ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სახლებს რომ ტირილი შეეძლოთ, ჩემი სახლი ალბათ ყველა სახლის ხმას გადააჭარბებდა

სახლებს რომ ტირილი შეეძლოთ, ჩემი სახლი ალბათ ყველა სახლის ხმას გადააჭარბებდა
18-10-2022, 14:08

,,ჰო და არას“ შემდეგი ნომრისთვის სტატიაზე ვმუშაობ, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით და წავედი მეც ფიქრებში.
დაახლოებით 15 წლის წინანდელ ისტორიას გავიხსენებ. მაშინ მამა და ბაბუა, ორივე ცოცხალი იყო. შემოდგომა განსაკუთრებულად მიყვარდა, ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ მაშინ სხვა პეწი ჰქონდა წელიწადის ამ ულამაზეს დროს. მამაჩემი წყალ-კანალის დირექტორი იყო, თან გააზრებული ჰქონდა, შემოდგომა ხვავიანი და ბარაქიანი რომ იყოს, აუცილებელია სიმინდის, სოიას, გოგრის, ლობიოს მოსავალიო. 
გაზაფხულიდან უკვე იწყებდა მზადებას მამა და ბაბუა, ბაბუაჩემს ბოსტანი ხელის გულივით ჰქონდა, უხვად მოჰყავდათ კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, მწვანილი, მახსოვს დედა და ბებია როგორ რეცხავდნენ დამტვერილ ქილებს, რომ ზამთრის კონსერვებისთვის უკვე მშრალი და გამზადებული ჰქონოდათ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ის მომენტი მიყვარდა, ეზოში რომ შუა ცეცხლს დაანთებდნენ, შეშის სუნს რომ უგემრიელესი ჩაშუშულების სუნი ერწყმოდა, დედა და ბებია რომ ერთობლივად ლობიოს და ბულგარულს ჩაშუშავდნენ ბლომად ზეთში, პომიდორს ცალკე ხახვში, ბადრიჯანს, სტაფილოს, ლეჩოს და ასე შემდეგ....
მაშინ ბლენდერ-ჩოფერები არ იყო და დედას და ბებიას აჯიკის მოსამზადებლად ხორცსაკეპი მანქანით უწევდათ შრომა. (მაშინ ხორცის მაშინას ვეძახდით)
კიდევ ის მიყვარდა, ყურძნის კრეფის პერიოდი, ყურძნის წნეხვისას, პროცესის ყურება, ბავშვი ვიყავი, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, ორი ორზე, დედა და ბებია ერთად, მამა და ბაბუა ერთად, ჩხუბობდნენ ბადაგის (შუმი ჩვენს ოფიციალურ, გურულ ენაზე) გასაყოფად ფელამუშისთვის არასოდეს არ აძლევდა კაცები ქალებს საკმარისს რაოდენობას. იმავე საღამოს, როცა ყურძნის წვენების გაყოფას მორჩებოდნენ, ბებიაჩემი 20 ლიტრიან ,,ჩახანაში" (ქვაბში) მოადუღებდა ფელამუშს და ჩამოიტანდა ძაფზე აცმულ, ჯოხზე გადაკიდულ თხილს და იწყებოდა საოცრად საინტერესო პროცესი - ჩურჩხელების ამოვლება. ვერ გამოვტოვებდი რომ არ დამეწერა ტყიდან სიმინდის თეხვის პროცესი, ჩალის მოჭრის და ასე შემდეგ.
მამაჩემის თავდაუზოგავი შრომა მოსავალსაც ეტყობოდა, მეზობლების 10 კაციანი ნადი (ჯგუფი) ყოველ წელს გვეხმარებოდა, შესაბამისად ტრაქტორის ხმას როცა გავიგებდი, აუცილებლად გავრბოდი გარეთ, რომ მენახა როგორი იყო მოსავალი.  იმ დღესვე გაშლიდა ,,შეკონილ" (შეკრულ) ჩალებს, მიაწყობდა კედლებზე რომ გამშრალიყო და მერე დააბინავებდა ხოლმე თავის ადგილას. სიმინდით რომ აავსებდა ნალიას, მაშინ იცოდა თქმა: ე, ვსიო, ზამთრის აღარ მეშინიაო. 
მოსავლის აღების დღე, რა თქმა უნდა, სუფრით, ღიმილით, და სიყვარულით მთავრდებოდა ჩემს ოჯახში... 
ახლა? ხშირად ვფიქრობ, სახლებს რომ ტირილი შეეძლოთ, ჩემი სახლი ალბათ ყველა სახლის ხმას გადააჭარბებდა.
ახლა შემოდგომაც კი უფერულია, ჩემს დამტვერილ, დაკეტილ სახლში.

ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 744
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა