გვიმბალაური ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ლამაზი სოფელია, რომელსაც საინტერესო, საყურადღებო ისტორია და ტრადიციები გააჩნია.
სოფელში ცხოვრობენ იმნაძეების, ხოფერიების მშვიდობაძეების, ზენაიშვილების და ბარამიძეების ოჯახები.
გვიმბალაური იყო ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებების საცხოვრებელი კერა. სოფელი განათქმული იყო წყლის წისქვილებით. გვიმბალაური იყო და ახლაც არის იმ სოფლების ჩამონათვალში, რომლებიც ამაყობენ და პატივს მიაგებენ იმ პიროვნებებს, თავიანთი მოკრძალებული წვლილი რომ შეიტანეს სოფლის შენებასა და ავტორიტეტის მოპოვებაში. ესენი არიან: პორფილე იმნაძე, თენგიზ იმნაძე, ამალია ხუხუა, რევაზ იმნაძე, ლედიჯან იმნაძე, კოლია ხოფერია, გედევან და სოსო ხოფერიები, ლივია იმნაძე, კაკო იმნაძე, თეიმურაზ და ალექსანდრე გუგუნავები, მედია კეკელიძე, ზაზა ზენაიშვილი; თინა იმნაძე, ესე, ირმა, იაშა ბარამიძეები, შალვა ხელაძე, სოსო იმნაძე, ვაჟა ხითარიშვილი, მამია ჩხაიძე და მრავალი სხვა. ისინი სიცოცხლის კელაპმტრად ენდნენ და იწვოდნენ სოფლის საკეთილდღეოდ.
გვეამაყება ჩვენი სოფლის შვილი, პატრიოტი ჯაბულათ ხოფერია, თავის ოჯახთან ერთად.
სოფელში ამჟამადაც ცხოვრობს დამსახურებულიპედაგოგი, შაოსანი დედა, თამარ ასკურავა, საამაყო შვილების აღმზრდელი; დამსახურებული ექიმი ზამირა მშვიდობაძე. გვიმგალაურის ერთ-ერთი საპატიო პიროვნება იყო კუკური ხოფერიას და მადლენა ცინცაძის აღზრდილი შვილი, გია ხოფერია. კუკური ხოფერიასი, რომლის მკერდს გმირის ვარსკვლავი ამშვენებდა. მადლენა ცინცაძე გახლდათ სიმბოლო, მაგალითი ქართველი ქალის სულიერი სიძლიერის, სილამაზის, დარბაისლობის. მათ ორი შვილი აღუზარდეს ქვეყანას.
გია ხოფერია პროფესიით არქიტექტორი გახლდათ. ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტი, ჯერ ქალაქ თბილისში მოღვაწეობდა, შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ რაიონში და აქ გააგრძელა საქმიანობა. ბატონ გიას ცხოვრების დევიზად სიკეთის კეთება ჰქონდა, რომელსაც უნაწილებდა ყველას, ნაცნობს თუ უცნობს. ყველა თაობისთვის მეგობარი, რჩევის მიმცემი იყო, გამორჩეული და საპატივცემულო თანამშრომელი თავისი კოლეგებისათვის. ხშირად ვიყავი მისი სტუმარი სამსახურში თუ ოჯახში. მიწევდა მასთან სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციის გავლა. არ მახსოვს მისგან გულგრილობა და უყურადღებობა. ყოველთვის ვითვალისწინებდი მის რჩევა დარიგებას. მისი ეს თვისებები ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, გასაკვირი არ იყო, რადგან მადლენა ცინცაძის და კუკური ხოფერიას აღზრდილი შვილი სხვანაირი არ შეიძლება ყოფილიყო.
მახსენდება როგორ სიხარულის სხივი ანათებდა მის თვალებში, როცა გაიგებდა, რომ ლანჩხუბში კარგი და საინტერესო პროექტი ხორციელდებოდა. გამოთქვამდა სურვილს სოფელ ორაგვეში დაეპროექტებინა რამდენიმე საოჯახო სასტუმრო. სამწუხაროდ, მისი შესრულება ვეღარ მოასწრო. წავიდა ჩვენგან მარადიული სასუფეველში, დატოვა უკიდეგანო სითბო და სიყვარული, რომელიც ძალიან დიდხანს იქნება საზოგადოების გულებში.
მადლობა გია ყველაფრისთვის! მადლობა იმისთვის, რომ შენ არსებობდი, შენი სახელი მარადიულია, მას ვერაფერი წაშლის, გაახუნებს! სწორედ შენნაირ პიროვნებაზეა ნათქვამი: ,,ქართული სული უკვდავია”.
გოჩა ცინცაძე
გია ხოფერია - ,,ქართული სული უკვდავია“
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 972