,,ჰო და არას“ გასულ ნომერში ვწერდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხელფასების არასამართლიან განაწილებასა და სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულ ფიქტიურ კონტიგენტზე. ამ თემის გაგრძელება, გაშლა და კონკრეტიკა ვთხოვეთ კავკასიის უნივერსიტეტის ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, არასამთავრობო ლიდერს, სამოქალაქო წარმომადგენელს, ლანჩხუთის საკრებულოს არაერთგზის მოწვევის დეპუტატს, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ამირან გიგინეიშვილს.
_ ბატონო ამირან, ვინ ადგენს ხელფასს ა.(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომელთათვის?
_ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს საკუთარი უფლებამოსილებები და შესაბამისად ვალდებულებები. ეს ვალდებულებები გაწერილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლში, სადაც ჩამოთვლილია ის საქმიანობა, რომელსაც უნდა ახორციელებდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა არავინ. მათ შორის არის ის, რაც თქვენ ახსენეთ-სკოლამდელი აღზრდა-განათლების უზრუნველყოფა მუნიციპალურ დონეზე. საქართველოში გარდა კერძო ბაღებისა, მუნიციპალური ა.(ა)ი.პ-ები ახორციელებენ სკოლამდელი აღზრდა-განათლების პროცესის მართვას. შესაბამისად, ხსენებული ცენტრი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტისგან.
_ როგორ ფიქრობთ, სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ადეკვატური ბიუჯეტით არის დაფინანსებული, ან ხელფასები სამართლიანად ნაწილდება?
_ რაც შეეხება ბიუჯეტს, მიმაჩნია რომ საკმაოდ სოლიდური თანხით ფინანსდებიან ყოველწლიურად. აი, საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასები მართლაც არაადეკვატური და შეუსაბამოა თანამედროვე გამოწვევებთან და კარგია ეს საკითხი რომ წამოწიეთ. სამწუხაროდ, ეს პრობლემა იმთავითვე იდგა და არ ხდება გათანაბრება დაბალი რანგის თანამშრომლების ხელფასებზე. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ 10%-ს გადააჭარბა, ამ ადამიანების უკეთეს სახელფასო პირობებზე არავინ ზრუნავს. ყოვლად წარმოუდგენელია ასეთ პირობებში, ფასების კატასტროფული ზრდის რეალობაში, ადამიანს გადაუხადო 250 ან 300 ლარი თვეში. თან რამხელა პასუხისმგებლობის მქონეებს, მათ აბარიათ და ავალიათ არამარტო აღზრდა-განათლება ბავშვების, არამედ მათი სიცოცხლეც. არაერთი მონიტორინგის მონაწილე ვყოფილვარ და მინდა გითხრათ, გაოცებული ვარ ბაღის დირექტორების, აღმზრდელების და სხვა თანამშრომლების მაღალი კომპეტენციით. ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ ასეთ ხელფასს და გაჭირვებულ მდგომარეობაში ყოფნას.
_ მონიტორინგი ახსენეთ, ბაღების ინფრასტრუქტურით, კვებით, ინვენტარით, ავეჯით თუ დარჩით კმაყოფილი. ან, შტატები ხომ არ მოგეჩვენათ გაბერილი?
_ ამ ა(ა)ი.პ-ში შტატები არ არის გაბერილი, შესაძლოა ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე ცოტა მეტი შტატი იყოს. მინდა გითხრათ, რომ ერთი-ორი პრობლემის გარდა, ბაღებში მოწესრიგებული მდგომარეობაა და ამ კუთხით გაერთიანების ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არასდროს გვქონია. პრობლემა იყო პანდუსებზე და სველ წერტილებზე, ანუ დიდები და პატარები არ უნდა სარგებლობდნენ ერთი და იგივე საპირფარეშოთი. დანარჩენი, თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი კვება, ინფრასტრუქტურა და ა.შ კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს.
_ რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი სიტუაციიდან, როგორ შეიძლება მოხდეს ხელფასების გამოთანაბრება მაგალითად ამ ა(ა)ი.პ-ში?
_ გაერთიანების ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მუშაობა ახალ სტანდარტებზე, სადაც დასვამენ საკითხს, რომ მაგალითად მინიმალური ყოველთვიური ანაზღაურება გახდეს პირობითად 500 ლარი და ამაზე ქვედა ზღვარი კანონის ძალით არ უნდა არსებობდეს. უნდა გადაიხედოს ვის რა კომპეტენცია აქვს, რა გამოცდილება, როგორი დატვირთვა და რეალურად რას უხდიან ასეთ თანამშრომლებს. უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი მონიტორინგი ყველა სამსახურში და ფიქტიურად გაფორმებული, არაფრის მომცემი და მომტანი შტატები უნდა გაიცხრილოს, ამით ადგილობრივ ბიუჯეტში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ მაგალითად იგივე ბაღის თანამშრომლებს გაეზარდოს ხელფასი. უნდა დაიგეგმოს ნებისმიერი სამსახურის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა ხარჯვაზე, არამედ შედეგზე. ამის მერე ადვილი გასარკვევია რომელ სამსახურს რამდენი შტატი ეკუთვნის და რომელ თანამშრომელს როგორი ხელფასი.
_ გადავიდეთ სხვა ა(ა)ი.პ-ებსა თუ სამსახურებზე. 30 წელია ლანჩხუთის პოლიტიკაში ხართ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბევრი სამსახური არის ქცეული ხელისუფლების პარტაქტივად და რეალურად არაფერს აკეთებენ?
_ სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი სამსახური მასზედ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს, ან უბრალოდ საჭიროება არ არსებობს ამდენი თანამშრომლის. არ სჭირდება ამას დიდი მონიტორინგი, გადახედეთ რამდენი ადამიანია ხელშეკრულებით დასაქმებული და რომელი პარტიისკენ იხრება მათი სიმპათიები. ბოდიში, მაგრამ ეს დანაშაულია, როდესაც ბიუჯეტს მიზანმიმართულად აზარალებ გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე. პარტიებს აქვთ თავიანთი შემოსავალი, საპარლამენტო დაფინანსება, კეთილი ინებონ და თავიანთი პარტაქტივი ამით შეინახონ. რამდენიც გინდა ისეთი თანამშრომელია დღეს, რომელმაც არ იცის სად მუშაობს ან რატომ. როდესაც ხელისუფლებას ურჩევნია ასე ,,დაასაქმოს“ ან გააჩუმოს ხალხი, თავისთავად აღიარებს, რომ ეკონომიკა არ გვაქვს და სრული კოლაფსია.
_ როგორც იცით, წელს კოლოსალურად გაიზარდა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების, მრჩეველების ხელფასები. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ნორმალურია? შეგახსენებთ, რომ საუბარია 5000, 4500, 3800 ლარზე და ა.შ
_ მაგალითად 1998-2000 წლებში საკრებულოს დეპუტატებს ხელფასი საერთოდ არ გვქონდა, მხოლოდ თანამდებობის პირებს. ეს არ იყო სწორი და ნორმალური. თანამდებობის პირს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნორმალური ანაზრაურება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს კორუფციის რისკები და დაფასდეს ინსტიტუცია. მაგრამ, ზემოთ ვსაუბრობდით 250 და 300 ლარიან ხელფასებზე, ინფლაციაზე, თქვენ წინა ნომერში გეწერათ აგრეთვე, თუ როგორ გაედინება ქვეყნიდან ხალხი, არავინ იცის უკან როდის დაბრუნდება, ან დაბრუნდება კი საერთოდ? - დასაქმებულთა სრული უმრავლესობა არის მინიმალურ ანაზღაურებაზე, გამყარდა ლარი და ჰოი საოცრებავ, ფასებმა პირიქით მოიმატა. ამ ყველაფრის ფონზე, მინიმუმ უხერხულია ასე ჩამოარიგო 5000, 4500, 4000 ლარიანი ხელფასები. ვიმეორებ, თანამდებობის პირებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასები, მაგრამ სამართლიანი და ადეკვატური. როდესაც შენს ხალხს შია, ქვეყნიდარ გარბის, სხვა გამოწვევებზე და პასუხისმგებლობაზე უნდა იფიქრო და არა არჩევნებიდან არჩევნებზე ზრუნავდე.
ამირან გიგინეიშვილი: როდესაც შენს ხალხს შია, ქვეყნიდან გარბის, სხვა გამოწვევებზე და პასუხისმგებლობაზე უნდა იფიქრო და არა არჩევნებიდან არჩევნებზე ზრუნავდე

თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 601