,,ჰო და არას“ სტუმარია ლესის საჯარო სკოლის პედაგოგი, ეთერ რუბაშვილი
დავიბადე 1985 წლის 21 იანვარს, ქალაქ მცხეთაში. დავამთავრე მცხეთის რაიონის სოფელ ძალისის საჯარო სკოლა. ხშირად, ადამიანებს შთაგონებას ბავშობის მასწავლებლები აძლევენ და სწორედ ამიტომ, ჩემმა ორმა ძალიან კარგმა პედაგოგმა მაყვალა მწითურმა (დაწყებითების დამრიგებელი) და ზოია ბერიანიძემ (მათემატიკის მასწავლებელი), ძალიან შემაყვარეს მასწავლებლის პროფესია. მასწავლებლობა არა მხოლოდ პროფესიაა, არამედ მოწოდებაცაა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას და თავდადებას მოითხოვს. თუ ბავშვებთან ურთიერთობა არ გიყვარს, არ უნდა იმუშაო სკოლაში.
დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ,,ილიაუნი."პირველი ჩემი სტუმრობა იყო გურიაში, სოფელ ლესაში, ჩამოვყევი მეგობარს ახლობლის ორმოცზე, სადაც გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე (მაშინ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი). ამის შემდეგ, მაკითხავდა თბილისში ჩემი მომავალი მეუღლე და ორი წლის მერე დავქორწინდით და აგერ უკვე 20 წელია, რაც ვცხოვრობ გურიაში. ჩემი მეუღლე, კახაბერ პატარაია, სოფელ ლესის მკვიდრია, გვყავს ორი შვილი, ლუკა პატარაია პირველი კურსის სტუდენტი და ნინი პატარაია მეექვსე კლასის მოსწავლე.
ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანები. გურულები, ცნობილი არიან თავიაანთი ხალისიანი ხასიათით და გამორჩეული,იუმორით. გურულებს შეუძლიათ, ყველაზე სერიოზული თემებიც კი მხიარული კომენტარებით გაამსუბუქონ.
ვისურვებდი, რომ გურული სუფრა არასოდეს დაიცალოს სიყვარულისა და ერთობისგან. ქართველ ხალხს ჰყვარებოდეს ერთმანეთი და ამაყობდეს თავისი სამშობლოთი. საქართველოს ვუსურვებდი ეკონომიკურ სიძლიერეს, განვითარებას და ერთობას.
ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, იყავით, მოტივირებულები. სწავლა არასოდეს შეწყვიტოთ, ყოველთვის ეძებეთ ახალი ცოდნა და გამოცდილება. გახსოვდეთ, რომ თქვენივე ძალისხმევით შეგიძლიათ შექმნათ უკეთესი მომავალი, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ქვეყნისთვის!
სწავლა არასოდეს შეწყვიტოთ, ყოველთვის ეძებეთ ახალი ცოდნა და გამოცდილება
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 334