ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ემიგრანტის წერილი საქართველოს

12-02-2025, 12:14

   ემიგრანტობის სამი წელი _ 2022 წლის 7 თებერვალი _  თბილისი, სამების საკათედრო ტაძარი სამშობლოში დარჩენილი ნახევარი გული... 8 თებერვალი, შუაღამისას ცაში აფრენილი გაყინული თვითმფრინავი... გრძნობა დაკარგული... მართლა ვერ ვგრძნობდი ცაში დავფრინავდი, ზღვაში დავცურავდი  თუ ხმელეთით  მოვდიოდი.... დილა  ცივი... უცხო ქარის ალმური მგზავრობისგან არა!  ფიქრებით დაღლილ სხეულზე... დღე _ გაცრეცილი,  ცა _ ნახევრად ღრუბლიანი, თუმცა ნათელი და ლურჯი, რომელსაც მისჩერებოდა ცრემლიანი ემიგრანტის თვალები.... მაგრამ იმედიანი  მზე... პირველი სიტყვები უცხო მიწაზე _  უფალო შემაძლებინე...
   დღეს  ჩემს სამშობლოში უნდა ვიდგე მამულის სამსახურში... ჩემს ტაძარში უნდა ვლოცულობდე... ჩემს მამაოს უნდა ვაბარებდე აღსარებას და მუხლმოდრეკილი შენდობას  ვთხოვდე  უფალს, მაგრამ უცხო ქვეყანაში, უცხო მიწიდან მიწევს მამულისთვის შენდობის თხოვნა. ემიგრანტობა მაპატიე  სამშობლოვ ჩემო, ყველაზე ტკბილო, ყველაზე თბილო, ყველაზე ლამაზო და  განუმეორებელო,  ჩემო საქართველოვ!ემიგრანტის ძეგლიც არსებობს თურმე...  ძეგლებს ხომ გმირებს უდგამენ!.. ემიგრანტსაც დაუდგეს ძეგლი.  თანაც რკინის, ჭედური.  სწორად შერჩეულია მასალა... ჩვენ ხომ რკინის ნერვები გვაცვია და  ასეთივე ხელთათმანი გვიკეთია ნაზ ხელზე, რომელიც დაკოჟრილია და თვეში იმ ერთ დღეს, როცა გარეთ გავდივართ  ხელისგულებში ჩუმათ ვმალავთ იმ გაცრეცილ  და დაკოჟრილ ადგილს.  თითქოს თავი ამაყად და ლამაზად გვიჭირავს, უდარდელი ადამიანივით... მაგრამ ვინ იცის, შიგნით რა ქარბორბალა ტრიალებს,  რა ცეცხლის ალია ემიგრანტის გულში მოდებული, რომელიც შიგნიდან გწვავს და სულს გიხუთავს... და რაც  დრო გადის, უფრო და უფრო მატულობს და მძაფრდება.  
   რამდენჯერ თეთრად  დაგთენებია  ღამე... რამდენჯერ  გადაბრუნებულა  დანამული  ბალიში... რამდენი ცრემლების სარკიდან დანახული მონატრება და უკან ადევნებული წარსულის ლანდები, რომელიც ფეხდაფეხ დაგყვება და სულში მოსვენებას არ გაძლევს!.. ვინ იცის   რამდენი ფიქრის მორევს გადაუვლია ემიგრანტის გულზე.... ფიქრი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. დიახ, მომავალზე,  რომელიც გვაცოცხლებს და ძალას გვმატებს.
თავს არავის არ ვაცოდებ, არც ვწუწუნებ,  პირიქით,  მადლობას ვწირავ  უფალს იმ ძალისთვს, რომ ამ ომს გავუმკლავდე. დიახ, ემიგრანტობა  ჩემთვის ფსიქოლოგიური ომია _ ან მოიგებ, ან წააგებ. შინაგანი ომი, რომელიც განგრევს  ადამიანს და ისეთი აღარ ხარ, როგორიც ადრე იყავი... აღარ ხარ და ეს უკვირთ ადამიანებს. რატომ შეიც-ვალაო?! ,,შეცვლა" იოლი ნათქვამია... ზოგჯერ უნდა შეგეძლოს სხვისი თვალითაც გადახედო სხვის ცხოვრებას... ნიჭით და უნარით აღსავსე ადამიანს არ ვუსურვებ ემიგრანტად და ,,ბადანტედ"  მუშაობას.  ეს ტვინთან ბრძოლაა,   შემოქმედებითი უნარის ჭლეტაა, შენსა და ცხოვრებისგან აღმართულ კედელს შორის მოქცეული... დიახ, გოდოლის კედელივით აღმართულა ემიგრანტის წინ ცხოვრება და შენ უნდა შესძლო მისი გარღვევა, რომ მიზანს მიაღწიო, ლელო გაიტანო!... ძალიან რთულია ეს ყველაფერი! თანაც როგორი რთული...
 ემიგრანტი  ბევრი გაგიჟდა, ბევრმა თავი მოიკლა, ბევრი დაიკარგა, ბევრს დღესაც ეძებენ, ბევრი დაბრუნდა!...
ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით ბევრმა შეუძლებელი  შეძლო!
   უნდა გაუძლო დროს...…
უნდა გაუძლო  ხან დაჩაგვრას, ხან დაცინვას.. ხან დამცირებას, ხან შიმშილს, ხან სიცივეს, ხან გაუსაძლის სიცხეს და უცხო კლიმატს, ხან ზევიდან ყურებას.. 
   ხან ვითომ რომ არ გესმის მათი ცინიკური ლაპარაკი.… შეუძლებელი უნდა შეძლო,  სწორედაც რომ გმირულად.…
უნდა მოერგო… აეწყო… მომავალი შექმნა და წლებიც გადის, ვერ გრძნობ  დედამიწის ბრუნვას... ვერ ხედავ როგორ იზრდებიან და იბადებიან შენი მომავალი თაობები... ვერ ხედავ, ვერ ეფერები, ვერ  იღებ მათ აღზრდაში და გაზრდაში მონაწილეობას... დრო კი მიფრინავს.. ბერდები და ძალა გეცლება უცხოელის სამსახურში...
ვინც გაუძლო და გადარჩა  რა გზა გაიარა?!
...ხანდახან გვერდიდან რომ ვუყურებ საკუთარ თავს,… მიკვირს, როგორ შევძელი, რომ ისევ შემიძლია ფერადი, ლაღი და ღიმილიანად  ყოფნა, მაგრამ მე ესეც შევძელი.
ბევრი ემიგრანტს უჩივის, რატომ არ რეკავო, სად დაიკარგეო, მოგვიკითხე მაინცო.. როგორ არ რცხვენიათ?! ასეთ ,,ადამიანებს"  ცოდვა მადლი დაუკარგიათ... ვერ წარმოუდგენიათ როგორ გვიჭირს სუნთქვა ამ უცხო ქვეყანაში. როგორი  ხასიათჩაკეტილები გაგვხადა ამ ყოფამ. ბევრს ემიგრანტის ხასიათი არ მოსწონს… ხასიათი... ხასიათი კი არა ემიგრანტს აპლოდისმენტები სჭირდება. იქეთ მოიკითხეთ, იქეთ გაამხნევეთ!.. ვინ იცის იქნებ ვეღარ შეხვდეთ მეტად... ის ხომ ცხოვრებისგან გაჭიმულ  ძაფზე დადის უცხო ქვეყანაში და  ვაითუ  გაწყდეს, ვაითუ ვერ გაუძლოს მისმა სიმძიმემ... ვაითუ ფეხი აუცურდეს...
   მაშინ... მაშინ  გაისუსებით... ვითომც არაფერი მომხდარა... როდის გიტკენიათ გული ვინმესთვის... მაგრამ რას ეტყვით უფალს, რომელიც თვალს და ყურს არ გვაშორებს არავის. 
  შორიდან დანახული თვალით  იოლია ემიგრანტის განკითხვა. ხან სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამოა კრიტიკა... ხან ფოტოს ატვირთვის გამო. ხან ტანსაცმლის ფერის გამო,ხან ბედნიერი სახის გამო,…ხან ტიკტოკში  სიმღერის გამო, ხან წითელი პომადის გამო, ხან რა და ხან რა.
  დიახ _ მე…შენ … ის, სხვა ვინც გადავრჩით,… ვინც არ გავგიჟდით… ვინც გავუძელით,… ,,გმირები” ვართ. ყველა ემიგრანტი გმირია! ჩვენ შევძელით,… ჩვენ გადავრჩით... თითოეულმა ემიგრანტმა გადაარჩინა საკუთარი ოჯახი  და კრიტიკა  თქვენთვის შეინახეთ, რადგან ვისაც ემიგრანტის გზა არ გაუვლია, ის ვერც ვერასოდეს გაიგებს  რას გრძნობს ემიგრანტის გული. გისურვებთ საკუთარ ოჯახებში მალე დაბრუნებას!
ვინც სამშობლოში ხართ  გისურვებთ, რომ არასოდეს დაგჭირვებოდეთ ემიგრანტის გზაზე დადგომა... იხარეთ და იბედნიერეთ ტკბილ სამშობლოში და თბილ ოჯახებში! ფალს ებარებოდეთ მეგობრებო!    
   ყოველთვის უნდა იცოდე ადამიანმა რა გინდა ცხოვრებაში და რისთვის მოხვედი ამქვეყნად! 
დიახ, ზუსტად ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ ვინ დამაცადა. კაცმა არიცის ბედი ვის რას უმზადებს. ერთმა წამმა შეცვალა მთელი გეგმები. ერთმა წამმა დამახურინა იმ ზღაპრული სამყაროს ლამაზი წიგნი, რომელსაც ერთად ვწერდით მე და ჩემი აღზრდილი თუ აღსაზრდელი თაობები. ჯერ სკოლაში, მერე კი საბავშვო ბაღში... 20 წელი ცოტა არ არის. ძნელია 20 წლის ნაღვაწი საყვარელი საქმე მიატოვო და დაადგე ემიგრანტის გზას. თანაც ის ადამიანი, რომელიც მამულის სიყვარულზე და პატრიოტობაზე ვდებდი თავს. სიზმრადაც ვერ წარმოვიდგენდი თუ  როდესმე სამშობლოს დავტოვებდი.  მირჩევნოდა ტყვია მომხვედროდა გულში და ჩემი ქვეყნის საზღვარი არ გადმომეკვეთა,  მაგრამ... მაგრამ იმ ერთმა წამმა შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება.  შეგეძლო  ჩემო სამშობლოვ,  არ გამოგეშვი, მაგრამ დადუმდი... თვალები დახუჭე... მერე რა, თუ გამოსახლება მემუქრებოდა; მერე რა, თუ საყვარელი ადამიანი დავკარგე მოულოდნელად; მერე რა, თუ საყვარელი საქმე მიმატოვებინეთ; მერე რა, თუ  ემიგრანტის გზას დამაყენეთ იძულებით! მე ხომ პირველი არ ვარ და ალბათ არც ბოლო ვიქნები, ვინც ამ გზას დაადგა, მაგრამ არ მინდა ჩემნაირი ტკივილი ვინმემ განიცადოს. არ მინდა სხვაც ჩემნაირად იმედგაცრუებული დაადგეს ემიგრანტის გზას... კი, მართალია ბევრი იტყვის, რა გული გააწყალე, რას მოდიოდი, ვინ გაიძულებდაო?! რა ვქნა ბატონო, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვისაც ნებით მიუხარია ემიგრაციაში, ვინც ერთმანეთის ჯიბრზე მიდის სხვა ქვეყანაში, ის თუ წავიდა, მე  რატომ ჩამოვრჩეო.  ბოდიშს ვუხდი ასეთ ადამიანებს ამ პოსტისთვის. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ყველა ოცნება და ჩანაფიქრი აგისრულოთ. მე კი მინდა ყოველ კვირას ჩემს ტაძარში ვიდგე და ვლოცულობდე. მე კი მინდა ჩემს სამშობლოს ვემსახურებოდე, თუნდაც იმ მიზერულ ხელფასად, რაზედაც მთელი იმ 20 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. მე იმით ვიყავი ბედნიერი. 
   მიყვარხარ და მენატრები ჩემო საქართველოვ! ერთი სული მაქვს როდის დაგიბრუნდები და გეტყვი _  მე დაგიბრუნდი ჩემო სამშობლოვ. შენგან განწირული შვილი,  შენზე უზომოდ შეყვარებული და მონატრებული! გეტყვი, რომ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საგანძური ხარ ჩემი გულისა და უკანვე დაგიბრუნებ იმ ერთ პეშვ მიწას, რომელიც შენგან წამოსვლისას თან წამოვიღე, რათა შენი სურნელით გამეძლო და მეცოცხლა ამ უცხო ქვეყანაში. იმედმა გაამართლა, მართლაც დიდი ძალა ჰქონია შენი მიწის ფესვებს! გამაძლებინა, დამამშვიდა, ღონე შემმატა, დაბრუნების სურვილი გამიმძაფრა; სითბო გამომაყოლა, სიყვარულო გამიასმაგა... 
   მე თქვენ ძალიან მიყვარხართ! შენდობას გთხოვთ ყველას, ვისთვისაც ოდესმე რამე მიწყენინებია, მიყვარხართ და მენატრებით!
                                                                                              ირმა კუკულავა
                                                                                              იტალია

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 618
FACEBOOK კომენტარები