ლანჩხუთის `ევგრაფი შევარდნაძე~ მომზადებული შეხვდა ახალ სეზონს: ზაფხულის ხვატის კვალობაზე მინდორი ნორმალურ მდგომარეობაშია, დასავლეთ მხარე ტრიბუნის ნანგრევებისგან შეძლებისდაგვარად გაიწმინდა, ხოლო ლოჟაში `დინამო არენადან~ ნაჩუქარი სავარძლები დამონტაჟდა. ასევე განახლებული სახით ვიხილეთ სკამი-რელიქვია, რომლიდანაც თამაშს თვალყურს `გურიას~ ყველა დროის ყველაზე დიდი პატრონი ევგრაფ შევარდნაძე ადევნებდა. `ქართული ოცნების~ ლანჩხუთელ აქტივისტს ნუგზარ ცინცაძეს მასზე საინტერესო წარწერაც გაეკეთებინა: `თუ ხარ ღირსი, იჯდე ლეგენდარული ადამიანის სკამზე, მაშინ დაჯექი~... თავად მატჩი საინტერესო სანახავი ვერ გამოდგა და ამაში თავისი წვლილი სიცხემაც შეიტანა. `გურიამ~ ლამის პირველი რეალური ხიფათი გოლად აქცია _ ვანო წილოსანმა კარგად გაიყვანა კოტე ხიზანეიშვილი, რომელმაც ლაშა ჩაფიძეს საგოლედ უპასა, 1:0. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე (86) ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. გურია: დაუშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ე. კილაძე, ხიზანეიშვილი, ნ. მაისურაძე, ზოზულია (43. კობერიძე), მოსიაშვილი, ვ. წილოსანი (63. ს. ბახია), ჩაფიძე, შ. ჯიქია (75. ა. რეხვიაშვილი); სათადარიგოები: გოგუაძე, ლ. მჭედლიშვილი, ქურდაძე, ზაქრაძე; მთ. მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი ეს უკვე 17 წელია, რაც ლანჩხუთში `სიონი~ აუღებელ ბასტიონად იქცა. ბოლოს ბოლნისელებს `ევგრაფი შევარდნაძეზე~ 1998 წლის 4 ნოემბერს მოვუგეთ... მატჩის შესვენებაზე ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეიმურაზ ჩხაიძემ დუბლშემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის პრეზიდენტ ზაზა ურუშაძეს გადასცა ვერცხლის მედლები, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა და `გურიამ~ გასულ სეზონში დუბლიორთა გათამაშებაში დაკავებული მეორე ადგილის გამო მიიღო. ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის (დირექტორი: სულხან წილოსანი) წარმომადგენელმა თემურ ალექსაიამ დუბლიორებს სათამაშო სრული კომპლექტი გადასცა საჩუქრად. პ.ს. ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა: საბურთალო 2:1 ცხინვალი; ჩიხურა 1:0 ლოკომოტივი; დილა 2:0 კოლხეთი 1913; დინამო (ბთ) 5:0 ზუგდიდი; სამტრედია 2:0 შუქურა; დინამო (თბ) 4:0 საპოვნელა; ტორპედო 4:0 მერანი მომდევნო ტური: 21/08: ლოკომოტივი _ დინამო თბ; დილა - დინამო ბთ.; 22/08: შუქურა _ გურია; საპოვნელა _ სამტრედია; საბურთალო _ ჩიხურა; ზუგდიდი _ ტორპედო; მერანი _ ცხინვალი; კოლხეთი 1913 _ სიონი მეორე ტურამდე გაიმართება საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩი, რომელშიც `გურია~ ჩხოროწყუს `სამეგრელოს~ მიიღებს. მატჩი 18 აგვისტოს 17 საათზე ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0