,,ჰო და არას“ სტუმარია ექიმი, გიორგი ჩიჩუა.
_ მოგესალმებით გიორგი. დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გაეცანით მკითხველს, ვინ არის გიორგი ჩიჩუა და რა მოგონებები გაკავშირებთ ლანჩხუთთან? როგორ გახსენდებათ აქ გატარებული წლები?
_ მოგესალმებით! მე ვარ გიორგი ჩიჩუა. დავიბადე და გავიზარდე ქ.ლანჩხუთში, რა თქმა უნდა დრო, რომელიც ჩემს ბავშვობას და სკოლის პერიოდს უკავშირდება უძვირფასესია და ყოველთვის მენატრება.
_ სკოლის პერიოდზე მინდა გკითხოთ. როგორი იყო სკოლა, სკოლის მეგობრები და პედაგოგები?
_ სკოლის პერიოდი, როგორც ყველა ადამიანებისთვის განუმეორებელია და არც მე წარმოვადგენ გამონაკლისს, მითუმეტეს, როცა საუკეთესო პედაგოგებთან და საუკეთესო კლასელებთან მქონდა ურთიერთობა.
_ სკოლის შემდეგ, არჩევანი გააკეთეთ სამედიცინო ფაკულტეტზე, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რომელ უნივერსიტეტში მიიღეთ განათლება?
_ ჩემს პროფესიაზე ბევრი არ მიფიქრია, ვინაიდან დავიბადე დე გავიზარდე ექიმების, იოსებ ჩიჩუას და მანონი ჯიჯიეშვილის ოჯახში და, რა თქმა უნდა, ამ ფაქტორმა განსაზღვრა შემდგომში ჩემი პროფესიული არჩევანი.
_ ამჟამად რას საქმიანობთ, სად მუშაობთ? ჯანდაცვის სისტემაზეც მინდა გკითხოთ, რა ხარვეზებს აწყდებით სისტემაში და აქვს თუ არა სახელმწიფოს თქვენზე მორგებული პირობები?
_ ჩემი სამუშაო ადგილი გახლავთ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრი და ამ ცენტრის უფროსის მოადგილე გახლავართ. პრაქტიკულად სასწავლო ცენტრის გახსნის დღიდან ვარ სასწავლო ცენტრის თანამშრომელი და ის პროგრესი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ცენტრში განხორციელდა, მართლაც რომ, სამაგალითოა.
_ როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?
_ ჩემი სამუშაო დღე იწყება ჩემი შვილების სკოლაში და ბაღში დატოვებით და შემდგომ გრძელდება სასწავლო ცენტრში, სადაც საუკეთესო გუნდთან ერთად მიწევს ჩართულობა სხვადასხვა ტიპის ტრენინგების სასწავლო პროცესში.
_ რა გავლენა იქონია კოვიდ 19-ის ეპიდემიამ თქვენს საქმიანობაზე? როგორი იყო და რა სამუშაო პირობები გქონდათ პანდემიისას?
_ რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი წესები შესთავაზა მსოფლიოს და არც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოგვიწია ტრენინგების შეჩერება.
_ ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? თქვენ ხართ ყველასათვის საყვარელი ექიმის, იოსებ ჩიჩუას შვილი, როგორ გაიხსენებდით მამას?
_ მყავს მეუღლე, მედეა მარჯანიძე და შვილები ნიკოლოზი და ელენე ჩიჩუები, რაც შეეხება მამაჩემს, იოსებ ჩიჩუას, ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და იქნება, როგორც ექიმი და როგორც ადამიანი, რომელმაც უანგაროდ ემსახურა თავის რაიონს. ცოტა შეიძლება ხმამაღლა ჟღერს ეს გამონათქვამი, მაგრამ ამის თქმის საფუძველს მაძლევენ ის ადამიანები, რომლებიც დიდი სიყვარულით იხსენებენ მამაჩემს დღესაც ჩემს რაიონში.
_ სამომავლო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ. რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვინც მედიცინის სფეროში აპირებს დამკვიდრებას..
_ რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებულ სიახლეებს, ალბათ არ ვგეგმავ არაფერს. რაც შეეხება მომავალ კოლეგებს, მე მინდა მათ ვუსურვო ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე.
გიორგი ჩიჩუა: იოსებ ჩიჩუა ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და იქნება, როგორც ექიმი და როგორც ადამიანი…

მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 750