ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კერა გეძახის სახლისა!

კერა გეძახის სახლისა!
28-10-2022, 11:07

80 წელი შეუსრულდა ერთ მეტად საინტერესო ქალბატონს, ჩიტო სალარიძეს. იგი საუკეთესო შვილების აღმზრდელი დედა, შესანიშნავი ბებია, არაჩვეულებრივი დედამთილი და საერთოდ _ განუმეორებელი ადამიანია. 
სოფელ ჯიხანჯირში გაატარა მან მთელი ცხოვრება, ეთაყვანება თავის ეზო-გარემოს და  გულიდან ამოთქმული მრავალი ლექსი აქვს მიძღვნილი  თავისი კუთხე-კუნჭულისთვის.
   ახლახან ,,ჰო და არას“ გამომცემლობაში დაიბეჭდა მისი ლექსების კრებული. ვულოცავთ ქალბატონ ჩიტოს 80 წლის იუბილეს და ვუსურვებთ კიდევ დიდხანს ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას.
      
      * * *
მიძინებული მიმქრალი
კერა გეძახის სახლისა,
ვაზზე ცრემლი რომ ჰკიდია,
ის ცრემლებია მამისა.
მამული შენი მშობელი,
კერა იმ ცეცხლით გამთბარი,
შენი სამშობლო რომ ჰქვია,
შენი გამზრდელი აკვანი.
ნუ დაგავიწყოს გამჩენმა
ეს გული ქვად ნუ აქციოს,
ვაჟკაცად დაბადებული
ყველამ თქვას, კარგი კაციო.
     
       * * *
ქვეყნად რაკი გავჩნდი ღმერთო,
მიწის მუშად, გლეხის ქალად,
მაშინ ნუღარ დამამადლი
მუხლისა და მკლავის ძალას.
ნათელი რომ დამანახე
და სიცოცხლე გამჩენელო,
რა იქნება ცქერით დავტკბე,
ამ მშვენიერ მთას და მდელოს.
ნუ მანახებ გულის ტკივილს,
მგრძნობიარე გულის პატრონს,
გულს ვაყოლებ შრომის 
მადლს და
შრომა მართობს, შრომა 
მატკბობს.
შრომა არის ჩემი მეკვლე
და ცხოვრების იალქანი,
დავფუსფუსებ ჩემს მამულში,
როგორც ჩუმი ნიავქარი.
მე ხომ ვიცი გზა სავალი
გაჩენაც და დასასრული,
თვალით სიკვდილს ნუ მანახვებ
შეიბრალე ჩემი გული.
უტყუარი საბუთია
ბოლო დღისთვის რასაც ველი,
ძილში მოდი სიკვდილო და
დაგიხვდები მასპინძელი.
     
     * * *
ახდენილო ოცნებავ,
შენ პირველო ლექსო,
ჩემი გულის ნაწილო,
ჩემო საალერსო.
მკერდში დაუტევარო,
ოცნებებო გულისა,
თქვენ ხართ ჩემი სიცოცხლე
მოსვლა გაზაფხულისა.
ჩემო ტკბილო ოცნებავ,
შენ პირველო ლექსო,
სიხარულო გულისა
ჩემო საალერსო.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 506
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა