ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, სადაც აირჩიეს თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიების თავმჯდომარეები. როგორც წესი და რიგია, ახალი საკრებულო ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ხოლო შემდეგ სხდომა უხუცესმა წევრმა ამირან ქანთარიამ წაიყვანა. თავდაპირველად აირჩიეს დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები 3-3 დეპუტატის შემადგენლობით. სამანდატო კომისიაში აირჩიეს ლელა ჩახვაძე პტრიოტთა ალიანსიდან, ციცო ურუშაძე და დავით ჩხარტიშვილი მმართველი პარტიიდან. ხოლო ხმის დამთვლელი კომისიის წევრებად ვერიკო კვირკველია, გიგი გვარჯალაძე და აკაკი იმნაიშვილი აირჩიეს, სამივე ოცნებიდან. ,,ევროპული საქართველო“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდა. ამ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.
უმრავლესობის რამდენიმე წევრმა საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე ბესიკ ტაბიძის კანდიდატურა დაასახელა. სხვა კანდიდატურა არ წამოყენებულა და შესაბამისად კენჭი უყარეს ტაბიძის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა-არაჩევას. სხდომას არ ესწრებოდა აცანის დეპუტატი ემზარ თევდორაძე, ასე რომ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდა სულ 27 დეპუტატი, მათგან 26 ოცნების წარმომადგენელი, ხოლო ერთი პატრიოტთა ალიანსიდან ლელა ჩახვაძე. როდესაც ხმის დამთვლელმა კომისიამ ბიულეტინების დათვლა დაიწყო, ბესიკ ტაბიძეს აღელვება დაეტყო, რადგან შეატყო ხმები ნაწილდებოდა. საბოლოოდ 27 დეპუტატიდან 18-მა ხმა ბესიკ ტაბიძეს მისცა, რვა წინააღმდეგი წავიდა, ხოლო ერთი ბიულეტინი ბათილად სცნეს. ტაბიძე ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. ახლადარჩეულმა თვმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დეპუტატებს ნდობისთვის, ასევე აღნიშნა, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, საქმით დაუმტკიცებს რომ შეცდნენ. რა მოხდა სინამდვილეში? როგორც ამბობენ ილა კეჭაყმაძის მხარდაჭერით დაიმედებულ ტაბიძეს იმედი ჰქონდა, რომ უპრობლემოდ გახდებოდა თვმჯდომარე. უმრავლესობას წინასწარ ჰქონდა გავლილი კონსულტაციები, თუ ვის უნდა მიეცა ხმა და ვის არა. გამომდინარე იქედან, რომ ლელა ჩახვაძის ხმას ვერ ენდობოდნენ, გადაწყვიტეს, რომ 17 დეპუტატს მხარი დაეჭირა ტაბიძისთვის და ამით ცენტრალური ოფისის რისხვა აეცილებინათ თავიდან, მაგრამ ამავდროულად დაენახვებინათ ტაბიძისთვის და კეჭაყმაძისთვის, რომ ისინი ემიჯნებოდნენ ნიგვზიანის დეპუტატის კანდიდატურას. აშკარაა, ამ მოწვევის საკრებულოს უმრავლესობას სხვა დეპუტატი სურდა თვმჯდომარედ, მაგრამ ვერ გაექცნენ უფროსობის მოთხოვნას. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, 27 დეპუტატიდან 26 -მა ვლადიმერ ნანაძე შემოხაზა. ბოლო დღეებში აქტიურად განიხილებოდა მხოლოდ ორი კანდიდატურა თავმჯდომარეობაზე ნანაძე და ტაბიძე. კენჭისყრის შედეგებით უმრავლესობამ ტაბიძეს თითი დაუქნია და უთხრა, ნანაძე ჩვენთვის გაცილებით მისაღები კანდიდატი იყო, მაგრამ პარტიის მოთხოვნებს დავემორჩილეთო. ამით ახალმა უმრავლესობამ ორი რამ თქვა, ერთი ის, რომ ცხვრებივით ვერ მართავს მათ ტაბიძე და მეორე, კომუნისტური წყობა არ გვაქვს და თავისუფალი აზრი გაგვაჩნიაო. ბევრის აზრით, ეს ცუდი პრეცენდენტია და ოცნებამ აჩვენა, რომ ერთი გუნდი არაა. ბესიკ ტაბიძე მთელი დარჩენილი სხდომის მანძილზე ვერ მალავდა თავის უგანწყობილებას და თავს უკმაყოფილოდ აქნევდა.
თავმჯდომარის და მოადგილის არჩევის შემდეგ, კომისიის თავმჯომარებიის არჩვას უყარეს კენჭი. სამანდატო- საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას ვერიკო კვირკველია უხელმძღანელებს. დეპუტატი, რომელიც რეალური კანდიდატი იყო საკრებულოს თავმჯდომარეობის.
საფინანსო- საბიუჯეტო კომმისიას ალექსანდრე მახათაძე უხელმძღვანელებს. დეპუტატი, რომელიც ლანჩხუთის მერის უახლოეს გარემოცვაში შედის.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ელისო ჭიჭინაძე გახდა. ექიმმა დეპუტატმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, გამომდინარე იქედან რომ, ის სამედიცინო სფეროშიც აქტიურად მოღვაწეობს.
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას კვლავინდებურად გიორგი ჩახვაძე უხელმძღვანელებს. გიორგი ჩახვაძეც, მახათაძის მსგავსად ალექსანდრე სარიშვილის უახლოესი მეგობარია.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ გიგი გვარჯალაძე აირჩიეს. როგორც ამბობენ, გვარჯალაძე ამ სფეროში ერკვევა.
სხდომაზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის თაობაზე ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული. საკრებულოს წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარედ ბესიკ კუპრაძე აირჩიეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანამდებობები გარკვეულია.
,,წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია“! ვნახოთ თუ გადალახავს ეს საკრებულო რუბიკონს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი