21-ე საუკუნეში ეს სირცხვილის ტოლფასია _ ასეთი განცხადება ხშირად გაგვიგონია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე, ისიც ნათელია, რომ ყველა სოფლის გაზიფიცირება ერთდროულად ვერ მოხდება. `თბილისიდან დამირეკა ჩვენი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელიც ხვდებოდა `სოკარის~ წარმომადგენლებს და დამპირდა მიმდინარე წელს ამ პრობლემის მოაგვარებს,~ _ ეს განცხადება `ჰო და არასთან~ საუბარში საკრებულოს ახალი უმრავლესობის თავკაცმა, სოფელ ჩიბათის მკვიდრმა გიორგი ჩხაიძემ 3 მარტს გააკეთა. 7 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის სახელზე სოფელ ლესისა და ჩიბათის მაცხოვრებლებმა წერილი გააგზავნეს, რომელსაც ხელს 57 ადამიანი აწერს. წერილში საუბარია ცენტრალური მაგისტრალის განათებასა და გაზიფიცირებაზე: `ბატონო მინისტრო, ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი და კიდევ მრავალნი, ამ სოფლების მცხოვრებნი მოგახსენებთ, რაც საქართველომ `ნანატრ~ დამოუკიდებლობას მიაღწია და თურმე დავაღწიეთ თავი იმ საშინელ დროს, რასაც ჰქვია სოციალისტური წყობა, კომუნისტები და კომუნიზმი (თუმცა აღვნიშნავთ, რომ მაშინდელი დრო შეუდარებელი იყო ახლანდელთან). მას შემდეგ თქვენც კარგად მოგეხსენებათ ბედკრულ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, რასაც თქვენ, მინისტრები და მთავრობის ლიდერები ვერ ხედავთ, ამიტომ ზემდეტ კომენტარს არ ვაკეთებთ და მოგმართავთ თხოვნით _ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და პირადად თქვენ, განიხილოთ ეს განცხადება და შეამოწმოთ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. 25 წელია ჩვენთან ცენტრალური გზა ჩაბნელებულია. გზა, რომელიც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელია. ამ გზაზე ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ განათებულა თქვენგან ავადსახსენებელი - ილიჩის ნათურა. ჩვენი, მოსახლეობის თხოვნა ჩვენმა მთავრობამ ყურად არ იღო და მეორეც, ჩვენს სოფლებში ისე გაჭირდა საქმე, რომ წელს მოსახლეობის 60%-მა ზამთრის შეშა ვერ მოიმარაგა. ვითხოვთ 2017 წელს გაზიფიცირებას. გაზი ჩვენთან 3 კმ-შია შეჩერებული. ეს არც თუ ისე რთული თხოვნაა ამ სოფლების მოსახლეობისგან. გთხოვთ, თქვენ ბატონებო, გვიშუამდგომლოთ შესაბამის ორგანოებთან და მოხდეს ჩვენს სოფლებში ჩიბათსა და ლესაში გარე განათების მონტაჟი ცენტრალურ გზაზე და გაზიფიცირება.~ წერილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განიხილეს და 20 მარტს ის ენერგეტიკის სამინისტროში გადაამისამართეს, საიდანაც 25 აპრილს მოვიდა პასუხი, რომელსაც ხელს ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით შარიქაძე აწერს: `გაცნობებთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიმდინარე წლის 20 მარტს შემოსულია #01/836 წერილი, რომელსაც ახლავს თქვენი 2017 წლის 7 მარტის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სახელზე გაგზავნილი #1415/01 წერილი, რომელიც ეხება ლანჩხუთის რაიონის სოფლების ჩიბათისა და ლესის ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხებს. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის #75, განკარგულებით `საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ~ აღნიშნული სოფლების გაზიფიცირება ამ ეტაპზე არსებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გათვალისწინებული არ არის. ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ ზემოთ ნახსენები სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორცილეების საკითხი განხილული იქნება მომავალი წლის გაზიფიცირების სამუშაო გეგმის შედგენის დროს~. მოკლედ, სამინისტრომ პასუხად მოიწერა, მომავალ წელს განვიხილავთო. ლანჩხუთიდან გაგზავნილი წერილის ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი. `განვიხილავთ არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყდება დადებითად. ანუ შესაძლოა 2018 წელსაც დავრჩეთ ბუნებრივი აირის გარეშე. რაც შეეხება ჩვენს მიერ მოთხოვნილ მეორე საქმეს, რომელიც ცენტრალური მაგისტრალზე გარე განათების მოწყობას ითვალისწინებდა უპასუხოდ დატოვეს,~ _ ამბობენ წერილის ავტორები. ისინი იმ ფაქტზეც მიუთითებენ, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროდან გამოგზავნილ წერილს დამატებითი დანართის სახით მოჰყვა: `იქ არის ჩამონათვალი 3 გვერდად თუ წელს სად არის ბუნებრივი აირის შეყვანა დაგეგმილი. გასაგებია, რომ ჩამონათვალში არის ლანჩხუთის სოფლები, კერძოდ ნიგოითის მხარე, მაგრამ ერთი გვაინტერესებს _ ადიგენში ან ახმეტაში რომელ სოფელში შეყავთ გაზი ეს ჩვენთვის რა საინტერესოა?! უფრო ჩვენს ნერვებზე თამაშობენ თუ რა ხდება?!~ როგორც `ჰო და არას~ განუცხადეს, მათ კიდევ ერთი წერილი ჰქონდათ გამზადებული, ამჯერად ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის სახელზე მაგრამ რადგან პასუხი ჩამოვიდა, მის გაგზავნას უკვე აზრი არ აქვს.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0