ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კაპიტო ებრალიძე - კაცი, რომელსაც ლანჩხუთი ვერ დაივიწყებს

17-06-2025, 10:29

  ჩვენს ქალაქს უამრავი ისტორია და ტრადიცია აქვს. ბევრი ღირსეული და საპატივცემულო ადამიანი აღიზარდა და მოღვაწეობდა ლანჩხუთში. მათი სახელები დღესაც ახსოვს საზოგადოებას და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელის, ზორბეგ ებრალიზის მამა, კაპიტო ებრალიძე, რომლის სახელის ხსნება ყველას სიამოვნებას ანიჭებს და ღიმილს გვრის. 
ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს ლანჩხუთის კინო, რომელსაც კაპიტო ებრალიძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა. კინო განთავსებული იყო ერთსართულიან, დიდ, გრძელ შენობაში. აქ ყოველთვის თბილი გარემო იყო. მახსენდება როგორ თავდადებით ზრუნავდა და უფრთხილდებოდა ყველა ინვენტარს ბატონი კაპიტო. კინოში ცალკე ადგილები იყო გამოყოფილი სტუმრებისთვის. იმართებოდა კინოსიანსები, სხვადასხვა ღონისძიებები, რაც სიცოცხლეს და სიხალისეს მატებდა საზოგადოებას.  ერთ-ერთი ფილმის ჩატარების დროს ერთმა პატარა ტანის ახალგაზრდამ დარბაზში, სადაც ფილმის ჩვენება მიდიოდა, სიგარეტი მოწია. რა თქმა უნდა, ეს ამბავი აცნობეს ბატონ კაპიტოს, რომელიც წარმოსადეგი აღნაგობის პიროვნება გახლდათ. ბატონი კაპიტო იმ წუთშივე შევიდა დარბაზში და ახალგაზრდა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, გარეთ გამოიყვანა შენიშვნის მისაცემად. რა გქვია ბიძია შენ? _ ეკითხება ბატონი კაპიტო დაბალ და სუსტი აღნაგობის ახალგაზრდას. _ მე ტარიელი მქვია. _ უპასუხა ახალგაზრდამ. ბატონ კაპიტოს ჩაეღიმა, არც აცია და არც აცხელა,  პირდაპირ უთხრა ახალგაზრდას. _ სირცხვილია ბიძია, შენ ტარიელი გერქვას, მე კი კაპიტო! _ რასაც კინოში დასაქმებული თანამშრომლების სიცილი მოჰყვა. ასეთი კურიოზები მას მრავლად ჰქონდა. აღზარდა სამი შვილი, იყო მომღერალი, მაშინდელი კულტურის სახთან არსებული მომღერალთა გუნდში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, ასრულებდა სხვადასხვა გმირის როლს. დღესაც ვალოდია წულაძის სახლმუზეუმში ინახება მისი ფოტოსურათები, რომელსაც გულმოდგინეთ უვლის მუზეუმის დირექტორი, მაია ჩხაიძე. იქ მისულ სტუმრებს აცნობს მუზეუმში გამოფენილი ფოტოსურათების ისტორიას, რაც მისასალმებელი და მოსაწონია. ძნელია დავიწყებას მიეცეს ისეთი ადამიანები, ვინც ლანჩხუთის ისტორიას წერდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სფეროში. მათი სახელები უნდა იცოდეს ახალგაზრდა თაობამ. ასეთი ადამიანები ბევრი გყავს, ამჯერად გავიხსენეთ ბატონი კაპიტო ებრალიძე. ვინც ივიწყებს წარსულს, მას მომავალი არ უწერია.  პატივი მივაგოთ ბატონი კაპიტოს სულს, გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება. მან თავისი წვლილი შეიტანა ლანჩხუთის კულტურულ ცხოვრებაში.
                                                                                          გოჩა ცინცაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 270
FACEBOOK კომენტარები