ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ამ დანახვა-დაუნახავობაში ყველაზე მეტად ,,გაჭეჭყილი” ჩვენი მოსახლეობაა!

ამ დანახვა-დაუნახავობაში ყველაზე მეტად ,,გაჭეჭყილი” ჩვენი მოსახლეობაა!
2-02-2018, 08:15

,,ჰო და არაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ,,მოსახლეობა უბნის ექიმებზეა გამწყრალი“_სოფელ ლესის უბნის ექიმზეა ყურადღება გამახვილებული.ლესაში, პირველი იანვრიდან დაინიშნა ოჯახის ექიმი, ქალბატონი რიტა მოისწრაფიშვილი, რომელიც კვირაში სამი დღე არის უბანზე, ექთანი მაია გუჯაბიძე ყოველდღე უბანზეა. ქალბატონი რიტა ამავდროულად სასწრაფო დახმარების ბრიგადას ემსახურება. სამწუხაროდ, ჩვენს რაიონში კადრების დეფიციტია, ამის გამო, ერთ ექიმს რამდენიმე ადგილზე უწევს მუშაობა.რაც შეეხება ლესელი პაციენტების ,,უპატრონობას“_ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თან ერთი უკმაყოფილო ადამიანის განცხადების საფუძველზე სოფლის სახელით საუბარიც არამართებულია.გეგმიური პაციენტებისთვის, კვირაში სამი დღე უბნის ექიმი სავსებით საკმარისია, (ყოველდღე რომ იყოს, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ რეალურად შეუძლებელია). გადაუდებელი პაციენტებისათვის 112_ უფასოა (თუმცა მავანნი იმასაც ამბობენ, რომ ფასიანიაო და შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა). თუ ბინაზე სჭირდება მომსახურება პაციენტს, მაშინ უბნის ექიმი ადგილზე აკითხავს, ამისთვის ერთი ზარია საჭირო, დღეს მობილური ტელეფონი ყველას აქვს!!!საექიმო უბანი ყოველდღე ღიაა და იქ ექთანი სულ არის...ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა მთავრობის დროს უბნის ექიმები დარეგისტრირებული იქნენ, როგორც ფიზიკური პირები, ისინი დღემდე ცდილობენ ამ კაბალური სტატუსის მოშორებას, თუმცა უშედეგოდ. საექიმო უბნების უმეტესობა, მათ შორის ლესაც, ინფრასტრუქტურის მხრივ უმძიმეს მდგომარეობაშია, უბანი თითქმის დანგრეულია, შუქი არ არის, გათბობა არ არის, კომპიუტერიც არ არის, მაგრამ მედიკოსები თავდაუზოგავად ემსახურებიან სოფელს, ცოტა სითბო და ყურადღება ჩვენს ექიმებსაც არ აწყენდათ.რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის უკმაყოფილებას, აქ სიტყვები ზედმეტია, ის სიკეთეები, რაც ამ პროგრამით მიიღო საზოგადოებამ, აუწონელია.ერთადერთი, რასაც ამ სტატიაში ვეთანხმები, ისაა, რომ გრაფიკი აუცილებლად უნდა იყოს სოფელში ცნობილი_ექიმის მორიგეობის შესახებ.რედაქცია: მას შემდეგ, რაც ,,ჰო და არაში“ დაიბეჭდა სტატია _ ,,მოსახლეობა უბნის ექიმებზეა გამწყრალი“, რედაქციაში შემოვიდა ბევრი ექიმის ზარი, რომლებიც თავს მართლებად მიიჩნევდნენ და კატეგორიულად უარყოფდნენ სტატიაში მოყვანილ პრეტენზიებს. პირველ რიგში, გვინდა მკაფიოდ გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ რედაქცია არ არის მტრულად განწყობილი ლანჩხუთში მომუშავე ექიმების მიმართ, პირიქით, პირად გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდ პატივს ვცემთ მათ საქმიანობას. მაგრამ, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ სტატიაში მოყვანილი პრობლემა მართლაც რეალურია და რეაგირებას მოითხოვს. ,,ჰო და არა“ მუდამ გააჟღერებს იმ პრობლემებს, რაც მოსახლეობას აწუხებს და ვერავის ხათრის ქვეშ ვერ(არ) მოვექცევით. რაც შეეხება ქალბატონი ელისოს წერილს, ის წერს, რომ ,,ერთი უკმაყოფილო ადამიანის განცხადების საფუძველზე სოფლის სახელით საუბარიც არამართებულია“... რედაქცია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ პრეტენზიით შემოვიდა არა ,,ერთი ადამიანი“, არამედ რამდენიმე ათეულიც კი. რაც ვგონებთ, საერთო სურათის შექმნის საფუძველს იძლევა. ელისო ჭიჭინაძეც და სხვა განაწყენებული ექიმებიც აღნიშნავენ, რომ ,,რაიონში კადრების დეფიციტია და ექიმებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე უწევთ მუშაობა“, სტატიაში სწორედ ამ პრობლემაზე იყო ყურადღება გამახვილებული, ისიც მოსახლეობის მიერ მოწოდებული. ყველაზე ნაკლებად მოსახლეობაა დამნაშავე იმაში, რომ ექიმებს არ ჰყოფნით ფიზიკურად დრო, რომ ყველაფერს გაწვდნენ, ამაზე სახელმწიფომ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს. ლესის დეპუტატი წერილში აღნიშნავს, რომ საექიმო უბნების ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს, არ არის გათბობა, არ აქვთ კომპიუტერი, არ აქვთ შუქი(!). ამავდროულად წერს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ“ ბევრი სასიკეთო რამ გაუკეთა მოსახლეობას. მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ჯანდაცვის სისტემა ,,მთლად“ გამართული არ არის. ქალბატონო ელისო, თქვენ საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბრძანდებით და ლოგიკურია ის პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოთ, რაც რბილად რომ ვთქვათ,,გაუმართავ ინფრასტრუქურას“ შეეხება. დავუშვათ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ“ სული მოათქმევინა მოსახლეობას(ეს კიდევ საკითხავია), ეს ხომ ვერ გადაფარავს იმ ფაქტებს, რომ საექიმო უბანზე არ არის შუქი(ოცდამეერთე საუკუნეში!), უბანი დანგრევის პირასაა, არაა გათბობა და რაღა გასაკვირია, რომ არ იქნება კომპიუტერიც. საპასუხო წერილის ბოლოს, ავტორი აღნიშნავს, რომ სტატიას ეთანხმება მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც აღნიშნულია, რომ უბნის ექიმების განრიგი სოფლის მაცხოვრებელთათვის ცნობილი უნდა იყოს. გონიერი მკითხველი იმედია მიხვდება, რომ სტატიაში მოყვანილ პრობლემას პირდაპირ თუ ირიბად ეთანხმებიან თავად ადრესატებიც, სხვა საკითხია, თუ ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ არ სურს რაიმე შენიშვნის მიღება და ცდილობს მუდამ მართალი იყოს. ე.ი ვთნხმდებით, რომ რაიონში კადრების დეფიციტია, ექიმები მუშაობენ ერთდროულად რამდენიმე ადგილას, ინფრასტრუქურა მოშლილია საექიმო უბნებზე, მოსახლეობისთვის ცნობილი არაა თავიანთი უბნის ექიმის განრიგი, მაგრამ როგორ სჩანს, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ვერასოდეს შევთნხმდებით!!!P.შ. სოციალურ ქსელში და მათ შორის პირად საუბრებში, რამდენიმე ექიმმა აღნიშნა, რომ მათი პროფესია არის დაუფასებელი და დაუნახავი. აბსოლუტურად ვეთანხმებით მათ, ოღონდ დავაკონკრეტებთ, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან!!! ხოლო, ამ დანახვა-დაუნახავობაში ყველაზე მეტად ,,გაჭეჭყილი” ჩვენი მოსახლეობაა!

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა