მუზეუმების კვირეული დატვირთული და საინტერესო ღონისძიებებით დასრულდა. დილით მუზეუმს საპატიო სტუმრები ეწვივნენ ამერიკიდან. ესენი გახლდათ გურული ცხენოსნის, ალექსი გოგოხია-ჯორჯიანის შთამომავლები: რიჩარდ ჯორჯიანი, მისი უფროსი და ჯოლა ჯორჯიან-ბერჩი, ძმისშვილი მარტინ ჯორჯიანი, სიძე ბილ ბერჩი და სტუმრები ოზურგეთიდან. ამ ვიზიტის შესახებ ჩვენ რამდენიმე თვით ადრე გაგვაგებინა ჩვენი მუზეუმის მეგობარმა ირაკლი მახარაძემ და ჩვენც სათანადოდ მოვემზადეთ. გავაფრთხილეთ გურული ცხენოსნების შთამომავლები, ვისთანაც სურდა შეხვედრა რიჩარდ ჯორჯიანს, ასევე ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები. სტუმრებმა პირველ რიგში მოინახულეს ცხენოსნის, ლუკა ჩხარტიშვილის საფლავი გვიმბალაურში და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. მათ მეგზურობას უწევდა ლუკას შთამომავალი ლევან ზენაიშვილი. ძალიან ამაღელვებელი იყო ამერიკელი სტუმრების შეხვედრა გურული მხედრების შთამომავლებთან. რიჩარდ ჯორჯიანმა მათ თავიანთი წინაპრების ამერიკაში მოღვაწეობის ამსახველი სურათები დაურიგა და დაიწყო მისი წიგნის ,,ქართველ მხედართა მატიანეს~ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე სლაიდების მიხედვით დეტალურად იყო წარმოდგენილი გურული ცხენოსნების მიერ განვლილი გზა 1892 წლიდან ევროპასა და აშშ-ში. წარმოდგენილი იყო ის მასალა, რომელიც აშშ-ს არქივებსა და მუზეუმებში იყო დაცული და 16 წლიანი კვლევის შედეგად მოიძია ავტორმა. ,,წიგნი 150-ზე მეტი ქართველი მხედრის შესახებაა, მასზე მრავალი წელი ვმუშაობდი და მთელ ამერიკაში ვეძებდი მასალებს. წიგნის დაწერა მამაჩემმა მთხოვა, მას სურდა ბაბუაჩემის შესახებ მეც და სხვებსაც უფრო მეტი ინფორმაცია გვქონოდა~ _ განაცხადა რიჩარდ ჯორჯიანმა. ეს ყველაფერი ისეთი ოსტატობით იყო აღწერილი და გადმოცემული, რომ ყველას ის განცდა დარჩა, თითქოს საუკუნის წინანდელი მოგზაურობის თანამონაწილენი ვიყავით. რიჩარდ ჯორჯიანმა იქაურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებიც გაგვაცნო და ერთი ასეთი ფაქტიც გვითხრა: როგორც ცნობილია ჩვენს მხედარ ქალებს კაბა-შარვლები ეცვათ, ეს ძალიან მოსწონებიათ ამერიკელ ქალებს და შემდგომ საფუძვლად დაედო ამ მოდის დამკვიდრებას ამერიკაში. ჩვენ ხუმრობით ვიკითხეთ, ხომ არ შეიძლებოდა საუკუნის შემდგომ მოგვეთხოვა პატენტი ამის გამო, რაზეც მან სიცილით გვიპასუხა _ არ ვიციო. რიჩარდ ჯორჯიანმა ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს. ჩვენს მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა თავისი წიგნი `ქართველ მხედართა მატიანე~ და საინტერესო ფოტო-დოკუმენტური მასალები. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს შემდეგ ამერიკელი სტუმრები ოზურგეთს ეწვივნენ იგივე ღონისძიებით. მიუხედავად იმისა, რომ გურულ მხედართა სამშობლოდ ლანჩხუთი ითვლება და დაძმობილებულიც კი არის ლანჩხუთი და აშშ-ს ვაიომინგის შტატის ქ. ქოუდი ერთმანეთთან, ოზურგეთის მუზეუმში ეს ღონისძიება მასშტაბურად ჩატარდა, მას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი. საღამოს 8 საათზე კი მუზეუმში `ღამე მუზეუმში~ დაიწყო. ამ ღონისძიებისთვის მუზეუმელებმა საინტერესო ექსპოზიცია ,,მუსიკალური საკრავებისა და ფოლკლორული მასალების~ გამოფენა მოვაწყვეთ. აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სპონსორს მაია გოგიჩაიშვილს, რომელმაც უკვე მესამედ დაგვიმზადა ძვირადღირებული ფოტოები. `ღამით მუზეუმში~ ჟღერდა ცოცხალი მუსიკა ადგილობრივი ანსამბლების შესრულებით და ღონისძიებას ფონად გასდევდა აკეთის ,,შვიდკაცას~ უნიკალური ჩანაწერები. გვსტუმრობდა ლანჩხუთელთა სიძე, მსახიობი კოტე მჟავია მეუღლესთან ერთად, რომლის წარმოთქმულმა სადღეგრძელოებმა აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება. გვიან ღამემდე გაგრძელდა მუზეუმში ეს ლამაზი ღონისძიება და ამით დასრულდა მუზეუმების კვირეულის აღნიშვნა ჩვენს მუზეუმში. ნონა იმნაძე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0