებთან ერთად მამაცურად იბრძოდა ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაში იყო ნოე ურუშაძე.
ერთ-ერთი კონტრიერიშის მოგერიების შემდეგ წითელარმიელებმა ამოსუნთქვაც ვერ მოასწრეს, რომ მათ წინააღმდეგ მტრის ახალი, უფრო მძაფრი ხასითის იერიში დაიწყო. ამჯერად ფაშისტებმა თვითმავალი ქვემეხის „ფერდინანდის“ დახმარებით ჭარბი ძალებით შეუტიეს მაღლობს. მაღლობის დამცველთა რიგები საგრძნობლად შეთხელდა, მაგრამ წინააღმდეგობა მტრისადმი არა თუ არ შენელდა, არამედ უფრო შეუპოვარი გახდა. როცა „ფერდინანდის“ შეუნელებელი ცეცხლის ქვეშ გერმანელებმა იერიში წამოიწყეს, ნოე ურუშაძემ ავტომატიდან ზუსტი სროლით დაცხრილა ჰიტლერელთა მწკრივები, მაგრამ მალე ვაზნები შემოელია. ამავე დროს მისი ყურადღება მიიპყრო ახლომოქმედი საბჭოთა დაზგის ტყვიამფრქვევის სიჩუმემ იგი მწყობრიდან გამოსულიყო. წუთიერი დაყოვნება მაღლობის დამცველთ განადგურებას უქადდა. ქართველმა მეომარმა მყის დაიკავა მეტყვიამფრქვევის ადგილი და ულმობლად დაუწყო ჟლეტა გამხეცებულ ფაშისტებს. მოწინააღმდეგემ ვერ გაუძლო გამანადგურებელ ცეცხლს, ბრძოლის ველზე ათეული გვამი დასტოვა და უკან დაიხია. შენარჩუნებულ იქნა დნეპრის მარჯვენა ნაპირის მაღლობი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლისათვის.
საბჭოთა ჯარები გერმანელ ოკუპანტებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან დასავლეთისაკენ დევნიდნენ. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში ჩვენმა გმირმა თანამემამულემ კვლავ არაერთგზის ასახელა სამშობლო თავგანწირული შემართებით, მაგრამ ერთ-ერთი შეტაკებისას ფაშისტთა გამაგრებული ზღუდეების გადალახვის დროს ნოე ურუშაძე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ნოე ალექსანდრეს ძე ურუშაძეს 1944 წლის 3 ივნისის ბრძანებულებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
გმირი სოფელ მამათიდან
პირველად რომ სატანკო ქვედანაყოფში გამოვცხადდი, - წერდა გაზეთ „სლავას“ 1959 წლის აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში ახალგაზრდა ტანკისტი ეფრეიტორი ი. ფილჩენკო, _ იმავე დღეს არა ერთხელ გავიგონე ვლადიმერ ჩხაიძის გვარი და სახელი.
_ ვინ არის ჩხაიძე? _ ვიკითხე ცნობისმოყვარეობით.
თანაპოლკელებმა დაწვრილებით მიამბეს ამ უშიშარი ქართველი ვაჟკაცის გმირულ წარსულზე და თან დასძინეს, რომ ჩვენ, ახალგაზრდა ტანკისტებს, გვევალება ღმად შევისწავლოთ, ვამრავლოთ მისი საბრძოლო ტრადიციები.
სამჭოთა მეომრის ეს სიტყვები ნათლად მეტყველებს იმაზე თუ რა სათუთად ინახავს დიდი სამამულო ომის ისტორია სამშობლოსათვის თავგანწირულ,უშიშარ ბუნებით გმირ ადამიანთა სახელებს.
ასეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის გურიის ლამაზ მთებში, სოფელ მამათში დაბადებული და აღზრდილი ვაჟკაცი ვლადიმერ ჩხაიძე, რომელმაც დიდ სამამულო ომში საქმეყნოდ გაითქვა სახელი გმირული ბრძოლებით.
გმირი სოფელ აკეთიდან სერგო ჩხაიძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და ასახელა ჩვენი სამშობლო ყირიმის განთავისუფლებისათვის გმირულ ბრძოლებში. იგი მამაცურად მონაწილეობდა ქერჩის ნახევარკუნძულზე გადასხმულ დესანტში. მისმა ათეულმა მედგარი ბრძოლა გაუმართა მტერს, მარტო ერთი შეტაკების დროს მოსპო 15 ფაშისტი და უკუაგდო კონტრიერიშზე გადმოსული მოწინააღმდეგის სამხედრო ქვედანაყოფი. როცა ცალკე ზღვისპირეთის არმიამ გააჩაღა გადამწყვეტი შეტევა ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ, ჩხაიძემ თავის მამაცთა ათეულით მიიტანა იერიში მტრის პოზიციებზე, აიღო პირველი რიგის ტრანშეები და ხელჩართული ბრძოლით მრავალი ფაშისტი გამოასალმა სიცოცხლეს. ამ ბრძოლაში ვაჟკაცობისა და თავდადებისთვის საბჭოთა სარდლობამ სერგო ჩხაიძე დიდების მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ამის შემდეგ საბჭოთა ჯარები სევასტოპოს მიადგნენ. ქართველი მეომრების წინ იყო საპუნგორა, რომელსაც ფაშისტი დამპყრობლები მიუვალ ციხე-სიმაგრედ თვლიდნენ.
ამ მძიმე ბრძოლაში სერგო ჩხაიძე თავში დაჭრეს ფაშისტებმა მაგრამ მას მაინც არ მიუტოვებია მოიერიშე ჯგუფი და პირადი მამაცობით მიჰყავდა წინ მეომრები. მან ხუთი გრანატა ზედიზედ შეაგდო მტრის ძელმიწურში, გამოიყვანა მწყობრიდან და მოსპო გარნიზონი 13 კაცის შემადგენლობით. ამის შემდეგ სერგო ჩხაიძე პირველი შეიჭრა მტრის სიმაგრეში. ავტომატის ცეცხლით, გრანატებითა და კონდახით გაჟლიტა 24, ხოლო მისი მაგალითით აღფრთოვანებულმა საბჭოთა მებრძოლებმა მოსპეს 120-ზე მეტი ფაშისტი. სერგო ჩხაიძემ პირადად მოსპობილი ფაშისტთა რიცხვი აიყვანა 44-მდე, ხოლო მისმა მოიერიშე ჯგუფმა 145-მდე. ამასთან სერგო ჩხაიძის მოიერიშე ჯგუფმა ამ ბრძოლაში გაანადგურა მტრის ხუთი დაზგისა და ოთხი ხელის ტყვიამფრქვევი. ტყვედ წამოიყვანა 29 ფაშისტი, ხელთ იგდო 12 ნაღმსატყორცნი, 10 ქვემეხი, 150 შაშხანა და ავტომატი, სამი საწყობი საბრძოლო საჭურველით.
ასეთი საბრძოლო წარმატებისათვის სერგო ალისტრახოს ძე ჩხაიძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
მაია კუკულაძე
ომგამოვლილ ქვეყანას ისევ ომიდან დაბრუნებულებმა რწმენით ჩაუდგეს სული ისე, რომ ერთხელაც არ შეუსვენიათ
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 026