,,ჰო და არას“ სტუმარია, ლიზი ხოფერია, წარმატებული ლანჩხუთელი ცხენოსანი გოგონა._ გვიმბალაურელი ვარ. თუმცა თბილისში დავიბადე და გავიზარდე.
მეათე კლასამდე ვსწავლობდი გლდანის 167-ე საჯარო სკოლაში. ბოლო 2 წელი გადმოვედი ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში.
ჩემი მშობლები არიან მარიკა შავდია და კახა ხოფერია; სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არ გამიგრძელებია. ვცდილობ და გულით მინდა გავყვე ჩემს საყვარელ საქმეს, სპორტს. თუ მომეცემა ამის საშუალება, რა თქმა უნდა.
ასე მგონია, ცხენების სიყვარული დაბადებიდან თან მდევს, მაგრამ ჩემი აბსოლუტური ყურადღება 2017 წელს გამართულმა ბახმაროს დოღმა მიიქცია, რის შემდეგადაც ადვილად მივხვდი რა მინდოდა და დავიწყე ფიქრი, როგორ მიმეღწია ჩემი დასახული მიზნისათვის.
საცხენოსნო კლუბებში ვარჯიშის საშუალება არასოდეს მქონია, შესაბამისად არც მივარჯიშია. ჩემს ასპარეზობას დოღში მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც 15 წლისამ გავიცანი ერთი თვითნასწავლი ადამიანი, გიორგი ფოფხაძე, რის შემდეგადაც თვეში ერთხელ ვახერხებდი ჩასვლას სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაისში, რადგან თვეში ერთხელ მაინც მქონოდა შეხება საცხენოსნო სპორტთან. საკუთარი ცხენი არც მანამდე მყოლია და არც დღემდე მყავს. შესაბამისად ფიზიკურად ვვარჯიშობდი სახლში, რადგან ცხენზე ჯდომა აუცილებელ ფიზიკურ კარგ მდგომარეობას და ძალებს მოითხოვს.
ამ სპორტში რომ წარმატებას მიაღწიო საქართველოში უაღრესად რთულია და ამ პრობლემებზე შემიძლია დილამდე ვისაუბრო. შრომა რომ შედეგიანი იყოს, ჩვენი პირობებიდან გამომდინარე ძალიან, ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო. ცხენზე ჯირითი მოითხოვს საჭირო წონაში ყოფნას, მოითხოვს ფიზიკურ სიძლიერეს, მოითხოვს ყოველდღიურად ცხენთან ერთად ვარჯიშს და კიდევ მრავალი.
მონაწილეობა მიმიღია მრავალ შეჯიბრში. მაგალითად, ჩვენთვის ყველაზე პრესტიჟულ ბახმაროს დოღში, სადაც შარშან მეორე ხოლო წელს მეოთხე ადგილი დავიკავე. ასევე ოზურგეთის თასი 2024-ში- მესამე ადგილი. რაჭაში-ნიკორწმინდაში მეორე ადგილი; თბილისში, დიდგორის თასზე, პირველი ადგილი; თიანეთში -მეორე ადგილი; ჯიხაიშში 3 სხვადასხვა გარბენში 1 -ლი, მე- 2, მე-3 ადგილები; აკეთის დოღში წელს დავიკავე 1-ლი მე-3 ადგილები. მოკლედ, დაახლოებით 40-მდე გარბენში მიმიღია მონაწილეობა და აქედან 34-ში საპრიზო ადგილი დავიკავე.
ჩემთვის ცხენი არის ერთგულების, თავისუფლების, სიძლიერის, სიყვარულის ნიშანი, რითაც გამოვარჩევდი ამ უაღრესად ჭკვიან და ძალიან ძლიერ, ენერგიულ არსებებს. ყველა ცხენი განსხვავებულია, თუნდაც ხასიათით, თუნდაც ფიზიკური მონაცემებით. ცხენებთან ურთიერთობით ყოველ დღე ახალ რაღაცას სწავლობ და დღითიდღე ვითარდები.
ცხენოსნობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვურჩევდი ყოველთვის ეცადონ იყვნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია; ყოველთვის, ყოველდღიურად ისწავლონ, რადგან ვფიქრობ, ცხენზე ჯირითის ცოდნა ცხენოსნობის ყველაზე მცირე ნაწილია, ამიტომ მეტად ჩახედულები გახდნენ არა მხოლოდ სპორტის, არამედ ცხენების მიმართაც.
ლიზი ხოფერია: ჩემთვის ცხენი არის ერთგულების, თავისუფლების, სიძლიერის, სიყვარულის ნიშანი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 167