იოსებ ჩიჩუას, ენამახვილსა და იმედისმომცემ მკურნალს ადრეც ვიცნობდი, მაგრამ 1972 წლის ზაფხულში, როცა მთელი ოჯახით საირმიდან წამოსულს ავარია შეგვემთხვა, იოსების პროფესიონალიზმში, კაცურ კაცობასა და მეგობრული სიმტკიცეში მაშინ დავრწმუნდი. ავარიის შედეგად დაზარალდა მამაჩემი. 80 წელს მიღწეული მოხუცისათვის საკმაოდ მეტი აღმოჩნდა 30 მეტრიან კლდეზე მანქანით გადმოვარდნის სიმძიმე. მამაჩემი მკურნალთა მხრიდან უყურადღებას არ განიცდიდა, რადგან თითქმის ყოველ დღე სანიტარული ავიაციის დახმარებით თბილისის ცნობილი ნეიროქირურგები რეზო სიგუას თავკაცობით არ მოგვშორებიან. ადგილზე იყო და თითქმის მამაჩემის მესასთუმლეობას იკუთვნებდა ბატონი იოსები. იგი 26 დღე არ მოშორებია მამაჩემს. სწორედ შემიძლია ვთქვა, რომ მისი დახმარებით მოვიდა მამაჩემი გრძნობაზე დაილაპარაკა პირველად.
იოსები განსაკუთრებული პიროვნება იყო და მის მიერ გამოვლენილი ყურადღება უცხო არ იყო ლანჩხუთელთათვის. ეს ბევრ ლანჩხუთელს ჰქონდა გამოცდილი საკუთარი გაჭირვების დროს.
ჩვენ ასე ნელ-ნელა გავხდით ახლო მეგობრები. ჩემთვის იშვიათი არ იყო სატელეფონო კავშირი. თუ გავიხსენებთ იმას, რომ მაშინ მობილური ტელეფონი არ არსებობდა, წარმოსადგენია, რაოდენი ურთიერთპატივისცემა გვქონდა, როცა სული ურთიერთკავშირს გვთხოვდა არ არსებობდა ორ-სამ კვირას ჩემი ლანჩხუთში არ ყოფნის შემდეგ ქვიანში ჩამოვსულიყავი და იოსები არ მომეკითხა. სხვათა შორის, ის მამაჩემსაც უყვარდა, როგორც მისადმი ღვაწლგაღებული ადამიანი. ჩვენ ხშირი სტუმრები ვიყავით ერთმანეთის, გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა.მინდა გაგახსენოთ, რომ იოსების მსგავსი ენაკვიმატი და მოსწრებულსიტყვიანი არა მხოლოდ ექიმთა წრეში, არამედ ლანჩხუთის სინამდვილეში, განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენდა. მოარული იყო მისი ბევრი გამოთქმა, კალამბური, ხუმრობა...არ შეიძლებოდა იოსებ ჩიჩუა გაგეცნოთ და სულ სხვა აღრიცხვაზე არ აგეყვანათ. იგი ყოველთვის გულის გულისკენ მიიკვლევდა გზას.
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება იოსებზე, მაგრამ ჩემი მდგომარეობა გახლავთ ყურადსაღები, ვიღლები წერისას და ბევრი აღარ შემიძლია. თუ არა მოგონება? მოგონებით ბევრი შემიძლია მოვიგონო.
ასე რომ, შესანიშნავ ლანჩხუთელებს შორის, რომლებიც ჩემს გულში დარჩნენ, ერთ-ერთი და განუმეორებელი ბრძანდებოდა ბატონი იოსები. ღმერთმა მისი მადლით აკურთხოს მისი შეექმნილი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და მონაგარი!
ბედნიერებას გისურვებთ!
დავით ასკურავა
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, მწერალი
კაცი, რომელიც ყოველთვის გულის გულისკენ მიიკვლევდა გზას
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 448