ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარების ძირითად საფუძვლად თვალწარმტაცი ბუნება, ეროვნული ტრადიციები, უხვი და ნოყიერი ტრადიციული სამზარეულო, გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი მიიჩნევა, რაც ნიშანდობლივია გურიისათვისაც, მაგრამ აქაურ ფერმერებს არ აქვთ მოწყობილი შესაფერისი გარემო ტურისტების მისაღებად, არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამ საქმიანობაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფერმერები ტურისტებს გაუმასპინძლდნენ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის ნობათით, რისთვისაც საჭიროა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარება, ისე სოფლის პროდუქციისა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირება.
მომსახურების ხარისხში იგულისხმება როგორც ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიწოდება ტურისტებისათვის, ისე განთავსების ობიქტში სრული კომფორტის შექმნა, მომსახურების პროცესის დახვეწა-გაუმჯობესება.
მსგავს აქცენტებზე ხდება ყურადღების გამახვილება, მაგალითად, ესპანეთში, სადაც აგროტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული. ფერმერი ორიენტირებულია იმაზე, რომ ტურისტი დააინტერესოს თავის ფერმაში წარმოებული პროდუქტით, მაგრამ თუ ესპანეთში მცხოვრები ფერმერები ამას აღწევენ შესაბამისად გამართული ინფრასტრუქტურით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯერჯერობით არ არის თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი პირობები, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, აღსადგენია სოფლის მეურნეობა, აგროწარმოება, რის გარეშეც ვერ განვავითარებთ აგროტურიზმს და ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.
მიუხედავად ამისა, არის მცდელობის მაგალითები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
თამაზ ღლონტის საოჯახო მეურნეობა, რომელიც გურიის რეგიონში მეფუტკრეობის ერთ-ერთი გამორჩეული კერაა. მის მიერ წარმოებული თაფლი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, ოჯახს აგროტურისტების მიღების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. მასპინძელი ამ მიმართულებით ძალიან მოტივირებულია და გეგმავს სხვადასხვა ტურისტული პროექტების განხორციელებას. საყურადღებოა გოჩა ურუშაძის „მამიეს რანჩო”, სადაც ხშირად სტუმრობენ ჩინელები და მისგან ყიდულობენ თევზს და იხვის კვერცხს, ჩინური კერძების დასამზადებლად; „მამიეს რანჩოში” ფერმერი ძირითადად ეწევა მესაქონლეობას, ჰყავს 30 სული ძროხა, აქვს სატბორე მეურნეობა 2,5 ჰექტარზე. აქვს ყანები და სათიბი. აგროტურისტებს ფერმერული საქმიანობის გაცნობასთან ერთად შეუძლიათ მოაწყონ ექსკურსიები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი ტურისტული სააგენტო „კავკასიონი ტური“.
მნიშვნელოვანი ობიექტია, აგრეთვე, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო (კოოპერატივი „ჩიბათი”) სოფ. ჩიბათში. აღნიშნული საწარმო ტურისტულ ფირმა „კავკასიონი ტურთან“ ერთად ხშირად იღებს უცხოელ ვიზიტორებს.
ადგილზე მისული ტურისტები ეცნობიან ჩაის გადამუშავების სრულ ტექნოლოგიას. ათვალიერებენ ჩაის პლანტაციას, აგემოვნებენ ადგილობრივ ჩაის. ვფიქრობ, შესაძლებელია ლანჩხუთში შეიქმნას მცირე სავენახე-სანერგე მეურნეობა, სადაც უძველესი გურული ჯიშების ვაზი იქნება წარმოდგენილი. ნაკვეთის სიახლოვეს კი აშენდეს ღვინის მუზეუმი. ასეთ შემთხვევაში, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ გურულ ვაზის ჯიშებს და დააგემოვნონ კიდეც. აკადემიკოსი. ჯავახიშვილის მონაცემებით აქ 59 ვაზის ჯიში არსებობდა, რომელთაგანაც ჩვენი წინაპრები ხარისხიან და მრავალფეროვან ღვინოებსა და სუფრის ყურძენს აწარმოებდნენ.
სასურველია შეიქმნას აგროკულტურული მუზეუმი, სადაც გურული ღვინის დაგემოვნების, ვაზის ისტორიისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიის გაცნობის შესაძლებლობა იქნება ტურისტებისათვის.
აგროკულტურული მუზეუმების ისტორია 1896 წლიდან იწყება და პირველად ბუდაპეშტში შეიქმნა. მუზეუმში წარმოდგენილია უნგრეთის სოფლის მეურნეობის ისტორია დასაბამიდან დღემდე.
მისაბაძია ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, სადაც სოფლის მეურნეობის 120 მუზეუმია ქვეყნის თითქმის ყველა წერტილში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი არსებობს ყველაზე დიდი ცენტრალური - ვაშინგტონის სოფლის მეურნეობის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია 150-ზე მეტი ანტიკური ტრაქტორი, 1000 ცალზე მეტი ისტორიული მანქანა და ათასობით ჰექტარზე გამოფენილი აექსპონატები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის ფერმერული მეურნეობის განვითარებაზე ბოლო 100 წელის განმავლობაში.
საკუთარი მეურნეობა აქვს სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს: ფუტკარი, ვენახი, სიმინდის ყანები, პირუტყვი, ზეთისხილის ბაღები და ბოსტანი. დედები ეწევიან ხელსაქმესაც. ვიზიტორებს საშუალება აქვთ მოილოცონ მონასტერი და გაეცნონ მის ისტორიას. სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი სოფ. ჯიხეთში, ნიგოითის მთაზე, ლანჩხუთიდან 6 კმ-ში, ხოლო ნიგოითიდან 3კმ-ში მდებარეობს. სოფელი შეფენილი აგურიის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზღვის დონიდან 250 მ-ზე.
მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი, 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ. დედათა რიცხვი ჯიხეთის მონასტერში 100-ს აღემატებოდა. აქვე იყო სამრევლოს სკოლა გოგონებისათვის.
1989 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა. 2002 წელს სამონასტრო კომპლექსს მიემატა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების სახელობის ტაძარი სანათლავი აუზით, სადაც მრავალი სასწაული აღესრულება: სნეულნი განიკურნებიან, უშვილოებს შვილი ეძლევათ. ტაძარში დასვენებულია სასწაულმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1905 წელს, გურულ ბერებს ჩამოუსვენებიათ, თან მოუტანიათ და მონასტრის ეზოში დაურგავთ ზეთისხილის ხე. გავრცელებული აზრით, საქართველოში ზეთისხილი ძირითადად გხვდება აფხაზეთსა და კახეთში. სხვა დანარჩენ მხარეებში კი ნაკლებად მსხმოიარეა. აქ კი ეს ხე ნაყოფიერია. შემდგომ, 2000 წელს ჯიხეთის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ანდრიას ინიციატივით აქ ჩამოუტანიათ ზეთისხილის ნერგები და ბაღი გაუშენებიათ. ამჟამად, ბაღი უხვმოსავლიანობით გამოირჩევა.
ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ იქ არსებული მეურნეობა. არის განთავსების შესაძლებლობაც - მონასტერს აქვს სკიტი - სასტუმრო მომლოცველთათვის. ტაძარს ბევრი მომლოცველი, მათ შორის, აგროტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორებიც სტუმრობენ.
აგროტურიზმის განვითარების მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტურიზმის სამსახურის ინიციატივით ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები.
ლანჩხუთი ერთ-ერთია იმ შვიდ მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმარჯვა 23 მონაწილიდან. მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი პროექტის „ტურისტული მარშრუტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მთლიანი ბიუჯეტი 67039.6 ლარს შეადგენს, აქედან მუნიციპალიტეტის დასაფინანსებელია 7150 ლარი, დანარჩენს კი ლანჩხუთი გრანტის სახით მიიღებს. პროექტის განხორციელების ადგილებია სოფელ ჩოჩხათისა და სოფელ აცანის ადმინისტრაციული ერთეულები. ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მდინარე სუფსაზე იგეგმება ჯომარდობის განვითარება, ასევე გეგმაშია შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვა, სერთიფიცირებული ინსტრუქტორების მომზადება. აცანაში, ორკარის კანიონისა და მდინარე აცაურას ხეობაში არსებული კანიონების და ჩანჩქერების ტურისტულ მარშრუტებში ჩასმა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: სავალი ბილიკების, საპიკნიკე ადგილების, ფანჩატურებისა და სავაჭრო დახლების, მარშრუტების მაჩვენებლების მოწყობა. გარდა აღნიშნული პროექტისა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აგრეთვე შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დახმარებით ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში შეიქმნა „კოოპერატივი ჩიბათი“, სადაც ხდება მწვანე და შავი ბაიხის ჩაის დამუშავება და წარმოება. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიით, ჰყავს გამოცდილი ტექნოლოგები და მუშახელი. ამ ეტაპზე, პროდუქტი მიეწოდება ადგილობრივ ბაზარს და იგი ხელმისაწვდომია ჩამოსული ვიზიტორებისათვისაც. საწარმოს ახლოს მდებარეობს „მირიანეს ბაღი“, სადაც ჩაის კულტურა გააშენეს 1925-1930 წწ-ში. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი სტიქიურად განადგურდა, მოუვლელობისა და უპატრონობის გამო ეკალ-ბარდი მოედო და ჩაის პლანტაციაც მიივიწყეს. პროექტის განხორციელების შედეგად მოხდა 15 ჰა ჩაის პლანტაციის აღდგენა-რეკულტივაცია. ამჟამად, იქ პერიოდულად ხდება აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება. მუშაობა მიმდინარეობს ევროსტანდარტების შესაბამისად, რომ მიღებული პროდუქცია იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი. მოთხოვნა აქ წარმოებულ ჩაის პროდუქციაზე ყოველწლიურად იზრდება.
ვფიქრობ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონიძიებები: სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს ურთიერთკავშირით განვითარება;
სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავების ობიქტების აღდგენა ან შექმნა;
ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება, დაცვა, ბაღ-პარკების შექმნა; აგროტურისტული მარშრუტების ორგანიზება, სადაც გათვალისწინებული იქნება ტურისტების როგორც ფერმერულ საქმიანობებში ჩართვა, ისე დამატებითი შემეცნებითი ან გასართობი ღონისძიებებით მათი განტვირთვა;
ტურისტული პროდუქტის ორიენტირება როგორც რაოდენობაზე, ისე ხარისხზე; მარკეტინგული ღონისძიებების გატარება და ფინანსური რესურსების მოზიდვა გრანტების, პროექტებისა და ინვესტიციების სახით.
საბოლოო ჯამში, უცხოური გამოცდილების გათვალისწინება, ადგილობრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და აგროტურიზმზე სახელმწიფო მხარდაჭერა შესაძლებლობას მოგვცემს ერთიან სივრცეში შევქმნათ სასურველი ტურისტული გარემო, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებები, ინფრასტრუქტურა, გასართობი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის დასაქმებას და გააუმჯობესებს გურიის ეკონომიკურ მდგომარეობას.
აგროტურისტული რესურსები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და მისი განვითარების შესაძლებლობები
სალომე სულაბერიძე,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 841