_ მადლობა, რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე. ია, მოგვიყევით ბავშვობაზე, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, სკოლის პერიოდიდან რა გახსენდებათ ყველაზე კარგად?
_ მოგესალმებით, დავიბადე და გავიზარდე სუფსაში. იყო პერიოდი, როდესაც ძირითადად თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ არდადეგებს სულ ვატარებდი ჩემს უსაყვარლეს ახალსოფელში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ძირეულად დავუბრუნდი ჩემს სოფელს და უკვე 10 წელია აქ ვცხოვრობ. სკოლის პერიოდიდან ყველაზე კარგად მახსენდება ჩემი პირველი მასწავლებელი, რუსიკო მურვანიძე, რომელიც დღესაც სუფსის საჯარო სკოლის გამორჩეული პედაგოგია, რუსიკო მასწავლებელი არის საოცრად სათნო, თბილი, მოსიყვარულე, უზომოდ ზრდილობიანი და განათლებული ადამიანი. ძალიან მიყვარდა მასთან საუბარი, დედაშვილური დარიგებები, მისი ახსნილი გაკვეთლი დღესაც მახსოვს და მინდა ამ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს, იყოს ჯანმრთელად და შეძლოს კიდევ ბევრი თაობის აღზრდა.
_ ია, პროფესიით ვინ ხართ? სად სწავლობდით?
_ პროფესიით ვარ იურისტი, სწავლის პირველივე კურსიდან აქტიურად ვარ ჩართული იურიდიულ სფეროში, თავდაპირველად ვიყავი ,,თბილისელების" ადვოკატი და უფასო იურიდიულ დახმარებას ვუწევდი საზოგადოებას, შემდეგ იყო ადვოკატთა ასოციაცია, თბილისის სააპელაციო სასამართლო, სახალხო დამცველის აპარატი და ახლა უკვე 8 წელზე მეტია ადგილობრივ თვითმმართველობაში ვარ დასაქმებული. ბაკალავრი დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვარ სამართალმცოდნე, ასევე გახლავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი და დღესდღეობით ვსწავლობ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაზე საჯარო სამართლის მიმართულებით.
_ ოჯახზე მოგვიყევით, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? როგორ გაიცანით მეუღლე, და როგორი იყო პერიოდი, სანამ დაოჯახდებოდით?
_ ძალიან მიყვარს ოჯახზე საუბარი. ჩემი მეუღლე არის გურამ ბოლქვაძე, ერთმანეთი გავიცანით საკრებულოში და უკვე 5 წელია დაოჯახებული ვართ. ის არის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და საყვარელი ადამიანი, მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, თბილი და ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. გვყავს ერთი შვილი, დაჩი ბოლქვაძე, რომელიც მალე 3 წლის გახდება და გვაგიჟებს მისი ქცევებით, აზროვნებით. ყველა დედისთვის განსაკუთრებულად საყვარელია შვილი, მისი ყველა საქციელი ჩვენთვის სამაგალითოა, ამიტომ ბევრ ქებას არ დავიწყებ.
_ ია, თქვენ ხართ სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი, მოსახლეობამ არჩევანი სწორედ თქვენზე გააკეთა, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
_ ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. ზოგადად ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც ყოველთვის მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა, ძალიან მიყვარს მათი მოსმენა. ვცდილობ ყველა ადამიანს ყურადღება მივაქციო, თუ ადამიანი ჩემამდე არ მოდის და ვიცი რომ პრობლემა აქვს მე თავად ვპოულობ და მივდივარ, თუ რამეში შემიძლია მაქსიმალურად ყველა მოსახლეს მინდა ყურადღება მივაქციო. გარდა ამისა, სუფსას მალე ძალიან ლამაზი ინფრასტრუქტურული პროექტები დაამშვენებს. ვმუშაობთ ქართული ოცნების გუნდი, რომ უფრო გაცოცხლდეს, გალამაზდეს სოფელი, ვზრუნავთ დასაქმებაზე, სოციალურ განვითარებაზე. რით შემიძლია გამოცხადებული ნდობისთვის სუფსას მადლობა გადავუხადო? რა თქმა უნდა, ყურადღებით და საქმით. ამიტომ, ჩემი უფლებამოსილების ვადა სრულად უნდა გამოვიყენო, მერის ალექსანდრე სარიშვილის და ქართული ოცნების გვერდით დგომით ბევრი სასიკეთო საქმე უნდა გავაკეთოთ სუფსაში.
_ ყველაზე განსაკუთრებული ერთი დღე მინდა გაიხსენოთ თქვენი ცხოვრებიდან.
_ ყველაზე განსაკუთრებული დღე იყო, როდესაც ჩემი შვილი, დაჩი დაიბადა. ამაზე ამაღელვებელი და ბედნიერი გრძნობა არ არსებობს.
_ გყავთ თუ არა მისაბაძი ადამიანი და რა არის თქვენი აზრით ყველაზე ღირებული ადამიანში?
_ მისაბაძია ჩემთვის ყველა, ვინც სიკეთეს აკეთებს, ვინც არის მართალი და ზრდილობიანი ადამიანი. ჩემთვის ყველაზე ღირებული სწორედ სიმართლეა.
_ და ბოლოს, რას ნიშნავს ლანჩხუთი თქვენთვის?
_ ლანჩხუთი და მისი შემადგენელი ნაწილი სუფსა, ჩემთვის მშობლიური მხარეა, ამიტომ ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს, აქ არის ყველაზე ლამაზი და მოსიყვარულე ხალხი. ჩემთვის ლანჩხუთი არის ყველაზე სუფთა და საყვარელი. მე ხალხის მიმართ აღებული მაქვს ვალდებულება და ჩემი ქართული ოცნების გუნდის მხარდაჭერით, ახალგაზრდული შემართებით და ხედვებით ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლანჩხუთში გაუმჯობესდეს საზოგადოების სოციალური ცხოვრება და იყოს მეტად განვითარებული, იყოს ლამაზი ინფრასტრუქტურული პროექტები და ყველა ოჯახი კმაყოფილი, ბედნიერი. ამიტომ, ჩვენს გუნდს და მერს, ბატონ ალექსანდრეს მინდა წარმატებები ვუსურვო ხალხის საკეთილდღეოდ. ,,ჰო და არას" რედაქციას დიდ მადლობას მოვახსენებ, რომ დაინტერესდა ჩემთან ინტერვიუთი და დიდ წარმატებებს გისურვებთ!
ია მოქია: სუფსა, ჩემთვის მშობლიური მხარეა... აქ არის ყველაზე ლამაზი და მოსიყვარულე ხალხი

ესაუბრა ნინია ბარამიძე
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 139