შალვა რაჟდენის ძე ცინცაძე გამოჩენილი ქართველი მეცნიერი - დაიბადა დაბა ლანჩხუთში 1900 წლის 8(21) ნოემბერს, რაჟდენ და პარასკევა ცინცაძეების ოჯახში. ოჯახი, როგორც იმ დროისთვის იყო დამახასიათებელი, შვილების მრავალრიცხოვნობით გამოირჩეოდა. შალვა მეოთხე შვილი იყო და მას 5 და-ძმა ჰყავდა. ძმები- პართენი, იოსები, გერონტი და დები-ლუდმილა და ვერა. პართენი, სამწუხაროდ მალე გამოეცალა ოჯახს.
მშობლებმა ყველაფერი იღონეს, რათა შვილებს უმაღლესი განათლება მიეღო და ეს იმ დროს, როდესაც გურიაში უმეტესობამ წერა-კითხვაც არ იცოდა. სათანადო კვალიფიკაციის მიღების შემდგომ ისინი ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ თავის პროფესიულ სფეროში.შალვა ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. იგი გადაურჩა აჯანყების შემდგომ რეპრესიებს, მაგრამ პირსისხლიანმა 1937 წელმა იმსხვერპლა და დღეს არავინ იცის, სად არის მისი საფლავი. ჯერ კიდევ სტუდენტობაში, შ. ცინცაძემ თავი გამოიჩინა ნიჭიერებით, მკვლევარისათვის საჭირო თვისებებით, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა პეტრე მელიქიშვილისათვის, რომლის რეკომენდაციითაც ქიმიის კათედრაზე დატოვეს პროფესორის წოდების მისაღებად, ის იყო პეტრე მელიქიშვილის მოწაფე და ეკუთვნის ქართველი ახალგაზრდობის პირველ თაობას,რომელმაც ფეხი აიდგა და სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გარდაცვალებამდე შალვამ უდიდეს წარმატებებს მიაღწია თავის პროფესიაში. მის მიერ რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტულ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებულმა 40-მდე ნაშრომმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანალიზური ქიმიისა და აგროქიმიის განვითარების საქმეში. მის მიერ შექმნილ ,,ცინცაძის რეაქტივს" დღესაც ინტენსიურად იყენებენ მსოფლიოს ანალიზურ პრაქტიკაში, ხოლო ,, ცინცაძის ნარევი" წლების განმავლობაში კულტურული მცენარეების ხელოვნური კვების შეუცვლელ საშუალებას წარმოადგენდა. 1927-30 წლებში იგი მოღვაწეობდა გერმანიის უნივერსიტეტებში, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 1930- 1933 წლებში საფრანგეთში მოღვაწეობის შედეგად მეორედ მოიპოვა დოქტორის ხარისხი, 1933-34 წ-ში მუშაობდა ინგლისში, საიდანაც ოქსფორდის უნივერსიტეტის რეკომენდაციით მიწვეული იქნა აშშ-ში, მერილენდის შტატში. 1936 წელს პროფესორი შალვა ცინცაძე დაინიშნა თსუ ქიმიის ფაკულტეტის დეკანად. ამავე წელს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა, შ. ცინცაძის მიერ შესრულებული კვლევების დიდი მეცნიერული ღირებულების გათვალისწინებით, გამოიტანა დადგენილება დაცვის გარეშე მისთვის ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭების შესახებ.
1937 წლის 15 მაისს ის დააპატიმრეს და იმავე წლის 14 სექტემბერს დახვრიტეს.შალვა ცინცაძეს ჰყავდა მეუღლე მარიამ რაზმაძე(რომელსაც 1938 წელს მიუსაჯეს 8 წლით პატიმრობა და გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში.) და ორი ვაჟიშვილი-იოსები და თეიმურაზი.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
რეპრესიებს შეწირული ლანჩხუთელი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, რომლის საფლავი არავინ იცის სად არის
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 533



