ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა მოთხოვნები აქვს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს

რა  მოთხოვნები აქვს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს
17-11-2017, 07:37

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს და მის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ კულტურის გაერთიანების ცენტრი სრულიად უფუნქციოა და მისი შექმნა თავის დროზე შეცდომა იყო!
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ის საქართველოს 100 საუკეთესო მუზეუმს შორის შედის და 38-ე ადგილს იკავებს. წლებია ამ მუზეუმს ნონა იმნაძე ხელმძღვანელობს, ქალბატონი ნონა გამოირჩევა მებრძოლი ხასიათით, უკან არასდროს დაუხევია მუზეუმის ინტერესების დაცვის დროს. ნონა იმნაძე საკრებულოს სხდომებზეც ხშირად გამოსულა, გაუპროტესტებია მუზეუმში არსებული მძიმე მდგომარეობა, უყურადღებობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან, თანამშრომლების დაბალი ხელფასები და ა.შ. ჩვენ დავინტერესდით, ახლა რა სიტუაციაა მუზეუმში, რაიმე ხომ არ შეიცვალა სასიკეთოდ ან პირიქით. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს და მის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ კულტურის გაერთიანების ცენტრი სრულიად უფუნქციოა და მისი შექმნა თავის დროზე შეცდომა იყო. ხაზგასასმელია, რომ მართლაც მაღალი ხელფასები აქვთ ცენტრის ადმინისტრაციაში, რაც მუზეუმის თანამშრომლების გაღიზიანებას იწვევს. მათ მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციაში შტატები გაბერილია და მეტიც, საერთოდ არაფრის კეთებაში იღებს ხელფასს ზოგიერთი. აგერ უკვე რამდენი ხანია, ხუთი ათასი ლარის გამოყოფა ვერ მოხერხდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, რათა მომზადებული წიგნი ,,ძველი ლანჩხუთი’’ გამოეცათ. მუზეუმის დირექტორის, ნონა იმნაძის თქმით, მათ ძალიან ეიმედებათ ახლადარჩეული მერის ალეკო სარიშვილის კეთილგონიერების. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, აუცილებელია მუზეუმის შემოღობვა, ფასადის გაკეთება და შემდგომ შიდა რემონტი. მეცნიერ -თანამშრომელი ლალი რამიშვილი აღნიშნავს, რომ სამუზეუმო-სამეცნიერო თემის სრულყოფილ მომზადებას და ასევე სამუზეუმო სასწავლო პროექტების განხორციელებას სჭირდება მივლინება, მუზეუმიდან გასვლა, ფინანსური ხარჯები და უფრო მეტი ყურადღება ცენტრის მხრიდან. მუზეუმის დირექტორი თვლის, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, ექსპონატებით, დამთვალიერებლებით და ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას.
ნონა იმნაძე: ,, ჩემს თანამშრომლებს ასეთი მიზერული ხელფასები აქვთ, კულტურის ცენტრის გაერთიანებაში დასაქმებული ადამიანები ბევრად მეტ ხელფასს იღებენ,რაც ნამდვილი უსამართლობაა. უნდა მოხდეს სამართლიანად თანხის გადანაწილება. ამ დღეებში იყვნენ მოსული ცენტრის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან,აწარმოეს აზომვითი სამუშაოები მუზეუმის შენობის სარემონტოდ და იმედია დაწყებული საქმე ბოლომდე მივა. ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს არ ვითხოვთ, გვჭირდება ელემენტალური მხარდაჭერა, რათა მუზეუმმა იარსებოს და ამ მიზერული ხელფასების გაზრდა, რომ ვიარსებოთ. აქ ყველანი ჩვენი საქმის ერთგული ვართ, ვცდილობთ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ხარისხიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. იმისთვის, რომ თანამშრომლებმა სრულყოფილად იმუშაონ, შედეგები აჩვენონ, საჭიროა მათი ხელშეწყობა. აუცილებლად უნდა დადგეს კულტურის ცენტრის რეორგანიზაციის საკითხი. გულწრფელად გეტყვით, ძალიან დიდი იმედი მაქვს ალექსანდრე სარიშვილის და მისი გუნდის. მჯერა, კულტურის სფეროში არსებულ ხარვეზებს მოაგვარებენ.’’
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 716
FACEBOOK კომენტარები