აკაკი (კაკო) კალანდარიშვილმა წლები პატიოსნებასა და საქმისადმი ერთგულებაში გაატარა. რომ არა შვილის გარდაცვალებით გამოწვეული სიმწარე, ვერაფერი გატეხდა. კაკო ბიძიას 80 წელი ახლახან შეუსრულდა. ლანჩხუთის კავშირგაბმულობის ყოფილი უფროსი, ყოფილი ნაფიცი მსაჯული ისე მხნედ გამოიყურება, რომ განვლილ ცხოვრებაზე, ტკბილ მოგონებებზე ახალგაზრდული შემართებით გვესაუბრება. _ 1937 წლის 26 აპრილს სოფელ ნიგოითში დავიბადე. ნიგოითის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. დირექტორი დათიკო გოგუაძე, სასწავლო ნაწილის გამგე ვანო ჯაში, რევაზ ლორიას სიმამრი იყო. ქიმიას მადლენა ლეჟავა, მათემატიკას თალიკო ხუხუნაიშვილი მასწავლიდა. ძვირფასი ადამიანები, ძვირფასი პედაგოგები იყვნენ. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, უდიდესი პატივისცემა სუფევდა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის. იგივე შემიძლია ვთქვა მაშინდელ ხელმძღვანელობასა და რიგით თანამშრომელთა ურთიერთობაზე. მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დამთავრებისთანავე საქართველოში ჩამოვედი და ფოთის ტექნიკური კვანძის უფროსად, შემდეგ სამტრედიის მეოთხე ტექნიკურ კვანძში მთავარ ინჟინრად, ბოლოს კი ლანჩხუთის კავშირგაბმულობის უფროსად დავინიშნე, სადაც 15 წელი ვიმუშავე. ჩემთან შემოდიოდა რადიო, ტელეგრაფი, 24 საფოსტო განყოფილება. ავტომატური ტელეფონის სადგური ანუ `ატს~ იდგა მამათში, აცანაში, ლესაში, ჩოჩხათსა და ნიგოითში. მოადგილე იყო ვახტანგ ჩხაიძე, რომელიც საფოსტო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მთავარი ინჟინერი გაბო ებრალიძე ტექნიკურ განყოფილებას მართავდა. გაბო რაიონის კავშირგაბმულობის ტელეფონს, ტელეგრაფის კურირებდა. 4 ინკასატორი გვყავდა. ერთი სუფსის, ორი აკეთი-მამათი-ქვიანის და ერთიც, ქალაქის ზონას ემსახურებოდა. ეს ინკასატორები პენსიას, ხელფასს, გაზეთებს, წერილებს განყოფილებებს გადასცემდა, რომლებიც შემდგომში ანაწილებდნენ. ლანჩხუთში სამი საფოსტო განყოფილება იყო. ერთი რკინიგზის სადგურში იყო განთავსებული, რომელსაც უფროსი და ორი თანამშრომელი ჰყავდა. მეორე ლანჩხუთის საბჭოთა მეურნეობაში და მესამე ლაშისღელის კოლმეურნეობის შენობაში ფუნქციონირებდა. სოფლებშიც გვქონდა საფოსტო განყოფილებები. ყველაზე დიდი იყო სუფსის და მამათის საფოსტო განყოფილება. სააბონენტო სისტემა არსებობდა. 2 ათასი აბონენტი სარგებლობდა ტელეფონით, 5 ათასამდე რადიო მიმღები გვქონდა. გული მწყდება კავშირგაბმულობის სისტემა რომ მოიშალა, ატს-ები განადგურდა. ყველაზე ძვირადღირებული, ახალი სისტემის აპარატურა მოვიტანე, ახალი 6 ათასი სატელეფონო კავშირი უნდა დამედგა და ამ დროს გარკვეული მიზეზების გამო მომიწია სამსახურის დატოვება. სამწუხაროდ, ახალი სისტემის გამოყენება შემდგომ აღარ მომხდარა, მეტიც, გაურკვეველია, სად წავიდა უზარმაზარი ქონება. _ იქნებ გაიხსენოთ ხელმძღვანელი პირები, რომელთა დროსაც მოგიწიათ მუშაობა? _ რაიკომის მდივანი 1975 წელს ოთარ ღლონტი იყო. მის პერიოდში აშენდა ახლანდელი გამგეობის შენობა. მანამდე აღმასრულებელი ხელისუფლება ყოფილი მერიის იმ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც დაიწვა. რაიკომის მდივნები, რომლებთანაც ურთიერთანამშრომლობა მომიწია ოთარ ღლონტი, ოთარ მენაბდე და თამაზ კუნჭულია გახლდათ. ყველაზე მეტად ოთარ მენაბდეს გამოვყოფდი. პასუხისმგებლიანი, დისციპლინირებული, საოცრად კარგი, ადამიანური თვისებებით გამორჩეული კაცი იყო. უყვარდა შრომა და მშრომელი ადამიანის გვერდში დგომა. `გურიას~ სტადიონის მშენებლობაში პირადად იღებდა მონაწილეობას, `ვალინკები~ ეცვა და მუშასავით მუშაობდა. _ `გურიას~ უმაღლეს ლიგაში გადასვლა კარგად გახსოვთ, არა? _ ეს იყო საოცრება. 1987 წელს სტადიონის მთავარი ენერგეტიკოსი ვიყავი. ევგრაფი შევარდნაძის, მაშინდელი `ატეკის~ უფროსის, დიდი დამსახურებით მოხდა ეს. დიდებულ ადამიანებთან მომიხდა ურთიერთობა. ავთანდილ კალანდარიშვილი სოფ-ტექნიკის დირექტორი, გალაქტიონ ბარამიძე _ ავტომომსახურების დირექტორი, ამირან მენაღარიშვილი სარემონტო კანტორის დირექტორი, საკონსერვო ქარხნის ხელმძღვანელი მიხეილ მელუა, კულტურის განყოფილების გამგე ანზორ წილოსანი, თეატრის დირექტორი ვალოდია წულაძე. ვალოდიას ძალიან უყვარდა ხატვა, მიმინოზე ნადირობა. ნიგოითლებთან ერთად: ნიკო წილოსანთან და სარდიონ ებრალიძესთან ერთად ხშირად იღებდა მიმინოების შეჯიბრში მონაწილეობას. ჩოხატაურში ტარდებოდა და მისი, ანუ შეჯიბრის პრეზიდენტი ნოე ჯიქია იყო, რომელიც შესანიშნავი წიგნის ავტორი გახლავთ. თამადებზე აქვს წიგნი გამოცემული და მასში მეც ვარ ნახსენები. _ როგორი თამადა იყავით? _ თამადობა არ მიყვარდა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, სუფრასთან ყოფნა და თამადობაც ხშირად მიწევდა. _ ოჯახზე გვიამბეთ. _ ზაირა ცხვარაძე, ჩემი მეუღლე 40 წელი მუშაობდა კავშირგაბმულობაში. ნონა, ჩემი შვილი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ერთადერთი ბიჭი დამრჩა ზვიადი და შვილიშვილები: ლუკა და კაკი, ჩემი სიცოცხლის მახანგრძლივებელია. კაკი მე-2 კურსის წარჩინებული სტუდენტია. ინსტიტუტმა იტალიაში სასწავლებლად გააგზავნა. ველოდები მის ჩამოსვლას. ცოდნა დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო. სამწუხაროდ, ყველაფერი შეიცვალა და ეს დროის კი არა, ადამიანების ბრალია. ილიას აქვს ასეთი გამონათქვამი: `მგზავრის წერილები~ ხომ გახსოვს, ჰოდა, `ადრიდან ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჯაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის~. დაიშალა ერობაც, ერთსულოვნება, მტრობა გახშირდა. მაგრამ იმედი რჩება, რომ დღეს თუ არა ხვალ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0