20 ივლისს, შესანიშნავ ლანჩხუთელ პოეტს, თემურ ფირცხალაიშვილს 60 წელი შეუსრულდებოდა. იგი ტკივილიანი პოეტის სახელით წავიდა ამ ქვეყნიდან და დედამიწილებს დაგვიტოვა ერთი გზავნილი, რომელსაც დროის და სივრცის სამივე განზომილება გააჩნია: ,,მიყვარდით, მიყვარხართ, მეყვარებით!~ ამავე დღეს პოეტის სახელობის შემოქმედთა მუზეუმს 10 წლისთავი შეუსრულდა, ეს დამთხვევა შემთხვევითი არ ყოფილა, როგორც მუზეუმის ყველა თანამშრომელი და თემურის მეგობრები იხსენებენ, თავად თემურის სურვილი იყო, რომ ამ პატარა ეზო-კარში, სადაც იგი დაიბადა პოეზიის ცეცხლი არ განელებულიყო, ამიტომაც ძალიან ბევრს ეცადნენ, აქაურობის დღევანდელი მესვეურები, როგორმე შეესრულებინათ პოეტის დანაბარები, მის ოდა სახლში კერია არ გაეცივებინათ. დიდი შრომისა და მცდელობის შედეგად ასეც მოხდა. უკვე ათი წელია აქაურობა უამრავ შემოქმედებითი სულის ადამიანს მასპინძლობს, იმართება ცეცხლოვანი ლიტერატურული საღამოები.
საიუბილეო საღამოს დასაწყისში მუზეუმის დირექტორმა და შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამებას“ ხელმძღვანელმა, დარეჯან ბიწაძემ აღნიშნა: ,,მისი სახელი უკვდავია, რადგან მის სახლში, დიდი ადგილი დაჭირა შემოქმედებამ. მას ცხოვრებაში ბევრჯერ ჰქონდა ჩემთან ნათქვამი: ,,ძალიან მინდაო, რომ ჩემი სახლი ჩემს შემდეგ კულტურის სახლად იქცესო და მართლაც აუსრულდა მას ეს ნატვრა. ჩვენი მუზეუმის 10 წლისთავი დაემთხვა მის საიუბილეო წელს, იმიტომ რომ, როცა თემურის სახლში შემოვედით ეს იყო 2011 წლის 1 მარტი, რაიონის ინტელიგენციის, თემურის მეგობრების: გელა ზოიძის, მამუკა ჭყონიას, ეთერ ჭყონიას, რომან ბიწაძის და სხვების თხოვნა იყო იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ გახსნილიყო თემურის სახლში მუზეუმი და მაშინდელმა გამგებელმა, ბატონმა გია გოგუაძემ გაითვალისწინა ამ ადამიანების თხოვნა და ეს მუზეუმი გაიხსნა 2011 წლის 20 ივლისს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მუზეუმის გახსნაში“ - თქვა მან და ისიც აღნიშნა, მუზეუმის პერსონალს საკმაოდ რთული პრობლემების მოგვარება მოუხდა, რომ ეს კარმიდამო მოწესრიგებულიყო, სახლი მთლიანად იყო გაძარცვული, ეზოც უნდა გასუფთავებულიყო ამაში იმდრიოინდელი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თენგის ჭიჭილეიშვილმა შეიტანა დიდი წვლილი. მას შემდეგ უამარავი ადამიანის ქველმოქმედების შედეგი სახეზეა, თითოეული ხე და ბუჩქი თითოეული მუზეუმის გულშემტკივარის დამსახურებაა. ერთ ერთი მათგანი გახლავთ მამუკა ჟორდანია შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამებას“ საუკეთესო წევრი, შემოქმედი, გამოყენებითი ხელოვნების ოსტატი და ფლორისტი, ასევე დასახელდა გელა ზენაიშვილი, რომელმაც თავისი სანერგე მეურნეობიდან არაერთი ნერგი აჩუქა მუზეუმს; ბატონი გელა ზოიძე, რომელიც მუდამ ეხმარება მუზეუმს, ასევე მადლობა გადაუხადა ქალბატონ ცისანა ანთაძეს, რომელმაც პოეტ ნიაზ დიასამიძესთან ერთად ბიბლიოთეკას შემატა წიგნადი ფონდი. აქ უამრავი მადლობა ითქვა იმისათვის, რომ მუზეუმის გულშემატკივართა და ქველმოქმედთა რიცხვი მუდამ იზრდება. განსაკუთრებით კი იმ ბატონებისა და ქალბატონების მიმართ თქმული სამადლობელი სიტყვებია აღსანიშნავი, რომელებიც ყოველთვის ალამაზებენ თემურ ფირცხალაიშვილის კარმიდამოს, ესაა შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამების“ თითოეული წევრი, მუზეუმის კოლექტივი, ისინი მცირე ხელფასის სანაცვლოდ მუდამ შრომობენ და დიდ საქმეებს აკეთებენ, ასევე მუზეუმის ტექნიკური პერსონალი _ დარაჯები, მეეზოვეები და მათ შორის გაიხსენეს დარაჯი, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.
ამ საიუბილეო საღამოს მთავარი გმირი და მასპინძელი თავად თემურ ფირცხალაიშვილი და მისი ტკივილიანი პოეზია, კიდევ ერთხელ წარსდა გულშემატკივართა წინაშე, დამახასიაბელი უშუალობით, იმ სტრიქონებით, სადაც როგორც მისმა მეგობრებმა აღნიშნეს: ისე იყო სიტყვები შედუღაბებული ერთმანეთთან ,,და’’ კავშირი არ არსებობდა, სიტყვის ჩამატება შეუძლებელი გახლდათ, მან თავისი ხელწერა და განუმეორებელი კვალი დატოვა. იცხოვრა ტკივილით, რომელიც ყველა მის ლექსს თან სდევს, რაც მისი ბედიწერა და მისი სტიქია იყო. უკიდურესად შერყეული ჯანმრთელობის პირობებში მეგობრებთან ერთად მართავდა ცეცხლოვან პოეზიის საღამოებს, წერდა და მისი ლექსები პირდაპირ ხვდებოდნენ სტამბაში. პირველი მსმენელები იყვნენ, მისი უახლოესი მეგობრები, რომლებიც პოეტის იუბილეზე ჩამოვიდნენ, ფოთიდან, თბილისიდან და სხვადასხვა კუთხებიდან, მათ გაიხსენეს დრო, როცა ყველაფერი ჩამკვდარი იყო, არსებობდა მხოლოდ ძალიან დიდი კულტურული ურთიერთობები. თემური, რომელიც არაადამიანური ტკივილებით იყო სავსე და სიკვდილს უყურებდა თვალებში, ცხოვრობდა უმაღლესი რანგის ცხოვრებით, თავისი პოეზიით. აღინიშნა ისიც, რომ იგი იმ დონის პოეტია, მის პოეზიას ლანჩხუთი ხელიგულზე უნდა ატარებდეს.
მაია კუკულაძე
,,მიყვარდით, მიყვარხართ, მეყვარებით!”~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 931