,,ჰო და არას“ სტუმარია ემიგრანტი ქალბატონი რუსო გოგიძე-კუკულაძე
- რუსო, დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. როცა ჩამოვედი იტალიაში, ჩემი ყურადღება მიიქციეთ, თქვენი აქტიურობით, სიხალისით, მიუხედავად იმისა, რომ გულით დიდ ტკივილს დაატარებთ. (რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ), მოგვიყევით, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ და როგორ გახსენდებათ ბავშვობის პერიოდი?_ დავიბადე და გავიზარდე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახოში. ძალიან ტკბილად და კარგად მახსენდება სკოლის პერიოდი, მეგობრები, თუ მეზობლები... ხშირად ვმართავდით სახალისო კონცერტებს. ძალიან ბევრს ვხალისობდით და ვახალისებდით სხვებსაც.
_ საკმაოდ ადრეულ ასაკში დაოჯახდით და აჭარიდან მოხვდით გურიაში, ვინ არის თქვენი მეუღლე, სად გაიცანით და როგორ მიიღეთ დაოჯახების გადაწყვეტილება?
_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში გავთხოვდი. ჩემი მეუღლე არის თემურ კუკულაძე. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით სრულიად შემთხვევით, საერთო მეგობრის მეშვეობით, როგორც გურულებს ჩვევიათ ხოლმე, მოსვენება აღარ მომცა, ვისთანაც კი სიტყვა, ხელი ან ფეხი მიუწვდებოდა, ყველა შეაწუხა. თავიდან ვერ მოვიშირე და რაც რეალური იყო, ის ვუთხარი, რომ მე ტრადიციულ ოჯახში ვიზრდები და მშობლები პატარა ასაკში ხელის თხოვნის გარეშე არ მომცემდნენ გათხოების ნებას, მაგრამ გადარეულმა გურულმა იქაც იპოვა გამოსავალი თავისი გურული იუმორით და ქარიზმით მშობლებსაც თავბრუ დაახვია. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მშობლებიც დათანხმდნენ. ასე დავინიშნე ადრეულ ასაკში და შედგა ჩვენი ქორწილიც...
_ აჭარელი გოგო გურიას როგორ შეეგუეთ?
_ თქვენ წარმოიდგინეთ, სულ არ მიგრძვნია კუთხის ცვალებადობა. ძალიან თბილად და ხალისიანად დამხვდა ყველა, დღემდე ასე მოვდივართ, თითქოს ისევ ჩემს კუთხეში ვიყო...
_ რუსო სამი საუკეთესო შვილი გყავთ. ბაჩუკი კუკულაძის დედა ხართ, ბაჩუკი ძალიან განათლებული ახალგაზრდაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე, როგორი დედა ხართ?
_ ვფიქრობ, რომ ვარ მეგობრული, ყოველთვის ვცდილობ მოვუსმინო და გავუგო მათ. ჩემი აზრით, ბავშვს მშობლის კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ რიდი უნდა ჰქონდეს, ალბათ ესეც უფლის საჩუქარია და მე ამაყი ვარ მათით.
_ ასევე მინდა მომიყვეთ იმ დღის შესახებ, როცა პირველად ჩაალაგეთ ჩანთა და გაიხურეთ სახლის კარი... განცდები და ემოციები..
_ ეს ეტაპი ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, ჩემი ახლობლების თვალცრემლიანი დატოვება... თითქოს ვერასდროს ვნახავდით ერთმანეთს. ემიგრაციაში წასვლა, რა თქმა უნდა, ყველა მშობელს უჭირს, შვილების დატოვება ნებისმიერ ასაკში ძნელია, დედისთვის მითუმეტეს, მაგრამ ისევ მათი გულისთვის ისევ მათი პირობებისთვის, ისევ მათი საუკეთესო მომავლის შექმნისთვის, რადგან თქვენც კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს მდგომარეობა უმუშევრობა და უსახსრობა. ამის გამო ვართ ჩვენ გადახვეწილები უცხო მიწაზე და ჩვენი მიწა-წყლის მონატრება გვკლავს.
_ როგორია ემიგრანტული ცხოვრება? რა გზის გავლა გიწევთ, რა გახსენდებათ ყველაზე კარგად, და ყველაზე ცუდად?
_ ჩემთვის ემიგრანტული ცხოვრება არის ცრებლების ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევ, ან არ მემჩნევა, გულით ბევრ დარდს და სევდას დავატარებ. აქ ყოფნას რაც შეეხება შეიძლება, კარგ პირობებში ვმუშაობდე, მაგრამ მაინც სულ ვარ დაძაბული და გულჩათხრობილი, თან ვცდლიობ არაფერი შევიმჩნიო, გავამხნევო საკუთარი თავი და გავალამაზო ჩემი გარემო, რომ აქ ყოფნა უფრო ადვილად მეჩვენებოდეს, ვიდრე ჩანს ეს სხვისი თვალით, ან შორიდან თუ როგორ ვარ. ყველაზე კარგად მახსენდება დიდ იტალიაში გატარებული ყოველი დღე, ქართველების მიერ პატარა საქართველოს შექმნა. ნამდვილად ვერ დავივიწყებ მეგობრების გვერდში დგომას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ემიგრანტისთვის... ყველაზე ცუდად რაც მახსენდება, აქ ყოფნის პერიოდში, ჩემი საყვარელი ხალხის გარდაცვალებაა, რომლებიც ვერ დავიტირე.
_ რაიმეს ნანობთ?
_ რა თქნა უნდა, ვნანობ. ჩემი შვილები ჩემს გარეშე იზრდებიან, ის ბედნიერი დღეები, წლები და წუთები, რომლებიც მათთან უნდა გამეტარებინა, მათგან ძალიან შორს ვარ. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე გამიგებან, რატომ მოვიქეცი ასე.
_ სამომავლო გეგმებზე და ოცნებებზე მომიყევით.
_ ჩემი გეგმა და ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, ჩემი შვილების სწორ გზაზე დაყენება და მათთვის სწორი მომავლის შექმნააა.
_ რა გენატრებათ ყველაზე მეტად და როდის აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?
_ როდის? ეს ყველაზე რთული კითხვაა კითხვათა შორის. პასუხი მარ ვიცი, როდის. ემიგრაცია მართლაც ჭაობი ყოფილა, რომელშიც დღითი დღე იძირება ადამიანი, რაც აქამდე არ მეჯერა.
_ როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებთ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ?
_ წინასწარ ვერ ვიტყვი და არც წინასწარი ვგეგმავ რამეს, მაგრამ ერთი კი ვიცი, მინდა რომ ბედნიერი, ჯამრთელი, ვიყო ჩემს ოჯახთან და მოკეთეებთან ერთად; დავტკბე მათი სითბოთი და სიყვარულით; შევავსო ის მონატრება, რაც ემიგრანტობის პერიოდში მოსვენებას არ მაძლევს.
მადლობა თქვენ და შესანიშნავ ქალბატონს, ,,ჰო და არას“ რედაქტორს, ნონა გიგინეიშვილს, რომელიც ათეულობით წელია ზრუნავს ლანჩხუთელებზე, რომ დროულად მიიღონ სიახლეები, მადლობა რომ მომეცა საშუალება ჩემი პატარა ისტორია მომეყოლა...
ნინია ბარამიძე
სპეციალურად ,,ჰო და
არასთვის” იტალია
არასთვის” იტალია



