ლანჩხუთში მისი სტუმრობის მიზეზი ფეხბურთის გუნდით დაინტერესება იყო. სტუმარი გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძეს, ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძეს, საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძეს და კლუბ „გურიის“ მესვეურებს შეხვდა. მუხტარ კოჩოროვი ოჯახთან ერთად გრიგოლეთის ბაზაზეც იმყოფებოდა, სადაც საქმიანი შეხვედრა გაგრძელდა. ლანჩხუთის გამგებლის განცხადებით, კოჩოროვი ფეხბურთითა და ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა საკითხითაა დაინტერესებული. „ჩვენი მხარე აუცილებლად შესთავაზებს მას ბიზნეს-გეგმას და წინადადებებს. ვნახოთ, იმედია, ბატონი მუხტარი ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდება“ _ აცხადებს ურუშაძე. სტუმარმა გრიგოლეთის ბაზა დაათვალიერა და ნანახით კმაყოფილება გამოხატა. „გურიის“ მესვეურებმა და გულშემატკივრებმა მას კლუბის ისტორიაც გააცნეს და იმ დროის შესახებ უამბეს, როცა ჩვენმა საფეხბურთო გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია და ლანჩხუთის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა ბიზნეს-საკითხები განიხილეს და ლანჩხუთის განვითარებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს. ყაზახი ბიზნესმენი ლანჩხუთიდან კმაყოფილი გაემგზავრა და ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მუხტარ კოჩროვმა ლანჩხუთის გამგებელი საპასუხო ვიზიტით ყაზახეთში მიიწვია.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0