ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ოთარ კუნჭულია: ,,იაზროვნეთ და თქვენში ღვთის ანგელოზი ჩასახლდება"

ოთარ კუნჭულია: ,,იაზროვნეთ და თქვენში ღვთის ანგელოზი ჩასახლდება"
15-12-2021, 11:51

„ჰო და არას“ სტუმარია უცხო­ეთში მოღვაწე ლანჩხუთელი, წარმა­ტებული ხელოვანი  ოთარ კუნჭუ­ლია.
ვცხოვრობ რუსეთში.  ვარ მოსკოვის დიდი თეატრის  მიწვეული სოლისტი. აგრეთვე, მოსკოვის თეატრ ,,ახალი ოპერის " სოლისტი. ვმონაწილეობ სპექტაკლებში, კონცერტებში... ვმართავ სოლო კონცერტებს.
ვარ ლეგენდარული ანსამბლ ,, ორერას" მიწვეული წევრი,  სადაც ორი ლეგენდა, მუსიკალური ხელმძღვანელი, ბატონი გენო ნადირაშვილი და ბატონი თეიმურაზ დავითაია აგრძელებენ ტრადიციას ...
მყავს ორი შვილი, ილია და დავითი. ორივე დაოჯახებულია.
დავიბადე ოჯახში, სადაც სიყვარული სუფევდა და უთქმელი სულიერება სჭარბობდა. სწავლა და შრომა, შრომა, შრომა... სიმღერა იყო დასვენება, ენერგიის მოკრება და ხვალ ისევ სწავლა და შრომა...
11 წლისა, ზაფხულში - „სახილე“ - ში მივედი და ივლისში მუშად ვიმუშავე. სკოლის დამთავრებამდე ყველა ზაფხულს იგივე მეორდებოდა. როცა სტუდენტი გავხდი, იმავეს ვაკეთებდი.
მუსიკა და სიმღერა ყველაზე საინტერესო გახდა ჩემთვის. პირველი ჰონორარი 16 წლისამ მივიღე. ურთულესი პროფესიაა, განუწყვეტლივ სწავლასა და ზრდას საჭიროებს. თუ არა და უბრალოდ, ხელობად იქცევა... (მუსიკა, პოეზია, ეს კოსმოსია...) ხელობა კი მიწიერი პროფესიაა.
მუდამ ვეტრფოდი და ვეძებდი აკადემიურ მუსიკას. ხალხური კლასიკური, სულიერი მუსიკაა. 
ეგრეთ წოდებული ,,აღმოსავლური, ჩემი კატეგორიულად არაა.
არ ვიცი რა ხდება დღეს, იმ საბჭოთა კავშირში (დღეს რომ ტვინით, ქართველთა 50-90 % იმყოფება.) გარდა ნიჭისა, პატრონი უნდა გყოლოდა და ,,ცოტა~, ყველაფერი უნდა გეკადრა წინსვლისთვის... ალბათ ყველას არ ეხება, მაგრამ 99 % ასე იყო.
მე კი, ალალ ოჯახში აღზრდილი, ღვთიური გზით მოვდივარ, ცოდვილი და უგუნური მონა შემოქმედისა.
ვაზროვნებ, ვგრძნობ, მესმის, ვხედავ ... არ განვიკითხავ, ვუძლებ... ძნელია, ძალიან ძნელი...
ჩემი პროფესიული დონით არ ვარ კმაყოფილი. ალბათ, გიყვარდეს მუსიკა, არაა გარანტი იმისა, რომ მუსიკოსი გახდე. ეს არაა თავმდაბლობა. ეს ჩემი რეალობაა.
დილა ლოცვით იწყება გაღვიძებისთანავე... საუზმე, ახალი ნაწარმოების სწავლა. როცა ვგრძნობ, რომ ორგანიზმი მზადაა, სპორტი იმისთვის, რომ ყველა ორგანო და კუნთი გააქტიურდეს...
რეპეტიცია... სწავლა, შრომა... იმისთვის რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება - იდეალური სიტუაციისა. 
ერთი  ადამიანი ვარ, რომელსაც შემოქმედმა წილად მარგუნა აზროვნება. მაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარი. კლასიკური ოპერა, არია, რომანსი, სიმღერა. უფლის ნებით ხალხური სიმღერა (ეს ერთი პროფესია) საესტრადო (მეორე) საოპერო მომღერალი (მესამე); 
ოცნება?  - ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს მოსახლეობის გამრავლება ღვთიური კანონით.
ქედს ვუხრი ებრაელს, ბუდისტს, ქრისტიანს, მუსულმანს, ათეისტს... ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი არის მოაზროვნე, პატიოსანი, მშრომელი, სახელმწიფოს ერთგული.
 მინდა საქართველოში კონცერტები ჩავატარო, სადაც ადამიანებს მივმართავ თხოვნით, იაზროვნეთ და რწმენა მოვა! ვიმღერო ხალხური, საესტრადო, კლასიკური სიმღერები. დავიწვა როგორც სანთელი. 
გვფარავდეთ მადლი ზეციური სრულიად საქართველოს. მის ჭეშმარიტ  შვილს, ცივილიზებულ კაცობრიობას! 
ლანჩხუთს, ,,ჰოდა არას" მკითხველს მუხლმოდრეკილი ვევედრები, იაზროვნეთ და თქვენში ღვთის ანგელოზი ჩასახლდება, ჭეშმარიტი რწმენით დაჯილდოვდებით. რიტუალს ველური, ცხოველის მსგავსი არსებაც ასრულებს. ილოცებ, ისწავლი, ტიტანურად იშრომებ. მხოლოდ მაშინ აღარ გაგიჭირდება, გამრავლდები... საქართველო გაერთიანდება. განივრცობა ენა ქართული, ზეციური საქართველო გაბრწყინდება. უფალო შეგვიწყალე!

მერაბ ფირცხალაიშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 242
FACEBOOK კომენტარები