გასულ კვირაში თქვენი გაზეთის ინტერნეტ და ბეჭდურ ვერსიაში დაიბეჭდა სტატია სათაურით: ,,რა მოთხოვნები აქვს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს“ (18 ნოემბერი, 2017 წელი).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექცია თავს ვალდებულად თვლის გამოეხმაუროს სტატიას, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება შეიქმნა 2015 წლის 22 თებერვალს. მის დაქვემდებარებაშია შემდეგი დაწესებულებები: ლანჩხუთის კულტურის ცენტრი აცანის, სუფსისა და ჯურუყვეთის განყოფილებებით; ცენტრალური ბიბლიოთეკა მასში შემავალი 17 სასოფლო ბიბლიოთეკით; ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა; სუფსის სამუსიკო და ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლები; ვალოდია წულაძის თეატრისა და კინოს, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა და სპორტის მუზეუმები; ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი.
კულტურის დაწსესებულებთა გაერთიანებაში დასაქმებულია 15 თანამშრომელი, რომელთა ფუნქცია–მოვალეობაა ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებების მართვა და ორგანიზება.
აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დამოუკიდებელი ორგანიზაცია არასოდეს ყოფილა. 1978 წლიდან მუზეუმი შედიოდა ლანჩხუთის რაიონის კულტურის განყოფილების დაქვემდებარებაში. 2007 წლიდან ექვემდებარებოდა
სამუზეუმო გაერთიანებას. 2009 წლიდან დაექვემდებარა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს. 2015 წლიდან კი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაშია. მთელი ამ ხნის მანძილზე ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე (და არა დირექტორი, როგორც ეს სტატიაშია) ქალბატონი ნონა იმნაძე, მუდმივად ილაშრებს ყველა გაერთიანების წინააღმდეგ და სამიზნე ყოველთვის მისი ზემდგომია!
დასანანია, რომ აღნიშნულ სტატიაში ქალბატონ ნონას მოსაზრებები მეტწილად ფინანსური დაინტერესებებითაა ნაკარნახევი და ნაკლებად მუზეუმის საქმიანობით. როდესაც ვერ ხერხდება მუზეუმის ფინანსური და ინფრასტრუქტურული საკითხების სათანადოდ მოწესრიგება,მისი გაღიზიანების ობიექტი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების არსებობა და მასში დასაქმებულ ადამიანთა ანაზღაურებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ სახელფასო ფონდის გარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის სხვა მუზეუმებისგან განსხვავებით, 2016 წელს გამოყო 10368 ლარი , ამ თანხაში შედის მუზეუმის წინა ფასადის ფანჯრების გამოცვლა, რომლის ღირებულებამ შეადგინა – 4268 ლარი. როცა მუზეუმის საექსკურსიო შემონატანი გახლდათ–109,5 ლარი , 2017 წელს გაერთიანებამ მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის გაიღო 5010 ლარი , მათი საექსკურსიო შემონატანი კი იყო 136 ლარი
2016 წლის 1 თებერვლიდან კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ მუზეუმის გამგეებს ხელფასი გაუზარდათ 50 ლარით, ჩვენი აზრით ქალბატონმა ნონა ამ ციფრებზეც უნდა დაფიქრდეს.
რაც შეეხება კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურე ბას, რომელსაც ქალბატონი ნონა ყველა საგაზეთო სტატიებში, თუ შეხვედრებზე აღნიშნავს, უნდა იცოდეს, რომ იგი თავის დროზე განსაზღვრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და არა გაერთიანებაში დასაქმებულმა ადამიანმა.
ქალბატონი ნონა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გაერთიანებამ არ დააფინანსა წიგნის ,,ძველი ლანჩხუთის გამოცემა“, რომლის ავტორი გახლავთ ბატონი ავთანდილ მახარაძე, რომლისთვისაც საჭირო იყო ხუთი ათასი ლარი. აქვე დავსძენთ რომ წესით და კანონით მხარემცოდნეობის მუზეუმმა უნდა მოიძიოს სპონსორები წიგნის გამოსაცემად ამ სპეცსახსერებით უნდა მოხდეს მისი გამოცემა,როგორც ამას სხვა მუზეუმები ახერეხებენ.
და ბოლოს გვინდა იცოდეთ ჩვენი მოსაზრება იმის შესახებ,რომ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი განყოფილებების თანამშრომლებს მართლაც დაბალი ანაზღაურება აქვთ, რომლის გაზრდის შესახებ არაერთხელ დაისვა საკითხი ჩვენს მიერ ზემდგომ ორგანოებში, ეს საკითხი დღევანდელი ხელისუფლებისათვისაც კარგად ცნობილია, იმასაც კარგად ვხედავთ, რომ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ განყოფილებებს აქვს ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პრობლემები,მათი გადაჭრა ერთდროულად შეუძლებელია.ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ იმასთნ დაკავშირებით, რომ ახალი საბიუჯეტო წლიდან ეტაპობრივად მოხდება მათი მოგვარება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექცია.
პასუხი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექცია წერს, რომ სტატია ,,რა მოთხოვნები აქვს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს“, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ მოსაზრებას რედაქცია კატეგორიულად არ ეთანხმება, ჩვენ კონკრეტული ორგანიზაციის_ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მოთხოვნები და პრეტენზიები გავაშუქეთ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რედაქცია რომელიმე მხარის პოზიციას ემხრობა ან ვისამე დისკრედიტაციას ეწევა. ჩვენ მომავალშიც ვითანამშრომლებთ ნებისმიერ სუბიექტთან, რომელიც გადაწყვეტს , რომ ,,ჰო და არას“ დახმარებით საზოგადოებას გააგებინოს თავისი პრობლემების შესახებ.
,,ჰო და არას“ რედაქცია.
გაზეთ ,,ჰო და არას“ რედაქციას

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 1 269