ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ღვაწლმოსილი ექთანი ტრაგიკული წარსულით და დიდი სიყვარულით

31-03-2025, 16:19

  ექთანი არის, იყო და იქნება სამედიცინო საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლი. წარმატებულ ექთანს, ისევე, როგორც  სხვა  ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, უპირველეს ყოვლისა ესაჭიროება საკუთარი საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ. 
 

ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი წლები შეალიეს ამ პროფესიას. მათ რიგებშია არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელსაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი იცნობს, თამარ თოხაძე, ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი. იგი თითქმის 50 წელი მედდაა, ამჟამად გახლავთ ქირურგიული განყოფილების ექთანი, ანესთეზიოლოგის დამხმარე, საქმის უბადლო მცოდნე, დაუზარელი და შრომისმოყვარე. ღირსებით სავსე და ზნემაღალი ადამიანი.  ის ჩვენი ქალაქის, ლანჩხუთის, აგარაკის უბნის მკვიდრია. ქალბატონი თამარი ტრაგიკული ისტორიის მქონე ადამიანია. გაიზარდა მამით ობოლი, შემდეგ დაკარგა ერთადერთი ძმა 27 წლის ასაკში,  გაიზარდა ქალბატონი თამარი, ისწავლა და დაოჯახდა, შეეძინა ერთადერთი ულამაზესი ქალიშვილი ხათო, რომელსაც 12 წლის ასაკში დაუდგინეს ლეიკემია. დედამ და მამამ, დავითმა იმ გაუსაძლის დროში შეუძლევბელი შეძლეს  და ბავშვი სამკურნალოდ საფრანგეთში გაგზავნეს, თუმცა ბედუკუღმართობამ აქაც იჩინა თავი და ანგელოზს ვერაფერი უშველეს. პატარას გარდაცვალების შემდეგ თამარმა ორი წლის მანძილზე ვეღარ შეძლო მუშაობა. წარმოიდგინეთ, რა დონის დაფასებული იყო იმ დროს ახალგაზრდა ექთანი ქალი, რომ იმ ორი წლის მანძილზე მისთვის ხელფასი არავის შეუჩერებია.  მიუხედავად მძიმე წარსულისა და ტრაგიკული ცხოვრებისა, თამარი მუდამ კეთილ საქმეებს აკეთებდა. დაუბრუნდა თავის საქმიანობას და ვინ მოთვლის მის დალოცვილ ხელებს პაციენტებთან რამდენი მადლი აქვს გაკეთებული.   ქალბატონი თამარი ამავე დროს გახლავთ დაუზარელი და იდეალური მასპინძელი. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, არავის კარზე მიმდგარა სათხოვნელად. მეუღლის ავადმყოფობამაც ვერ გატეხა  იგი. თუკი  ვინმემ თავისი ნებით მცირე პატივი სცა, ისე ახსოვს და გამოხატავს მადლიერებას, რომ გაოგნებული ვარ ხოლმე. 
 მიუხედავად განვლილი მძიმე გზისა, მაინც იღიმის. საოცარი შეხვედრა იცის. არასდროს დაგტვირთავთ თავისი პრობლემებით ან წარსულით. ძალიან თავშეკავებულია და მორიდებული. თქვენი პრობლემების შესახებ მოისმენს, საკუთარს კი თავს არ მოგახვევს. ,,მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელიო“, ამას ქალბატონი თამარის შემხედვარე მედდაზეც ვიტყვი, ისე უყვარს ყველა პატარას უბანშიც და უბნის გარეთაც ,,თამრიკო ბებო“. 
  არ უნდა დაიკარგოს ჩვენს პატარა რაიონში არავის ნამოღვაწარი და ადამიანობა. თუ თქვენ საზოოგადოების უმრავლესობას უბრალოდ ძალიან უყვარხართ, ესე იგი, თქვენს ცხოვრებას  ტყუილად არ ჩაუვლია. 
  ქალბატონ თამარს ვუსურვებ ჯანის სიმრთელეს. ვამაყობ, რომ მისი თანამოქალაქე ვარ.
                                                                                                  გოჩა პაპავა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 527
FACEBOOK კომენტარები