წელთა სიმრავლემ მაგრძნობინა ცხოვრების გრძელ გზაზე შეხვედრილ კეთილშობილ ადამიანთა გახსენების აუცილებლობა. მაქვს პატარა ლექსი, რომელშიც შემდეგი სიტყვებია: შენ რომ არა, ის რომ არა, გავივლიდი განა ამდენს! დიახ, სწორედ რომ, კეთილშობილი ადამიანების წყალობით ხდებოდა შინაარსიანად დამემთავრებინა თითოეული განვლილი წელი. ამჯერად მოსწავლეობისდროინდელ უკეთილშობილეს ადამიანს გაგაცნობთ. იგი მამაჩემის ტოლი, ქვიანელი იპოლიტე მათითაიშვილი გახლდათ. მეათე კლასში ვიყავი, გასული საუკუნის 52-ე წელი მიდიოდა. ნათლიაჩემის, ვანო თაბაგარის, ოჯახში ვისვენებდი ქობულეთში. მეთერთმეტე კლასი ეს ის პერიოდია, როცა წიგნების კითხვით ვიყავი გართული. მეზობლად ერთი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა, ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა, ერთ დილით ამ კაცმა მკითხა: დათო, ბიძიკო, მთელი ღამე რომ სინათლე გინთია, რას აკეთებო. ვკითხულიობ-მეთქი, მივუგე. _ დილამდე კაცო?! _ მკითხა და ჩემი ვინაობით დაინტერესდა. _ თვალებს გაუფრთხილდი ბიძიკო, ნუ გადაიღლი თავს. ისე, შენი გვარის ხალხი ჩემი სოფლიდანაა, შეიძლება მეზობლებიც ვიყოთ? _ ვუთხარი საიდან ვიყავი. შემდეგ თვითონ მიხვდა ყველაფერს. _ შენ საშას ბიჭი იქნები. კითხვა კარგია, მაგრამ გინდა ჩემთან წამოდი, ცოტას გამუშავებ და კაი ხელფასს მოგცემ, ზღვაც იქვეა, დაისვენე, თვალები დაასვენე. _ რა უნდა ვაკეთო-მეთქი, ვკითხე. _ პასუხი არ გაუცია, ერთი კვირის თავზე სასტუმრო, რომლის მშენებლობას თავად ბატონი იპოლიტე ხელმძღვანელობდა, ციფრებში მქონდა გამოყვანილი: მუშა ხელის რაოდენობა, სამშენებლო მასალები, ტექნიკა. რაც გაუხარდა ჩემს მშველელს. ასე რომ, ორი თვის მუშაობის შემდეგ, რამაც თითქმის მთელი ზაფხული დაიჭირა, დასასვენებლად გაგზავნილი კაცი, ფულიანი დავუბრუნდი ოჯახს. გაუკვირდათ ჩემებს, საიდან, როგორო. ავუხსენი რაშიც იყო საქმე, იპოლიტე პატიოსანი კაცია, მასთან რაკი გერგო მუშაობის დაწყება, ეცადე არ შეარცხვუნოო, იპოლიტის სახელს არ შეჰფერის ღალატი.ჩვენი იპოლიტე ფეხბენდნიერი გამოდგა, როგორც პირველი სამუშაოს მომცემი. მასთან გარდა ზრდილობისა და პატიოსნებისა, ბევრი სხვა რამეც შევისწავლე, კერძოდ, ადამიანებზე აზრის ჩამოყალიბების ხელოვნება. არ მახსოვს მას ვინმე გაელანძღოს ან დაემცირებინოს. კაცს ისე აუწევდა ყურს, ისე მისცემდა დავალებას, ისე დაარიგებდა, თითქოს ეფერებოდა. გულკეთილი, უბორიტო ადამიანი ჭეშმარიტი მალამო იყო ნებისმიერი შეჭირვებულისთვის. იქ, მშენებლობაზეც ათობით კაცი იყო ბატონი იპოლიდეს მადლიერებით რომ იყო ავსილი. აგერ რამდენი დრო გავიდა და გუშინდელივით მახსოვს, როგორ მირჩია გამომუშავებული თანხის სახლში წაღება. ფულის შოვნა დიდი არაფერი უნდაო, მითხრა, მთავარია როგორ გამოიყენებო მას. სახლში დაბრუნებულმა კარგად მოზრდილი თანხა რომ ჩავიტანე, მამაჩემმა არ დამიჯერა, რაიმე ხომ არ გითაღლითიაო, მკითხა და ბატონი იპოლიტესთან წამიყვანა. იპოლიტემ მადლობა გადაუხადა მამაჩემს, წესიერი ბიჭი გაგიზრდიაო. მერე უფროსები რომ დასხდნენ სუფრასთან, მე მათ საუბარს ვუგდებდი ყურს, როგორ მოწონილი სიტყვებით საუბრობდა ბატონი იპოლიტე.
შეიძლებოდა უკეთესი გამომსვლოდა წერილი, მაგრამ ოდნავ ვღელავდი, თანაც უკვე რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ. ისე უბედნიერეს კაცაც მიმაჩნია თავი, რადგან ჩემი შრომითი ნათლობა უკეთესობილესმა და უპატიოსნესმა კაცმა იკისრა. სასიხარულოდ მიმაჩნია, რომ გულკეთილმა და უბოროტო ადამიანმა კეთილშობილი შვილები აღზარდა მეუღლესთან ერთად. ორი ქალიშვილი გათხოვილია თბილისში, ვაჟიშვილი სამსონი, ღირსეული, ნიჭიერი და მშრომელი ადამიანი, ამჟამად მამაპაპისეულ ფუძეზე ცხოვრობს მეუღლესათან ერთად. კეთილ საძირეზე კეთილი ხე იზრდებაო. დიახ ასეა, სწორედ!
დავით ასკურავა
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, მწერალი
იპოლიტე მათითაიშვილი _ მრავალი ღირსებით გამორჩეული კაცი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 193