ჩვენს თაობაში და დღევანდელი ასაკის შესაბამის თაობას შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც იტყვიან, ცა და დედამიწა. შეიძლება იმიტომ, რომ არ გვქონდა ამდენი საინფორმაციო საშუალება. ჩვენი მაშინდელი ,,სამშობლო, სხვა ქვეყნებისგან რკინის ფარდით იყო გამოყოფილი; ტელევიზორი, ისიც შავ-თეთრი, მხოლოდ ორ არხს აჩვენებდა _ თბილისს და მოსკოვს, ხელით იყო გადასართავი.
იმ დროს როცა იგონებენ ხშირად იტყვიან, არ გვეგონა მასწავლებელი სახლში ჩვეულებრივ საშინაო ტანსაცმელს თუ იცვამდა, საქმეს აკეთებდა და საჭმელს ჭამდაო. მე მთლად ასე არ ვიყავი, ვხედავდი ჩემი მშობლები სკოლის შემდეგ როგორ შრომობდნენ. არ ვიცი, ასეთი დისტანცია სწორი იყო თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ იყო დიდი პატივისცემა, მოკრძალება, რიდი უფროსების მიმართ. თუ სკოლის ჭიშკარში ჩავდიოდით და მასწავლებელს დავინახავდით, თუნდაც შორს, დაველოდებოდით და მას წინ გავატარებდით.
ახლა ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ყველასათვის საყვარელი მარიამ მასწავლებლისგან ვიცი. ჩვენი უბნელი სამი მოსწავლე ვაჟები, თურმე ველოსიპედებით სუფსის ხიდამდე ჩადიოდნენ, ეს გაიგო მარიამ მასწავლებელმა და ისინი დაიბარა. უთხრა, რომ ვიცი ველოსიპედებით სუფსის ხიდამდე ჩადიხართო. გაუკვირდათ, არსად შეგვხვედრია და როგორ გაიგოო, თუმცა შეკითხვა მაინც გაბედეს, თქვენ როგორ გაიგეთო. ბავშვებო, მე ისეთი სარკე მაქვს, რომ ჩავიხედავ ჩანს ჩემი მოსწავლეები რას აკეთებენ, არ ვიცი ამის შემდეგ კიდევ გაბედავენ თუ არა, ასე შორს გასეირნებას, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ვერცერთ მოსწავლეს ვერ დააჯერებ ასეთი სარკის არსებობას.
პ.ს. 10 ოქტომბერს მარიამ მასწავლებლის (ჩხაიძის) დაბადების დღე იყო, მაშინ შესაძლებლობა არ მქონდა რაიმე დამეწერა, მინდა მოვიგონოთ ეს ძვირფასი ქალბატონი.
,,ბავშვებო, მე ისეთი სარკე მაქვს, რომ ჩავიხედავ, ჩანს ჩემი მოსწავლეები რას კეთებენ”...
მარინა ჩხაიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 411