პედაგოგის უპირველესი ამოცანა და ამავდროულად მოვალეობაა აღზარდოს წიგნიერი, განათლებული ახალგაზრდობა, რასაც დიდი შრომა და თავდადება სჭირდება. ასეთი პედაგოგები ბევრნი იყვნენ და დღესაც არიან. ისინი ენერგიას, ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ სამშობლოს აღუზარდონ განათლებული მომავალი თაობა.
ბევრი ღვაწლმოსილი პედაგოგი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის: ქსენია გორდელაძე, ეთერი კლდიალაშვილი, ნუნუ აფხაზავა, გივი ხალვაში, მედეა კეკელიძე, დარეჯან ქინქლაძე, ლილი წილოსანი, გიორგი იმნაძე, ნადეჟდა ფირცხალაიშვილი და მრავალი სხვა. ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი გახლდათ მაყვალა გვარჯალაძე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, არაერთი ჯილდოს მფლობელი, მასწავლებელთა მასწავლებელი. მისი შემოსვლა სკოლის ეზოში სინათლის სხივის შემომტანი იყო, მოკრძალებული გარეგნობით და ჩაცმულობით, თავაზიანი ღიმილით და სალმით, ყოველთვის მოწესრიგებული, თავმდაბლობით და ბავშვების მიმართ სიყვარულით გამოირჩეოდა. დღესაც მახსოვს როგორ უჭირდათ მის აღსაზრდელებს ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ მასთან განშორება, როგორ სათუთად ეფერებოდა და აცილებდა ის ბავშვებს მომდევნო კლასში. ბევრ მათგანს თვალებში ცრემლი ქონდა მაყვალა მასწავლებელთან გაშორების გამო.ქალბატონმა მაყვალამ თავის ბედი დაუკავშირა ასევე ღირსეულ და პოეზიის მოყვარულ ადამიანს, კუკური კუკულაძეს. შემდგომ წლებში ისინი ერთად მონაწილეობდნენ განათლების და ქართული ლიტერატურის არაერთ კონკურსში.
ცხოვრებისგან გულნაკლული წავიდა ქალბატონი მაყვალა ამ ქვეყნიდან. ტრაგიკულად დაეღუპა შვილივით აღზრდილი ძმისშვილი, ლადო გვარჯალაძე ახალგაზრდა ასაკში; შემდგომში ძმა, ბორის გვარჯალაძე. მისი ტკივილი მხოლოდ მის გულში იყო, მას არ შეეძლო სხვისთვის დარდის და ტკივილის თავს მოხვევა. ამ თვისებითაც ის იყო გამორჩეული.
ქალბატონმა მაყვალამ ღირსეულად ატარა პედაგოგის სახელი, ღირსეულად ატარა ქართველი ქალის მანდილი. იყო მაგალითი თავაზიანობის, უბრალოების და მეგობრობის კოლეგებთან.
მაყვალა გვარჯალაძეს მივაგოთ მოკრძალებული პატივი, ის იყო პედაგოგი, რომელსაც ნამდვილად ეკუთვნის ეს სიტყვები: ,, მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მაგრამ ათასი შვილის მშობელი“
გოჩა ცინცაძე
მაყვალა გვარჯალაძე, პედაგოგი, რომელსაც ლანჩხუთი არ დაივიწყებს
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 748