ეს ფოტო უახლოესი წარსულიდან არის. შეიძლება წარსული არც კი ვუწოდოთ,მაგრამ მაინც ასეა, რადგან ეს ის პერიოდია, რომელსაც დღეს ,,კარგ დროს" ვეძახით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მაშინ სოფელ მამათის კოლმეურნეობის გამგეობაში სხვადასხვა საქმეები ებარათ თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, ბატონი პრომეთეოს შევარდნაძის გუნდი, რადგან ბატონი პრომეთეოსი მაშინ კოლმეურნეობის თავმ ჯდომარე იყო. ამ ადამიანებს ყველას კარგად ვიცნობდი, უფრო სწორად ასე მგონია, სულ ვიცნობდი, რადგან სოფელთან ბავშვობიდანვე ვიყავი დაკავშირებული, მაგრამ ახლა მინდა რამოდენიმე სიტყვა პრომეთეოს შევარდნაძეზე ვთქვა. ის იყო სანიმუშო ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, ამას დიდი მტკიცება არც სჭირდება, რადგან აქაური ხალხის მუყაითობითა და მისი ხელმძღვანელობით სოფელი ყოველთვის და ყველაფერში მიწინავეთა რიგებში მოიხსენიებოდა. იყო სამაგალითო ოჯახის პატრონი და ეტალონი მამა, ეს მე ყველაზე კარგად ვიცი, რადგან მის შვილთან უახლოესი მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ ერთად გავატარეთ ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები და შეძლებისდაგვარად, ჩვენი ურთიერთობა დღესაც გრძელდება, მისი ადამიანობით, შვილებისადმი დამოკიდებულებით რაღაცნაირად მამაჩემს ვამსგავსებდი, მისადმი ყოველთვის დიდი პატივისცემა და რიდი მქონდა. რადგან შესავალში ხელმძღვანელობა ვახსენე, არ შემიძლია არ ვახსენო, რომ სოფელი ყოველთვის იყო განებივრებული ისეთი ხელმძღვანელებით, რომლებიც მხოლოდ ერთი სოფლის კი არა, რესპუბლიკის მართვას შეძლებდნე. მე მხოლოდ მონაყოლით ვიცი, მაგრამ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც ეს კარგად ახსოვთ.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 262



