3 დეკემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
27 წევრიანი ახალი საკრებულო ძველი და ახალი სახეებით უკვე შეიკრიბა, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ,,ქართული ოცნება“ 20 მანდატს ფლობს, 4 მანდატი ხვდა წილად ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“; ორი მანდატი აქვს გახარიას პარტიას ,,საქართველოსათვის“; ერთი მანდატი კი პარტია ,,ლელოს’’ ერგო.
სხდომას რეპლიკები და ფრთიანი გამონათქვამები არ მოჰკლებია. მაგალითად: ,,კრება იყო მხიარული’’; ,,ბრეჟნევის ხანაში მგონია თავი“; ,,წერეთელმა დაგვიბარა...“; ,,რა მბავია ამდენი მოადგილე ხელისმოსაკიდი ადგილი აღარ დარჩა“, ,,პრემიერა აწი იქნება...’’ და ა.შ.
ნათქვამია, ხე ნაყოფით იცნობაო და იქნება თუ არა ეს სხდომა ისტორიული, მომავალი გვიჩვენებს. იქამდე, ის შეიძლება დავასკვნათ, რომ დემოკრატიამ ლანჩხუთში ორი თვალით თუ არა, ცალი თვალით მაინც ხომ შამეიჭიტინა, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მმრთველ პარტიას ლანჩხუთის საკრებულოში რიცხოვნულად ,,პარადი“ მიჰყავს, თუმცა ჰყავს მცირერიცხოვანი, მაგრამ აქტიური ოპოზიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქალაქ ბათუმის საკრებულოს აწ გარდაცვლილი ოპოზიციონერი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოებით მოვიდნენ. გარდა ამისა, მათ შემოიტანეს პლაკატი წარწერით: ,,თავისუფლება მიშას!“ ასევე ,,საფინანსო-საბიუჯეტო“ კომისიის თავმჯდომარედ ფრაქციის სახელით დასახელდა ყოფილი გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი გოგუაძე, თუმცა არც არაფერი ყოფილა ამაში გასაკვირი რომ ეს წინადადება არ გავიდა.
დავუბრუნდეთ კვლავ სხდომას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სამი ფრაქცია: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - თავმჯდომარე ია მოქია; მოადილეები: ვლადიმერ ნანაძე, კარლო წილოსანი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, გოგი მორჩილაძე, სპარტაკ კვაჭაძე; მდივანი კარლო კვიტაიშვილი; ფრაქცის- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თავმჯდომარე კახაბერ ასკურავა, მოადგილე გიორგი გოგუაძე, მდივანი ირმა მგელაძე, წევრი გივი ცინცაძე; ფრაქცია „ლანჩხუთი საქართველოსთვის“ - თავმჯდომარე მაკა მშვიდობაძე; მოადგილე გოჩა ჯანაშია, წევრი ჯუმბერ ბლაგიძე.
რაც შეეხება გულისწყრომას, 25 ნოემბრის ბოლო მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ახალი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ეს საკითხი კვლავ გააჟღერა ენმ-ს წევრმა ირმა მგელაძემ: ,,არასოდეს არ ყოფილა ის, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულიყო ნოემბრის თვეში. გასაგებია, ქვეყნის მასშტაბით რაც ხდება და რატომაც ჩქარობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის დამტკიცებას, მაგრამ თქვენ ეს პრობლემა არანაირად არ გედგათ. რატომ იჩქარეთ, რატომ წაგვართვით ჩვენ ის რაღაც ელემენტარული უფლებამოსილება, არ გვეცით პატივი არა მარტო ოპოზიციას, არამედ თქვენს ახალ წევრებსაც, რომლებიც აზრზე არ არიან ახლა რა გაქვთ მიღებული“ - თქვა მან და ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მაშინდელი ქმედება, როგორც უმრვლესობის წევრმა გიორგი ჩახვაძემ უწოდა, დადგმული სპექტაკლი არ იყო, ხოლო ახლა რაც მოხდება, ის არის პრემიერა სპექტაკლის, სადაც ყველას თავისი როლი აქვს და ყველამ იცის რა უნდა თქვას.
ფრააქცია ნაციონალური მოძრააობის სახელით ლნჩხუთის ექსგამგებლმა გიორგი გოგუაძემ განაცხადა, რომ 2022 წლის ბიუჯეტს, რომლის განხილვაში ახალ საკრებულოს მონაწილეობა არ მიუღია, ფრაქციის სხდომაზე ერთი თვის ვადაში განიხილავენ იმ შენიშვნებით, რაც ამ დოკუმენტს აკლია.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. დასახელებულიი იყო ორი კანდიდატი. ,,ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ყოფილი თავკაცი ბესიკ ტაბიძე, ხოლო ფრაქცია ,,ლანჩხუთი საქართველოსათვის“ სახელით ჯუმბერ ბლაგიძე. საბოლოოდ 18 ხმით 3-ის წინააღმდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე მეორედ გახდა. ნაციონალურ მოძრაობას არც ერთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს ემზარ თევდორაძე, ხოლო მეორე და მესამე მოადგილეები ვერიკო კვირკველია და გიორგი ჩახვაძე გახდნენ. სამივე მათგანი პარტია ,,ქართული ოცნების“ წევრია.
რაც შეეხება კომისიებს, ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები გახდნენ: იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია - გიორგი ხელაძე; საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ალექსანდრე მახათაძე; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია - გიორგი იმნაიშვილი; ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია-ზაზა წულაძე; სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - კარლო კვიტაიშვილი;
დასასრულს ერთი რამ კი შეიძლება ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში დაიწყო, რომლის შემფასებელი კვლავაც იქნებიან ჯერ კიდევ არშემდგარი ქვეყნის, ღარიბი რეგიონის და კიდევ უფრო მწირშემოსავლიანი რაიონის მაცხოვრებლები, რომლებიც ახლა მჟუტავი იმედის თვალით შესცქერიან ამ ახალი მოწვევის ადგილობრივ ხელისუფლებას და სულ ოდნავ ერთი ნაბიჯით წინ თუ წავალთ გაკეთებული საქმეებით, არ შეიძლება ეს ჩვენმა ხალხმა არ იგრძნოს.
ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ძველი და ახალი სახეებით
მაია კუკულაძე
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 077



