ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გადაწყვიტა უკრაინაში ბრძოლა გრიგოლეთელმა ბიჭმა, რა საერთო პრინციპი აქვს ქართველს უკრაინელთან და რა გეგმები აქვს საქართველოში დაბრუნების შემდეგ

რატომ გადაწყვიტა უკრაინაში ბრძოლა გრიგოლეთელმა ბიჭმა, რა საერთო პრინციპი აქვს ქართველს უკრაინელთან და რა  გეგმები აქვს  საქართველოში დაბრუნების შემდეგ
26-10-2022, 10:52

,,ჰო და არას” სტუმარია უკრაინაში მებრძოლი გურული ბიჭი თორნიკე გოგუაძე.
_ მოგესალმები თორნიკე, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდით ინტერვიუზე, აქამდე ვინც ჩამიწერია ყველა განსხვავებული რესპონდენტი იყო, მაგრამ თქვენთან ინტერვიუ ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია ჩემთვის, რადგან უკვე თვეებია იბრძვით უკრაინაში. წინასწარ ვიცი, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი ექნება გაზეთის ამ ნომერს მითუმეტეს გურიაში, რადგან გურული ხარ, პირველი კითხვაც მექნება ასეთი, მოგვიყევი ბავშვობაზე, სკოლის პერიოდზე.
_ მოგესალმებით, მივესალმები გაზეთის ერთგულ მკითხველს! მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით უკრაინაში მებრძოლი ქართველის ამბით. დავიბადე და გავიზარდე ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში. რამდენიმე წელი ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, ხოლო დამთავრებით ურეკში დავამთავრე. ერთი შეხედვით ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მეგობრებთან ერთად უამრავ საბავშვო თავგადასავალში ვმონაწილეობდი. ძალიან მიყვარდა კითხვა. თითოეულ თავისუფალ წუთს კითხვას ვუთმობდი. ერთდროულად ოთხ ხუთ ავტორს ვკითხულობდი ხოლმე. ერთით რომ დავიღლებოდი, მეორეზე გადავერთვებოდი და ხანდახან ვერ ვგრძნობდი, ისე თენდებოდა. მერე კი სკოლაში მთელი საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში გაბრუებული ვიყავი, რადგან ძალიან მეძინებოდა ხოლმე 
_ სტუდენტობას როგორ გაიხსენებდი?
_ ილიას უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკის მეცნიერებებს ვსწავლობდი. ძალიან მომწონდა ეს მიმართულება, მაგრამ თბილისში ცხოვრება გამიჭირდა. ქალაქის ხმაურს და ტემპს სოფელში გაზრდილი ბიჭი ვერ ვეგუებოდი. ასევე სამსახურსა და სწავლას ერთმანეთს ვერ ვუთავსებდი, ამიტომ ნელ ნელა ლექციებს მოვწყდი და როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა ხოლმე, ბიბლიოთეკაში მივდიოდი, რომ მშვიდად წამეკითხა ჩემთვის საინტერესო ლიტერატურა. დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ თავს ვიტყუებდი. ორივეს ერთად ვერ მოვახერხებდი და სახლში დავბრუნდი. მცირედი დანაზოგით შერეული ტიპის მეურნეობა გავაკეთე და ბოლომდე მოვირგე ფერმერის როლი, თუმცა ერთ წელში გავაცნობიერე, რომ არ იყო ჩემი საქმე. ყველაფერი, რაც ფერმერობასთან მაკავშირებდა გავყიდე და ისევ თბილისს დავუბრუნდი, სადაც რამდენიმე კომერციულ პროექტში მივიღე მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო პროცესს მოვწყდი სწავლა არასდროს შემიწყვეტია. ყოველდღე ინტერნეტის და ხმარებით ჩემთვის საინტერესო უამრავ ინფორმაციას ვეცნობი და აქაც კი, უკრაინაში სამხედრო ჩანთით დავატარებ წიგნებს.
_ როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგეტოვებინა ქვეყანა და გებრძოლა უკრაინის გასამარჯვებლად?
_  როცა ომი დაიწყო, ადგილს ვერ ვპოულობდი. 27 თებერვალს უკვე მოხალისედ ჩავეწერე. ეს ომი ჩემთვის არ იყო მარტო უკრაინის დახმარება იქ საქართველოს ბედიც წყდებოდა, რადგან კარგად ვიაზრებდი, რომ თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენდა, ჩვენი ჯერიც დადგებოდა. ასევე ძალიან მეცოდებოდა უკრაინელი ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები და ქალები. ამ ფაქტორებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ომში ჩართვა. უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაცაა, ეს ქვეყანა ისტორიულადაც ჩვენი მეგობარია აფხაზეთში რუსეთ საქართველოს ომში 300-მდე ,,უნო უნსოს" უკრაინელი მოხალისე მეომარი იბრძოდა ჩვენს მხარეს. ბევრი მათგანიც გმირულად დაიღუპა. ასევე გვახსოვს 2008 წელს მხარდაჭერა მათგან. და რომც არ ყოფილიყო ასე, ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია პრინციპით, ჩვენ ორივე ხალხი ერთი საქმისთვის ვიბრძვით და მხარში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს. 
_ წასვლის შესახებ როცა განაცხადე, რა რეაქცია ჰქონდათ შენი ოჯახის წევრებს, ამავდროულად ოჯახზეც რომ გვესაუბრო, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
_ წასვლის შესახებ მაშინ განვაცხადე, როცა გასამგზავრებლად უკვე ყველაფერი მქონდა მომზადებული. დედამ და ჩემმა დამ ძალიან განიცადეს ეს ამბავი, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადგან იცოდნენ ჩემი ხასიათი და ისიც, რომ ჩემი გადაწყვეტილება მორალურად სწორი იყო. მამა მაშინ გარდამეცვალა, როცა 14 წლის ვიყავი, მაგრამ ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ერთად წავიდოდით საომრად. დედა და ჩემი და ბოლო 2-3 წელია ემიგრანტები არიან. როცა აქედან წავალ, პირველ რიგში რომში გავემგზავრები, რათა ისინი ვინახულო. ეს ორი ადამიანი ყველაზე ძვირფასია ჩემთვის იმათგან, ვინც კი მყავს ამ ცხოვრებაში.
_ რა მდგომარეობაა ახლა, სადაც იმყოფებით? როგორია თქვენი ერთი დღე ომში?
_ ბოლო ერთი კვირაა კიევში ვარ. მანამდე დონეცკის ოლქში, კერძოდ კი ქალაქ ბახმუტის დაცვაზე ვიყავი. იქ ძალიან რთული მდგომარეობაა. ყველა მიმართულებით წინ მიიწევს ჩვენი არმია, მაგრამ ბახმუტის მიმართულებაზე რუსები ძალიან მყარად დგანან. ბრძოლები თანაბარი უპირატესობით გრძელდება. მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ იქ ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის ე.წ. ელიტა ,,ვაგნერელები" იბრძვიან. თუმცა ეს დროებითია. პოზიციებს დიდი მსხვერპლის ფასად ინარჩუნებენ და შეუძლებელია ასე დიდხანს გაძლონ. 
როცა ფრონტზე ხარ შენი გადარჩენის შანსი ყოველთვის 50-50-ზეა არასდროს არ იცი საიდან მოფრინდება ჭურვი, ან საიდან მოფრინდება ავიაცია. თუ შენი კოორდინატები ამოიცნეს, ისე და იმდენი ხანი დაგბომბავენ, რომ შეიძლება ადამიანი ვისაც ძლიერი ფსიქიკა არ აქვს ჭკუიდან შეირყეს. ისვრიან ყველაფრიდან რაც გააჩნიათ ისვრიან პატარა ჭურვებიდან დაწყებული ორ ტონიანი ბომბებით დასრულებული ყველაფერს. ერთი სიტყვით ჯარისკაცის ცხოვრება რთულია, მაგრამ თუ მზად ხარ გაუსაძლისი ნამდვილად არა. მთავარია სულიერად არ გატყდე. დანარჩენი მოგვარებადია. 
_ ახლახან ფეისბუქზე შექმენით ჯგუფი, სადაც იჩენთ თქვენს მოქალაქობრივ პასუხისმგებლობას, მანდედანაც კი ზრუნავ სამშობლოზე, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, აპირებთ ამ მხრივ აქტივობებს? 
_ დიახ, ეს ჯგუფი შევქმენი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლოდ შემოდინების საწინააღმდეგოდ. და ასევე რუსებისთვის მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით. ჩვენი სავიზო პოლიტიკა საერთოდ ვერ პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს. ცხადია ვაპირებ აქტიურობას და ბევრი კარგი აქტივობის დაგეგმვას. ნოემბრის დასაწყისში სწორედ ამიტომ ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში. მე არ შემიძლია ორ ფრონტზე ბრძოლა. უკრაინას უკვე აღარ უჭირს. ისინი ომს მოიგებენ. აი, საქართველო კი შავ დღეშია და მას სასწრაფოდ სჭირდება შველა. 
ჩემმა დაფუძნებულმა მოძრაობა ,,სამოქალაქო წინააღმდეგობამ" 7 ოქტომბერს პარლამენტის წინ აქცია ჩაატარა. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ სანამ ჯერ კიდევ არის დრო, გონზე მოსულიყვნენ, მაგრამ მათგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. არც კი გადახედეს თავიანთ სავიზო პოლიტიკას. ჩვენ კი ამ ფაქტს ასე ნამდვილად არ დავტოვებთ. არაერთ მედიაში გავაჟღერე და აქაც გავიმეორებ, რომ ჩემი სუბიექტური აზრით ხელისუფლება რუსეთის მარიონეტია ან ღიად პრორუსული. ამას დრო გამოაჩენს და სწორედ ამიტომაც, არ იღებენ ქვეყნის აშკარა რუსიფიკაციის წინააღმდეგ კონტრ ზომებს. 
_ და ბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები, საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
_ საქართველოში ერთი მიზნით ვბრუნდები, რომ ჩემს გუნდთან ერთად ქვეყანას დავეხმარო ამ ჭაობიდან, ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევაში. მაქვს მკაფიო გეგმები და ნათელი მიზნები. და ამ მიზნების მისაღწევად არ მოვერიდები არანაირ გამწვავებას. რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ ჩარჩოში.

            ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 165
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა