სასტუმრო „Tbilisi Marriott“-ში ქართული და რუსული საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსული და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა პირისპირ გამართეს მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, რუსი და ქართველი ბიზნესმენების თხოვნით, ერთდღიანი ღონისძიება მოაწყო. 15 რუსული კომპანია, რომლებიც B2B შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას რამდენიმე ბიზნეს-სექტორს წარმოადგენენ. მათ შორის არის: სამშენებლო სექტორი, სატრანსპორტო სექტორი, სარეკლამო სფერო, საკონსულტაციო დარგი, სარემონტო მასალების წარმოება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია და სხვ. რუსულმა კომპანიებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს შესაბამისი სფეროების ქართულ კომპანიებთან. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შეხვედრებში 40 ქართული კომპანია მონაწილეობდა.ორმხრივი შეხვედრების წინ იურისპრუდენციის, ფინანსებისა და აგროსამრეწველო სფეროებში მომუშავე სამი ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს. „მსგავსი სავაჭრო მისიები წელს უკვე ორჯერ გაიმართა, თუმცა, ქართული და რუსული კომპანიების წარმომადგენელთა ასეთ B2B გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები პირველად მოეწყო. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო რუსი ბიზნესმენებისთვის საინტერესო ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდა ბიზნესზეც აისახება. „იმ ფონზე, როცა რუსეთიდან ტურისტების ნაკადი იზრდება, იზრდება დაინტერესება ბიზნეს-წრეებშიც და, შესაბამისად, ამას მოჰყვა ეს შეხვედრა. რუსი ბიზნესმენების შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან დაგეგმილი არ იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15,4%–ით გაიზარდა და 612,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის ბრუნვა რუსეთთან საქართველოს საგარეო ბრუნვის 6,7%-ს შეადგენს. 2016 წლის დასაწყისიდან რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა და პირველობას უთმობს კანადას, თურქეთსა და ირლანდიას. რუსი ბიზნესმენების თქმით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონა ხელისშემშლელია, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოხერხდება თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან, ამასთან, რეგიონებშიც გეგმავენ ჩასვლას.„რუსეთის ინოვატორული და მაღალტექნოლოგიური კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოსთან საქმიანი კონტაქტების დამყარებით ალტერნატიკული ენერგეტიკის, მედიცინისა და სასოფლო–სამეურნეო დარგებში. განვიხილავთ ბოლო დროს ძალიან პოპულარულ, ეკოლოგიური ტურიზმის შესაძლებლობებს საქართველოში. ვსწავლობთ ვითარებას ლოჯისტიკისა და საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით. ასევე, დაინტერესებული ვართ შავი ზღვის პორტების განვითარებით. ვიზიტის მიმდინარეობისას მრავალი შეხვედრაა დაგეგმილი. უკვე გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომარიური ურთიერთობების არარსებობა ართულებს ბიზნესის წარმოებას. პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების დახმარება გაამარტივებდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა რუსეთის ინოვაციური განვითარების ასოციაციის დირექტორმა მარინა შიჩკინამ.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით შეხვედრებს ესწრებოდნენ გელა ზოიძე, ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი და ლევან კილაძე, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების განყოფილების უფროსი, რომლებიც შეხვდნენ სს „გროსს ბილდინგის“ ხელმძღვანელს. მათი საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას. დაიგეგმა მომავალი ბიზნეს შეხვედრები.გელა ზოიძე: - რუსი ბიზნესმენების საქართველოში სტუმრობა დაიგეგმა ჩეხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზე. შეხვედრის ორგანიზატორი იყო სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ეს არ იყო ფორუმი, მასში არ მონაწილეობდნენ მთავრობის წევრები და ოფიციალური პირები. გაიმართა უშუალო დიალოგი ქართველ და რუს კომერციული წრეების წარმომადგებლებთან, მათ შორის იყვნენ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები: გელა ზავრიშვილი, ჰუმანიტარული, კულტურული და ეკონომიკური საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი წურწუმია, ოლიმპიური მშენებლობის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გიგლა კვაჭახია, ქართული ერთობა - „ივერიის“ სარატოვის საოლქო ორგანიზაციის პრეზიდენტი.შეხვედრებს ჩვენთვის გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ასეთ შეხვედრებს სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რეალური პარტნიორი ინვესტორების მოძიება ამ ფორმატში უფრო მოსახერხებელია, ჩვენ ამ კუთხით მეტი აქტიურობა გვმართებს. ვფიქრობ მომავალში მეტ წარმატებას მივაღწევთ, რაც რეალურ პროექტებში გამოჩნდება. სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, გადამამაუშავებელი წარმოება ექსპორტის ხელშეწყობა - ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელიც საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით უნდა განვითარდეს.
მეწარმეობის განვითარების ცენტრი ქართველი და რუსი კომერციული წრეების წარმომადგებლების დიალოგში მონაწილეობდა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0