ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შეხვედრა ,,პოეტთა თავშესაფარში”

14-07-2021, 11:55

ნამდვილ პოეტს და სულით შემოქმედს შეუძლია შეიგრძნოს ის სილამაზე, რაც შემოქმედთა მუზეუმის აივნიდან მოსჩანს და ეს იყო თვალშისაცემი, იდგა გაუნძრევლად, უცქეროდა სამების მთებს და თავისთვის ამბობდა: ,,არ მიკვირს, რომ ამ სახლში დაიწერა ის ლამაზი, სევდიანი   ლექსები.  აი,  რატომ მიჭირს მეც განვშორდე სურებს, იმ ბუმბერაზ მთებს, რომელიც ყოველ ჯერზე იდუმალ ძალას მმატებს, რომ შევქმნა ახალი ლექსი. მართლაც მისი ლექსები გამორჩეულია, ის თითქოს ეპაექრება, ტოლს არ უდებს, ყველა იმ პატრიოტულ ლექსს, რაც კი აქამდე დაწერილა. საუბარია პოეტ, მწერალთა კავშირის წევრ, მრავალი კრებულის ავტორ, ოტია ტრაპაიძეზე, რომელიც თავის მეგობრებთან, აკადემიკოს მამია ბარამიძესთან, ჩოხატაურის საკრებულოს წევრ ლომგული ტრაპაიძესთან, პედაგოგ ვასო რამიშვილთან, ბახვა ტრაპაიძესთან და თენგიზ რამიშვილთან ერთად ესტუმრა თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმს. ეს იყო მართლაც დაუვიწყარი დღე, დღე რომელიც ასევე აღნიშნავდა, პოეტ, შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამების" წევრის, გელა გეგუჩაძის მწერალთა კავშირში გაწევრიანებას. 
ღონისძიება ოთხ საათზე დაიწყო და სამი საათი გაგრძელდა, როგორი მონატრებული ვყოფილვართ ყოველივე ამას, განებივრებულნი ხშირი შეხვედრებით. თბილი შესავალი გაუკეთა ღონისძიებას ქალბატონმა დარეჯან ბიწაძემ, დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო ბატონი ოტიას ლამაზი შემოქმედება, მოგვითხრო მის შესახებ, თუ როგორ თქვა უარი მშობლების გამო დედაქალაქზე, სადაც დიდი მომავალი ელოდა, როგორ არ უღალატა მშობლიურ სოფელს და დღესაც, რანაირი რუდუნებით უვლის მამა-პაპურ კარ-მიდამოს. ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმიდან ოჯახთან ერთად პოეტი და მსახიობი სოფიო ღლონტი, რომელიც რედაქტორი გახლავთ ოტია ტრაპაიძის ბოლო წიგნისა _ ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე."
არანაკლებ აღფრთოვანებულები დარჩნენ სტუმრები, შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამება-ს” წევრებისა და შემოქმედთა მუზეუმის გაცნობით, საოცრად ემოციური იყო აკაკი გოგუას მიერ წაკითხული ლექსი, ასევე საკუთარი შემოქმედება გააცნეს სტუმრებს, გელა გეგუჩაძემ, ნუგზარ გუჯაბიძემ, მამუკა ჟორდანიამ, ჯემალ დიასამიძემ... ოტია ტრაპაიძის ლექსები წაიკითხეს ნორჩმა დეკლამატორებმა, ძმებმა, რეზი და გუგა ჩხაიძეებმა; თემურის ლექსები წაიკითხეს ლაზარე ფირცხალაიშვილმა და ნიკოლოზ გვარჯალაძემ. კმაყოფილმა სტუმრებმა, გულისტკივილით აღნიშნეს ერთი რამ, ნეტავ ასეთი ,,პოეტთა თავშესაფარი", ასეთი შემართებული და თავისი საქმის ერთგული ქალბატონი, როგორიც დარეჯან ბიწაძეა ჩოხატაურშიც იყოსო, ღმერთმა ქნას, უმრავლოს ჩვენს ქვეყანას კეთილი საქმის მიმბაძველნი, სულის საზრდოსთვის, შესაძლებელი ყოფილიყოს,  რეგიონებში  ხელოვანთა ხშირი შეხვედრა და მოკრძალებული შემოქმედების გაზიარება. 
ნინო ჩხაიძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 1 048
FACEBOOK კომენტარები