მწუხარე შემოდგომის ნელი ვალსით მოცეკვავე ფოთლებით, ნესტისა და წვიმის უცხო არომატით, ფიქრებწამოსხმული ქარებით... ისევ ძველებურად მომაცილებენ მოგონებები პოეზიის მარშით: ,, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის...~ ისიც გალაკტიონის დღეს დაიბადა (როგორ ეამაყებოდა ეს!). ყველასგან გამორჩეული პედაგოგი გახლდათ, პოეტი - სულითა და ხორცით, ხორცშესხმული იდეალი - საქმით. დარეჯან ქინქლაძე - ქართული სიტყვიერების მასწავლებელი, ,,მაჯასისა შემტყვებარი ქვეყნისა, საზოგადო მოღვაწე და მოამაგე.~ ... და დარჩა მეტრად პროფესიონალიზმისა, მაძიებელი სულისა, დაუცხრომელი ენერგიისა და თავგანწირვისა. დარეჯან ქინქლაძე - ეს სახელი და გვარი აერთიანებს მრავალ თაობას წარსულიდან დღემდე, თავისი ახალგაზრდობიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე და მერეც, განუსაზღვრელი მომავლის გზებისკენ... მან თაობებს უწილადა სიბრძნე, სულის პურად გაატანა უკიდეგანო სიყვარული... ამ სიყვარულით დაღდასმული დადიოდა მიწად, ამ სიყვარულით დაფერფლილი გულით წავიდა ჩვენგან, სულ ახლახან გადავიდა ზეციურ საქართველოში. მას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. 17 ნოემბერი მწუხარე შემოდგომის ჩუმი სუსხითა და პოეზიის მზით შეფერილი მისი დღე იყო. ამ დღეს გალაკტიონისფერი შევარქვი და ყოველთვის მახსოვდა. შარშან, მოლოცვისას, შევპირდი, 90 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ თქვენი მოსწავლეები-მეთქი. სიურპრიზებს ვგეგმავდით... ... დღესაც გულნაღვლიანი შემოდგომის ქარები ქრიან და მისი ზეციური ლანდი ჩამოჰყავთ... ფოთლების მარშზე ცას ნისლიანი ღრუბლები ეცლება და ჩემში ქარვისფერ სინათლედ იჭრება მტკივნეულად ძვირფასი, ცოცხალი სახება... 90 წლის ჩემს მარადიულ მასწავლებელს გალაკტიონისფერ, საუცხოოო დაბადების დღეს ვულოცავ!!!!!! რუსუდან ებრალიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0