ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,წარმატების საზომი - ჩემთვის გაწეული შრომა და დახარჯული ძალისხმევაა“

,,წარმატების საზომი - ჩემთვის გაწეული შრომა და დახარჯული ძალისხმევაა“
10-10-2022, 16:04

,,ჰო და არას“ სტუმარია წარმატებული ახალგაზრდა მერაბ დობორჯგინიძე
_ მოგესალმებით მერაბ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გაეცანით ჩვენს მკითხველს. ვინ არის მერაბ დობორჯგინიძე, რა გაკავშირებთ ლანჩხუთთან, გაიხსენეთ ლანჩხუთში გატარებული წლები, სკოლის პერიოდი.
_ გამარჯობა, ჩემი სახელია მერაბ დობორჯგინიძე, ვარ 24 წლის. დავიბადე ლანჩხუთის სოფელ ლესაში. აქვე დავამთავრე ლესის საჯარო სკოლა, რომელმაც ჩემს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც ცოდნის, ასევე ღირებულებების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, საცხოვრებლად თბილისში გადავედი.
_ სტუდენტობის პერიოდი როგორ გახსენდებათ, ვინ ხართ პროფესიით? როგორც გავიგე იტალიაშიც სწავლობდით. როგორი იყო ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი და რა სირთულეებს შეხვდით?
_ სტუდენტობა ძალიან კარგად მახსენდება. დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები. შესაბამისად, პროფესიით იურისტი ვარ. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, მესინას უნივერსიტეტში. რაც შეეხება იტალიაში ცხოვრების გამოცდილებას, ნამდვილად იყო ძალიან საინტერესო, ბევრი კარგი თავგადასავლითა და ცოტაოდენი სირთულეებითაც სავსე. იტალიელები მხიარული, ემოციური და სტუმ-ართმოყვარე ხალხია. ზოგადად, ძალიან ბევრი თვისებით გვგვანან. სირთულეებში იტალიური ცხოვრების გრაფიკსა და რიტმს გამოვყოფდი, განსხვავებულ სასწავლო და სამუშაო გრაფიკს, (შუადღეს, დაახლოებით 13:00 - 16:00 საათამდე ყველა ისვენებს, შესაბამისად, მაღაზიები, კაფეები და პიცერიების აბსოლუტური უმრავლესობა იკეტება). თავდაპირველად, ამ გრაფიკთან შეჩვევა ცოტათი გამიჭირდა და რამდენჯერმე უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდი. დაბრკოლება იყო ასევე კოვიდ პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იტალიაში ყოფნის დროს ძირითადი საფრთხე ჩავლილი იყო, რამდენჯერმე რეგიონის ,,ჩაკეტვის” წინაშეც აღმოვჩნდით, თუმცა ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. 
_ მუშაობთ თქვენი პროფესიით? რამდენად დატვირთული ხართ და როგორია თქვენი სამუშაო დღის რეჟიმი?
_ დიახ, ამჟამად ვმუშაობ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებათა დაცვის დეპარტამენტში. ჩემი სამუშაო დილის 9 საათიდან იწყება და ძირითადად, 18:00 სრულდება. ზოგჯერ, მოქალაქეთა მაღალი მომართვიანობის გამო დამატებითაც გვიწევს მუშაობა. 
_ რა გზა გამოიარეთ დასახული მიზნის მისაღწევად?
_  დასახული მიზანი ბევრი იყო და არის, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებთ - სჭირდებათ ძალიან ბევრი შრომა და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. 
_ რა არის წარმატება და წარმატების საზომი თქვენთვის?
_ წარმატების განმარტება ალბათ გამიჭირდება, ძალიან სუბიექტური ვიქნები. თუმცა, საკუთარი მიღწევები თუკი თავად შენ და შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ბედნიერებას განიჭებთ - ალბათ, წარმატებული ხარ. წარმატების საზომი - ჩემთვის გაწეული შრომა და დახარჯული ძალისხმევაა. 
_  ოჯახზეც რომ მოგვიყვეთ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
_ რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და მუდმივად სჯეროდათ ჩემი. დედაჩემი ინგა პატარაია და მამაჩემი ბიძინა დობორჯგინიძე. ასევე მყავს ორი და - ირმა და ზიტა დობორჯგინიძეები. რაც შეეხება, ბებია-ბაბუას, სამწუხაროდ, ამჟამად, ცოცხალი მხოლოდ ბებია მყავს - ლეილა პატარაია. 
_  როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ სამომავლო გეგმებზე კონკრეტულად მიჭირს საუბარი, თუმცა ის ჯერჯერობით სწავლის გაგრძელებასა და კარიერას უკავშირდება, თუმცა სად და როგორ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიმიღია. 
_ და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით აბიტურიენტებს?
_გჯეროდეთ საკუთარი თავის!

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 755
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა