თითქოს სიკვდილი გაახალგაზრდავდა, ახლობელი გახდა, უკვე მერემდენე; საუკეთესო, ოჯახისა და ქვეყნის მომავლად გაჩენილი ახალგაზრდა უნდა მივაბაროთ მიწას! დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ დედას, დებს, მეუღლეს, ყველა ახლობელს, მეგობრებს. ვუსურვებთ ჭირთა თმენას, მისი სახელის უკვდავსაყოფად იმ პატარა არსების კარგად ყოფნას, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ უნდა მოევლინოს ქვეყანას~ _ ეს ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტია. ხვალ, 7 მაისს ლანჩხუთი კიდევ ერთ ახალგაზრდას, სანდრო ძაძამიას დაემშვიდობება. 2014 წლის ბოლოდან, ანუ ბოლო სამი წლის მანძილზე იგი ლანჩხუთში მე-12 ახალგაზრდაა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა. სოციალურ ქსელში სანდროზე წერენ მეგობრები: `ყველაზე საშინელი რამე იყო იმის გაგება, სანდრო დაიღუპაო. და დღეს კლინიკაში, როცა შენს ცივ ხელებს შევეხე და შენ ისევ გაუნძრევლად იწექი, აი, მაშინ მოვკვდი მეც. მე შენ არ უნდა ჩამეწვინე, ძმაო, სასახლეში. ამას ვერც ვიფიქრებდი ვერასდროს. მიყვარხარ, სანდრიკ...~ `ახლაც არ მჯერა შენი ამბავი. მგონია, რომ ყველა მატყუებს. მინდა შენი ხმა გავიგონო, მენატრები უკვე. რატომ, ძმა, რატომ? რატომ დაგვწყვიტე ყველას გული? რატომ მიგვატოვე? რატომ მიატოვე შენი ოჯახი? შენ ხო მამა ხდებოდი. ახლაც მახსოვს შენი გახარებული სახე, როცა მეუბნებოდი, მამა უნდა გავხდე და უმაგრესი გრძნობააო. რატო მიატოვე ჯერ არც დაბადებული შენი პაწუკა? ყველას გვაკლიხარ, სანდრიკ. ჩემთვის ცოცხალი ხარ და მუდამ ჩემს გულში იცოცხლებ, დიდო ბიჭო~... სანდრო სულ 21 წლის იყო. გარეგნობით, იუმორით, ნიჭიერებით, ზრდილობითა და ადამიანობით .გამორჩეული და მისაბაძი. მეგობრობაც გამორჩეული იცოდა და სიკვდილმაც მეგობარი აპოვნინა: ვინც ამ ტრაგედიას შეესწრო და ბოლომდე ეპატრონა, სანდროს ბოლო გზაზე მისი თაიგულიც გააცილებს წარწერით _ უცნობი მეგობრისგან.. მთელი ლანჩხუთი დასტირის... სამწუხაროა და დასანანი, რომ სანდროსნაირი ახალგაზრდები ასე ნაადრევად გვტოვებენ. `ჰო და არას~ რედაქცია უსამძიმრებს სრულიად ლანჩხუთს, სანდროს ახლობლებს, დაიკოებს და გამორჩეულად მის დედიკოს, სიკეთითა და კეთილშობილებით აღსავსე ქალბატონ მარეხს...
`როცა შენს ცივ ხელებს შევეხე და შენ ისევ გაუნძრევლად იწექი, აი, მაშინ მოვკვდი მეც...~

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0