ინტერვიუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბესიკ ტაბიძესთან.
- „ჰო და არა“-ს მკითხველი ინტერესით აკვირდება ახალი მოწვევის საკრებულოს ფუნქციონირების ძალაში შესვლას. სიახლე რა გვაქვთ?
- წინა საკრებულოსგან განსხვავებით, მაშინ ერთი მოადგილე ჰყავდა საკრებულოს თავმჯდომარეს, ახლა სამი ჰყავს. წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით არის განსხვავება ისიც, რომ ფრაქციას ჰყავდა მოადგილე, მაგრამ ახლა ექვსი მოადგილე ჰყავს. დეპუტატები ძირითადად ძველი სახეები არიან, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენც გავაგრძელებთ იმას, რაც პანდემიის დროს შევწყვიტეთ. ყველა სამშაბათს გვქონდა მოქალაქეების მიღება იმ გაჭირვების და პრობლემის გამო, რომელიც მათ აწუხებთ. ამ საკითხებზე ყველა ოთხშაბათს თანამდებობის პირებს შეხვედრა გვქონდა, მომავალშიც ასე გვექნება. ვგეგმავთ კვირის განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ. გეტყვით იმასაც, რომ არ ვარ მიჩვეული ვიჯდე კაბინეტში. უნდა ვიყო მოსახლეობაში. მე ვიყავი ხალხის სამსახურში და გავაგრძელებ ამას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. სამი სოფელი იყო გაერთიანებული, დაემატა და ოთხი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. იმ გამოწვევებზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს დღეს, რა პრობლემებიც იყო და ვერ დასრულდა, მერთან ერთობლივად ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა და გავუმკლავდეთ საქმეს.
- თქვენ მოადგილეებზე ბრძანეთ. საზოგადოებაში არის განსხვავებული აზრი. ბევრს უკვირს რატომ არის ამდენი მოადგილე... თუ ეს დადებითად წაადგება მენეჯმენტს და რაიონის კეთილდღეობას კიდევ ჰო... როგორ განუმარტავდით მკითხველს ამის შესახებ?
- კი ბატონო, გეტყვით. პირველი მოადგილე არის ემზარ თედორაძე, რომელიც არის მაჟორიტარი დეპუტატი მამათის, აცანის, აკეთის. იგი მაქსიმალურად ცდილობს დაუდგეს მოსახლეობას გვერდით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ვერიკო კვირკველია, რომელიც განათლებით არის იურისტი, ძალიან კარგი პიროვნებაა, დადებითად შემიძლია დავახასიათო. ის ძალიან წაადგება საკრებულოს მომავალ მუშაობაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ გიორგი ჩახვაძე უკვე მეექვსე მოწვევაა მაჟორიტარი დეპუტატია. იყო ჩიბათის დეპუტატი. ახლა დაემატა გვიმბალაური და მაჩხვარეთი. ძალიან მოწესრიგებული და ნიჭიერი ადამიანია. ის კომისიის თავმჯდომარე იყო და ახლა მოადგილეა. აუცილებლად წაადგება ჩვენს მუშაობას სამომავლოდ გიორგის ნიჭი, გამოცდილება და შემართება.
- ბიუჯეტში ხომ არ არის რაიმე ისეთი სიახლე, რომელიც განსაკუთრებით მორგებულია ჩვენი რაიონის მოთხოვნილებას?
- ამ ბიუჯეტზე ატყდა ჭიქაში ქარიშხალი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ოცი დეპუტატი. ოპოზიცია არის შვიდი. ბიუჯეტს მივიღებდით, დავუშვათ, 20 დეკემბერს ან 25 დეკემბერს, მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ 20 და 25 დეკემბერს, როცა ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამაა ჩართული. მინდა გითხრათ, რომ მრავალი წლის განმავლობაში სამმილიონნახევარი იყო ბიუჯეტი და ახლა თოთხმეტ მილიონამდეა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამებია ამაში ჩართული და ამიტომ გადავდგით ეს ნაბიჯიც და შესაძლებელია ის ოცი და ოცდახუთი დღე მნიშვნელოვანი იყოს იმ პროგრამებისთვის, რაც ერთობლივად მივიღეთ საჭიროებიდან გამომდინარე.
- არც იურიდიულად არ აქვს ამ ნაბიჯს არანაირი პრობლემა?
- არაფერი არა აქვს! ახლა გეტყვით ერთ რამეს, რომ ჩვენ სახალხო განხილვებიც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, ყველა ფრაქციამ გაიარა ეს, ყველა კომისიამ განიხილა დეტალურად და მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციას ამაში მონაწილეობა არ მიუღია. ნაციონალურ მოძრაობას ფრაქცია აქვს, შეეძლოთ ხომ განეხილათ, შენიშვნები შემოეტანათ. მოკლედ დეტალურად განვიხილეთ ყველა მუხლი და მთლიანობაში მისაღებია ეს და წაადგება ჩვენი რაიონის მოსახლეობას, ლანჩხუთის კეთილდღეობას.
- ეს გაზრდილი ბიუჯეტი, რა მიმართულებებზეა გადანაწილებული?
- ძირითადად არის სოციალური და ინფრასტრუქტურის კუთრით. მომავალში ეს თანხა კიდევ გაიზრდება.
-საუბარია საჯარო სამსახურში რეორგანიზაციაზე. რას მოიცავს ეს რეორგანიზაცია?
-რეორგანიზაცია აუცილებლად ჩატარდება ყველგან. „აიპებშიც“ და სხვა სამსახურებშიც. უნდა ერთი რამ ვთქვა. მუნიციპალიტეტის მერი არის ახალგაზრდა კაცი, განათლებული და მიზანდასახული. მინდა გითხრათ, რომ სწორად უყურებს ამ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ, დღეს ვერც ლანჩხუთის ბიუჯეტი და ვერც ლანჩხუთი აწევს იმას, რომ ყველა იყოს დასაქმებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში. ვეთანხმები მას და მე მინდა არც ერთი ოჯახი არ დარჩეს მშიერი, მაგრამ ყველას თავისი მოვალეობა უნდა ჰქონდეს დაკისრებული და უნდა აკეთებდეს თავის საქმეს. შენახვით ვერავინ ვერავის ვერ შეინახავს.
-ანუ ეს რეორგანიზაცია გამოიწვევს თანამშრომლების შემცირებას?
-წინასწარ არ მინდა პროგნოზი გავაკეთო, გავუსწრო მოვლენებს. ეს მერიის პრეროგატივაა და აქედან გამომდინარე დაველოდოთ.
- რეორგანიზაცია თუ გულისხმობს ახალი კადრების მიღებას?
- ძირითადში ერთი რაღაც არის. ახალგაზრდებზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი. ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს რაიონში არიან, დაამთავრეს სასწავლებლები, წავიდნენ თბილისში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს, შემდგომ არ გვინდა ჩვენ, რომ დაიკარგოს ეს ხალხი. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ თავისი პროფესიების მიხედვით ჩამივიდნენ ისინი და მიიღონ მშობლიური სოფლის, რაიონის განვითარებაში მონაწილეობა, თავისი წვლილი ჩადონ,და გვექნება თანდათან უკეთესი სოფელი, უკეთესი ქალაქი და უკეთესი ლანჩხუთი.
-თქვენი ოპონენტები ზუსტად მაგას ამბობენ,რომ ისინი ვერ ხედავენ პერსპექტივას და აქედან იმიტომ მიდიან ახალგაზრდები, რომ სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან თანამდებობებზე და ერთი კარუსელი ტრიალებს...
- ერთ რამეს გეტყვით, შეიძლება ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ უბრალო ადამიანები, ჩვენი მაცხოვრებლები რომ ხედავენ ღამით განათებული ქალაქს. აგერ საფეხბურთო აკადემია, სადაც მომავალი თაობა გაიზრდება და ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები არ იყოს ქუჩაში, იყოს სპორტით დაკავებული, ჯანსაღი ცხოვრების წესით იყოს დაკავებული და ვეღარ ჩამოვთვლი ახლა , ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა, კიდევ ბევრს გავაკეთებთ. მე არ ვიძახი, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია, ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ კიდევ ამ ოთხი წლის განმავლობაში მერიასთან ერთად ბევრი რამ გაკეთდება. ჩვენ ყველა დაგროვებულ პრობლემას, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ერთიანი ძალებით ვუმკლავდებით და სამომავლოდაც ასე იქნება. ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი არ მოგვარდება, მაგრამ გვინდა,რომ ნაწილობრივ მოვუხსნათ ჩვენს მოსახლეობას ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს მათ.
- და ბოლოს, შეგიძლიათ თუ რაიმე სათქმელი გაქვთ „ჰო და არა“-ს მკითხველისთვის, მიმართოთ მას.
- მოსახლეობას მინდა ერთი რამ ვუთხრა. ძალიან კარგად ხედავს ხალხი ვინ რით არის დაკავებული! ბესო ტაბიძე, სამი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ყველა ამ სოფლის და ყველა მცხოვრებლის მაჯისცემა ვიცოდი. ახლა უკვე ნინოშვილიც მომემატა. ძალიან კარგად ვიცი რა სჭირდება დღეს ჩვენს მოსახლეობას, ვიცი როგორ დავუდგე გვერდში ჩვენს მოსახლეობას და აქედან გამომდინარე, ვპირდები მას, რომ მაქსიმალურად შევეცდები მერთან და იმ ერთიან გუნდთან ერთად,რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია დღეს საკრებულოში ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთო. აქ ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას. მომავალში, რომ უფრო მოწესრიგებული იყოს, შიდა გზებზე,რომ პრობლემა არ შეიქმნას. ახლა ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება ნიგვზიანში, სუფსაში,და ძალიან ბევრი რამ იგეგმება სასიკეთოდ ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვიდგებით მათ სამსახურში.
ბესიკ ტაბიძე: ვერც ლანჩხუთის ბიუჯეტი და ვერც ლანჩხუთი აწევს იმას, რომ ყველა იყოს დასაქმებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში
მერაბ ფირცხალაიშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 142



