8 სექტემბერს, ლანჩხუთის თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მწერალთა და შემოქმედთა მუზეუმს პოეტი ეკა კვიციანი სტუმრობდა. ქალბატონი ეკა (კატერინა) კვიციანი ქართულ სალიტერატურო წრეებში საკმაოდ მიღებული პოეტია, გახლავთ რამდენიმე კრებულის თანაავტორი და როგორც ამ შეხვედრაზე დავრწმუნდით, საოცრად შთამბეჭდავი ლექსების ავტორი.
შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ლიტერატურული გაერთიანება ,,სამებას“ წევრები, პოეზიის მოყვარული საზოგადოება და შემოქმედთა მუზეუმის თანამშრომლები, ტრადიციისამებრ მუზეუმის დირექტორმა და ლიტერატურული გაერთიანების ხელმძღვანელმა დარეჯან ბიწაძემ გახსნა, მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას, იმისათვის რომ ხანგრძლივი პანდემიის შემდეგ და ამჯერადაც ვირუსის გავრცელების ფართო სპექტრის პირობებში, მაინც შეიკრიბნენ და ასეთი ლამაზი საღამო შედგა. ,, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოეზიისადმი დიდი სიყვარული და მადლობა თქვენ ამისათვის და მინდა წარმოგიდგინოთ უნიჭიერესი, უმშვენიერესი ეკა კვიციანი, რომელიც გახლავთ შესანიშნავი პოეტი, არაჩვეულებრივი პიროვნება და მრავალი წიგნის თანაავტორი“ თქვა მან და ისიც აღნიშნა, რომ ეკა კვიციანთან ერთად სტუმართა შორის იყვნენ მომღერალი ქალბატონები ნატანებიდან, მარინა ოსეფაშვილი და დაკუნა ხინველი, რომლებმაც გაალამაზეს საღამო. ეკა კვიციანი დამსწრე საზოგადოებას პოეტის და მსახიობის, სოფიო ღლონტის დედამ ქალბატონმა თამარ ბარბაქაძემ წარუდგინა.
,,ბავშვობიდანვე წერდა განურჩევლად კარგად, მაგრამ არ ვიცი ნაკლია თუ ღირსება, ზედმეტად მორიდებულია, მას შედარებით ნაკლებად იცნობს სრულიად საქართველოს საზოგადოება, თბილისში ლიტერატურულ წრეებში ძალიან კარგად იცნობენ და აღიარებენ აპლოდისმენტებიც არ აკლია. გასულ წელს პროზისა და პოეზიის კონკურში გაიმარჯვა, ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო პოეტი.“ ეკა არის მრავალმხრივი, მისი ლექსების ძირითადი ლაიტმოტივია პატრიოტული ლირიკა, მაგრამ წერს ყველაფერზე, კარგად იცნობს საქართველოს ისტორიას, პროფესიით გახლავთ ინჟინერი და ასევე იურისტი, არის ძალიან კარგი მეგობარი, ვინც იცნობს ეკას ყველა ცდილობს , რომ მასთან ახლოს იყოს, სწორედ ამ დიდი სიყვარულით აღმოჩნდა, ჩემი შვილის პოეტის და მსახიობის სოფიო ღლონტის ოჯახში სტუმრად და მაშინ გაჩნდა იდეა, გურიის რეგიონში ეკას ჩაეტარებინა პოეზიის საღამო და ჩვენ ვამჯობინეთ მოსვლა ამ ულამაზეს ადგილას, ამ წმინდა სავანეში. მე ასე დავარქმევდი თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მუზეუმს. უკვე მესამედ ვარ ამ მუზეუმის სტუმარი“ _ აღნიშნა ქალბატონმა თამარმა
დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ეკა კვიციანის მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები, ასევე წაიკითხეს ეკას ლექსები შემოქმედებითი საზოგადოება ,,საამების“ წევრებმა და ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი (გუგა) ჩხაიძემ. საოცრად დახვეწილი ქალურობით გამორჩეული, გრძნობით დატვირთული და სიყვარულით გაჟღენთილი სტრიქონები მართლაც გულგრილს არავის დატოვებს და ასეც მოხდა, ლიტერატურული გაერთიანება ..სამების“ წევრებმა უამრავი თბილი სიტყვა უთხრეს პოეტს, საკუთარი ლექსი წაიკითხა ნუგზარ გუჯაბიძემ, რომელიც გახლავთ რამდენიმე კრებულის ავტორი და როგორც თავად აღნიშნა, მხოლოდ ქალებზე წერს ლექსებს, ასევე ლამაზი სიტყვები უთხრა ჯაჯუ მათითაიშვილმა, საკუთარი ლექსი მიუძღვნა ბატონმა დიმიტრი ბერიძემ და პერსონალური კოცნაც დაიმსახურა, თუმცა უკვე ქალბატონის თითო კოცნა ყველა მათგანს ხვდა წილად.
ქალბატონ დარეჯანს, მსგავსი შეხვედრების მოწყობისათვის მადლობა გადაუხადა კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელმა მაია ჭანტურიამ, მან ასევე დიდი მადლობა უთხრა სტუმარს, ეკა კვიციანს, ასეთი ლამაზი ლექსებისათვის, რომელშიც მთის სიძლიერე ჩანს.
მერაბ ფირცხალაიშვილი პოეტი-,,ქალბატონმა ეკამ რაც წარმოგვიდგინა დღეს, ეს არის აისბერგის მწვერვალი,მე ქალბატონ ეკას ინტერნეტიდან ვიცნობ და ძალიან ღრმაა და ერთი შეხვედრით ძნელია მთლიანობაში აღვიქვათ მისი შემოქმედება.“
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საღამო მუსიკალურად გააფორმა ორმა სტუმარმა ქალბატონმა, რომლებმაც სხვა სიმღერებთან ერთად გურული კრიმანჭულიც შესანიშნავად შეასრულეს. ქალბატონ ეკას სახელდახელოდ შესრულებული პორტრეტი უსახსოვრა მხატვარმა ირაკლი კალანდარიშვილმა. საღამოს ესწრებოდა შესანიშნავი ლანჩხუთელი პოეტის, ახლახან გარდაცვლილი გელა გეგუჩაძის მეუღლე, ქალბატონი ფოთოლა, რომელიც აგრძელებს მუზეუმში არსებულ ტრადიციებს.
საღამო დასრულდა სამახსოვრო ფოტოს გადაღებით.
პოეზიის სავანეში ეკა კვიციანთან ერთად

მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 573