გაზეთ „ჰო და არას“ 2017 წლის 3 მაისის გამოშვებაში გავიგეთ, რომ ლანჩხუთში სტუმრად სფფ-ის პრეზიდენტი ბატონი ლევან კობიაშვილი და გურიის ფეხბურთის ახლადარჩეული მესაჭე, ბატონი დავით მუჯირი იმყოფებოდნენ. მათ შეხვდნენ ლანჩხუთის გამგებელი, ბატონი ზაზა ურუშაძე და ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები. საუბრის თემა ქალაქიდან ახლომდებარე სოფელ გვიმბალაურში საფეხბურთო აკადემიის შესაძლო ჩამოყალიბება გახლდათ. ლანჩხუთის გამგებელმა თავის საუბარში ბრძანა, რომ აკადემიის გასაკეთებლად გარკვეული სამუშაოები უკვე გაწეულია: „ჩვენ ორ სკოლას ვაფინანსებთ - გოგონების საფეხბურთო სკოლა ცალკე გვაქვს. ამასთან საფეხბურთო სკოლას უზურფრუქტის წესით გადავეცით ოთხი ჰექტარი ტერიტორია შენობა-ნაგებობებით. უკვე მოვაწყვეთ გასახდელები, საშხაპეები, სამსაჯო და ოფიციალური პირებისათვის განკუთვნილი ოფისი. ისეთი სტანდარტია, ბევრ უმაღლესლიგელს არ ექნება. არის შესაძლებლობა ერთ-ერთ შენობაში დახურული დარბაზი გავაკეთოთ, სტადიონი არის სტანდარტების შესაბამისი. ასევე არის პერსპექტივა, რომ კიდევ გაკეთდეს მოედანი. ახლომდებარე სოფელ ჩიბათში ასევე საუკეთესო ადგილზე არის ორი მოედანი. ორივე შემთხვევაში საჯარო სკოლები ახლოსაა. თუ თქვენ მხარს დაგვიჭერთ, ჩვენ თავს არ შევირცხვენთ. როცა ახალდანიშნული ვიყავი ლანჩხუთში სტუმრობისას ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვე დახმარება სტადიონზე ადმინისტრაციული შენობისა და გასახდელების მოწყობაში და კი იცით, უმაღლესი სტანდარტით გაკეთდა. გრიგოლეთში ასევე თანამედროვე სტანდარტის საწვრთნელი ბაზა ავაშენეთ და აკადემიასთან დაკავშირებითაც მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - აღნიშნა ზაზა ურუშაძემ. მოკლედ, ლანჩხუთში ორგზის ვიზიტით ორივეჯერ სასიამოვნოდ გაკვირვებული სფფ-ის თავკაცს სიცილით დაუბარებია — ჩემს გაკვირვებას კიდევ როდის გეგმავთო. ძალიან კარგია, რომ სფფ-ის პრეზიდენტი ზრუნავს იმისათვის, რომ რეგიონებში გაიხსნას საფეხბურთო აკადემიები და მივესალმებით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანაც მხარდაჭერას, მაგრამ ჩვენ, მოჭიდავეებს გვინდა გავერკვეთ სიტუაციაში და გავიგოთ, გვიმბალაურის რომელ შენობა-ნაგებობაზეა საუბარი. კერძოდ, ხომ არ არის ეს ის შენობა, რომელშიც ამჟამად მოჭიდავეები არიან დაბინავებული და ვარჯიშობენ საკმაოდ წარმატებულად (ჩვენი მიღწევების შესახებ არაერთგზის დაწერილა გაზეთებში). არასოდეს არ ქონიათ ლანჩხუთელ მოჭიდავეებს თუნდაც ერთი სტანდარტული დარბაზი, სადაც შეიძლებოდეს ნორმალური საწვრთნელი მეცადინეობის ჩატარება (შეჯიბრების ჩატარებას ვინ ჩივის). ყოველთვის შეხიზნულები ვიყავით სპორტსკოლის მცირე ზომის დარბაზში, სადაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი საჭიდაო ლეიბის კომპლექტის დაგება. 15 წლის მანძილზე გვპირდებოდა ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის მთავრობა სარემონტო სამუშაოებს. შეადგინეს კიდეც პროექტი, რომელშიც 40 000 ლარი გადაუხადეს ქუთაისის ერთ-ერთ საპროექტო სამსახურს, რაც საბოლოოდ წყალში გადაყრილი თანხა აღმოჩნდა. დიდი იმედი გვქონდა ახლანდელი მთავრობის, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ისეთი დასკვნა გამოიტანეს, თითქოს შენობის საძირკველი, კონსტრუქცია და ნაგებობა ვერ გაუძლებდა შეკეთებას და დაიშლებოდა. საბოლოოდ შენობა გაიყიდა ნიორ-ნაქურჩელად და ახლა იქ შეკეთებულ-შელამაზებული სხვა დანიშნულების ობიექტი არსებობს (საინტერესოა, როგორ შეძლო კერძო პირმა ამორტიზირებული და „გამოუსადეგარი“ შენობის შეკეთება და მწყობრში მოყვანა, თუკი ეს ვერ მოახერხეს სახელმწიფო სტრუქტურებმა და მოხელეებმა სპეციალისტების დახმარებით? ანუ შენობა ტყუილად დაიკარგა და ის 40 000 ლარიც ტყუილად იზარალა ბიუჯეტმა). ასევე 20 თუ 25 ათასი ლარი გადაიხადეს წინა ხელისუფლების დროს რკინის კონსტრუქციაში, რომელიც გამგეობის გვერდზე დგას ამჟამად, რაშიც დაპირებისამებრ საჭიდაო დარბაზი უნდა გაკეთებულიყო. თუმცა ამაოდ. იქაც სხვა დანიშნულების საწარმო გახსნეს. შემდეგ გამოგვიყვეს გვიმბალაურის ყოფილი კოლეჯის სპორტდარბაზის და სააქტო დარბაზის შენობა, სადაც ასევე განთავსებული იყო კვების ბლოკი, რომელიც შევაკეთეთ შეძლებისდაგვარად. ამ ფართის გამოყოფით დიდად მადლობელი ვიყავით შესაბამისი ხელმძღვანელი პირებისა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მის კაპიტალურ შეკეთებას შეგვპირდნენ. შენობა მოინახულა სპორტის მინისტრმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ყოფილმა და ახლანდელმა დეპუტატებმა - ბატონმა თემურ ჩხაიძემ, ქალბატონმა ნინო წილოსანმა, რომლებსაც ყველანაირად გვერდში დაუდგნენ ჩვენი მოჭიდავეები. აღგვიქვეს სრული თანადგომა და დახმარება. ახლა კი კულუარებიდან ირკვევა, რომ შენობის გადაცემა იგეგმება ფეხბურთის აკადემიისათვის. სირცხვილია, როცა გვყავს მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს პირველობის ჩემპიონი, ასევე პრიზიორები, მრავალი საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკში და თან როგორ პირობებში: მოუწყობელი სველი წერტილები, იატაკი ისეა სიძველისგან, ამ ზაფხულის ბოლომდე ვერ გაუძლებს. დარბაზში თავისუფლად დათარეშობენ ხვლიკები, არის მორიელები, რამდენიმეჯერ დაფიქსირდა უხსენებელიც, როგორც საჭიდაო დარბაზში, ასევე შენობის ფოიეში და ირგვლივ. ამის შესახებ რამდენიმეჯერ ვაცნობეთ ხელმძღვანელობას, კიდეც მოიწამლა, აპარატიც დაიდგა უხსენებლის საწინააღმდეგო, მაგრამ მაინც არის შემთხვევები მათი პერიოდული გამოჩენისა. აი, ამას მიექცეს პირველ რიგში ყურადღება. ასეთ საგანგებო სიტუაციაში ვიმყოფებით და საქმე წინ არ იძვრის. ამდენ ხანს უნდა დაწყებულიყო აღნიშნული შენობის შეკეთება და არ დაწყებულა. სპორტის ეს სახეობა არის ყველაზე წარმატებული, როგორც ჩვენს რაიონში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. ფეხბურთის აკადემიის გაკეთება კარგია, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე. ჩვენ ვითხოვთ ჩვენსას. იქნებ ვინმემ აგვიხსნას ჩვენ რას გვიპირებენ? ის, რასაც გამგებელი ამბობს ახალი სპორტის სასახლე აშენდება და იქ გადავიყვანთო, მცდარი აზრია. სპორტის სასახლე საერთოდ განკუთვნილია სპორტთამაშებისა და სპორტული შეჯიბრებებისათვის. საწვრთნელი მეცადინეობები იქ ვერ ჩატარდება. ვინაიდან ლეიბები სულ გაშლილი უნდა იყოს. ჩვენ ამ დარბაზს არ დავთმობთ, ყველაფერს ვიღონებთ ამისათვის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავთმობთ, ვიდრე აკადემიას გადაეცემა აღნიშნული დარბაზი, თუ ქალაქის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება საჭიდაო დარბაზი, თუნდაც ერთსართულიანი, მაღალი ჭერით, სადაც რამდენიმე ლეიბის კომპლექტის დაგება იქნება შესაძლებელი - სამის მაინც, რადგან ჭიდაობის ოთხი სახეობა ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტში. ვიმედოვნებთ, ჩვენი მოთხოვნები (საკმაოდ სამართლიანი და დამსახურებული) იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ უკიდურეს ზომებს. დავით მჟავია, გოჩა ლომაძე, კახა აფხაზავა, კახა გოგოლიშვილი, კორნელი (მაცი) ბურჭულაძე, გოგა კალანდარიშვილი რას ითხოვენ მოჭიდავეები? მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 აპრილს ლანჩხუთში იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლევან კობიაშვილი, რომელმაც დაათვალიერა საფეხბურთო სკოლის სტადიონი, ადმინისტრაციული შენობა და ტერიტორია, სადაც განიხილება საფეხბურთო აკადემიის განთავსება. გვინდა დიდი სიამაყით აღვნიშნოთ, რომ მან აღფრთოვანება ვერ დამალა იქ შესრულებული სამუშაოების, მოწყობილი საშხაპეებით და გასახდელებით, სტადიონის მდგომარეობით, ადგილმდებარეობით, ტერიტორიით, რაც საფეხბურთო სკოლას უზურფრუქტით სარგებლობაში აქვს გადმოცემული და რაიონისა და სკოლის ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა, ფედერაციის შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმ უდიდეს საქმეში, რასაც საფეხბურთო აკადემიის დაფუძნება ჰქვია, რომელიც 4-5 იქნება მთლიანად ქვეყანაში. კერძოდ მან აღნიშნა, რომ დღეს ნანახით ძალიან კმაყოფილია და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საფეხბურთო აკადემიის გაკეთებას ლანჩხუთი ნამდვილად იმსახურებს. ახლა, რაც შეეხება იმ შეშფოთებას, რომელმაც არა მარტო მოჭიდავეები შეაშფოთა, არამედ ფეხბურთის ის ბევრი ვაიგულშემატკივარი, რომლებიც ყოველთვის წინააღმდეგნი იყვნენ, როგორც ლანჩხუთის `გურიას~ ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარების. გვინდა შევახსენო სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობას, რომ ჯერ კიდევ შარშან ის საფეხბურთო სკოლის საკუთრება იყო და ჩვენივე თანხმობით მოჭიდავეები ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ, გადაეცა სპორტულ ცენტრს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი საშიშროება არ არსებობს მათი იქიდან გამოშვების, რადგან ის არ განიხილება ახალ პროექტში. უბრალოდ, ჩვენ მივედით თხოვნით თუ ისინი თანახმა იქნებოდნენ ზემოთაღნიშნული შენობა გარემონტდებოდა და იქნებოდა საერთო სარგებლობაში ხელშეკრულებით. გვინდა აღვნიშნოთ მოჭიდავეთა წარმატებები, რაც მართლაც თვალშისაცემია და მათ მწვრთნელებს გვინდა მოვუწოდოთ, რომ მიმართონ საკუთარ ხელმძღვანელობას, რათა მათ გამონახონ სახსრები იმ ბიუჯეტიდან, რაც მათ გააჩნიათ და სამომავლოდ მაინც განიხილონ საჭიდაო დარბაზის მოწყობა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებთ. გვინდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ საფეხბურთო აკადემია ითვალისწინებს პერსპექტიული ბავშვების უზრუნველყოფას, საცხოვრებლით, კვებით, სწავლებით, როგორც სასკოლო, ასევე საფეხბურთო ყველა იმ სტანდარტების დაცვით რასაც ითხოვს ფიფა და უეფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჯერა, რომ ზემოთაღნიშნული პროექტი სრულ მხარდაჭერას მოიპოვებს, როგორც რაიონის ხელმძღვანელობის, ასევე მოსახლეობის მხრიდან რადგან ეს იქნება უდიდესი საქმე ჩვენი მომავალი თაობებისთვის. პატივისცემით, საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობა
რა გახდა მოჭიდავეების შეშფოთების მიზეზი და რას პასუხობენ საფეხბურთო სკოლის მესვეურები

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0