საქართველოში ბევრი ადგილის სახელწოდება თამარ მეფესთან არის დაკავშირებული. ყოველი ლეგენდა სინამდვილის ანარეკლი და გამოძახილია.
ჩვენს რაიონშიც არის ერთერთი ულამაზესი სოფელი, გულიანი, მთა-გორებით, ნაკადულებით, პატარა ხეობებით დამშვენებული. სოფელს ირგვლივ ხშირი ტყე აკრავს ბუნებრივ საზღვრად.
ამ სოფელს ძალიან კარგად ვიცნობ, აქ ვსწავლობდი 4 წელი. ბევრი კარგი მეგობარი მყავდა.
სოფლის ერთ გორაზე ნანგრევები ჩანს. გადმოცემით თამარ მეფეს გამოუვლია მხლებლებითურთ გურიის ამ კუთხეში. ხალხი კარგად დახვედრია თავის სათაყვანებელ თამარს. მას უბრძანებია: ,,რა გულიანი ხალხი ცხოვრობს აქ“. მას შემდეგ ეს ადგილი ამ სახელით არის ცნობილი.
გულიანს აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი იანეთი, რომელიც ეკუთვნის ოზურგეთის რაიონს. მე სწორედ იანეთიდან დავდიოდი სკოლაში გულიანში. 1951 წელს დავიწყე სწავლა აქ. ამ დროს მე-5 კლასის მოსწავლე ვიყავი. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ძალიან მოსიყვარულე და წესიერი ბავშვები ვიზრდებოდით. ყველა გულის სიღრმეში მიყვარს, მაგრამ ახლა მინდა მოვიგონო ჩემი იმდროინდელი მეგობრები, და-ძმა გიგლა და ტატიანა სარიშვილები. ჩვენ ერთად ვსწავლობდით. მამები ომში დაგვეღუპნენ. გაგვზარდეს დედებმა, ღირსეულმა ქალებმა. ნადია დეიდას ორი შვილი, მე კი ერთი დავრჩი დედაჩემს. ომი დამთავრდა. ბავშვები გავიზარდეთ. გიგლა და ტატიანა, შემიძლია ვთქვა, ფენომენები იყვნენ. ისინი სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ. გიგლა დაბადებიდან ხეიბარი იყო, ძალიან კოჭლობდა. მასწავლებლები იტყოდნენ, რაც ფეხზე დააკლდა, თავში დაემატაო. მე ოჯახის უღელი ადრე დამედგა. ამ ბავშვებმა დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები. როცა გიგლა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდა, პროფესორმა უთხრა, თქვენი გვარი დღეს ისე ბრწყინავს, თავისი ნიჭითა და ტალანტით, როგორც თავის დროზე ერისთავები და ორბელიანები ბრწყინავდნენო.
გიგლამ 1965 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თარგმანებზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ეზოპეს „იგავ-არაკებისა“ და ჰელიოდორეს „ეთიოპიკის“ თარგმნა. მისი თარგმნილი ეზოპე 1968 წელს დაიბეჭდა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სხვადასხვა დროს მას თარგმნილი აქვს ესქილეს დრამები „მავედრებელნი“, „სპარსელნი“, „შვიდთა ლაშქრობა თებეზე“, „მიჯაჭვული პრომეთე“, „ორესტეა“ , ევრიპიდეს „იფიგენია ივლისში”. 1987 წელს გამოვიდა მისი „ლიტერატურული წერილები“, ხოლო „ანტიკური ლირიკა” – 1988 წელს, ძველი ბერძნული პოეზიის ანთოლოგია.
გიგლა იშვიათად ამოდიოდა სოფელში. ერთხელ, არ მახსოვს რომელი წელი იყო, მომიკითხა, იცოდა, რომ ჩოჩხათში ვცხოვრობდი. ვესტუმრე, სტუმართმოყვარეობითა და დიდი პატივისცემით მოვეფერეთ ერთმანეთს. იმ სითბოს, სიყვარულსა და გულთბილობას ვერ აღვწერ, რაც იმ ოჯახიდან მივიღე.
მის თარგმანს ყოველთვის ახლდა დიდი სიყვარული და ცოდნით შექმნილი შესავალი წერილები, რომელიც გვაფიქრებინებს თითქოსდა ჩვენს დღევანდელ მღელვარე დროებაზეც არის დაწერილი და ბევრ რამეს გვეუბნება და გვასწავლის. შეიძლება გავიხსენოთ გიგლას თარგმნილი დემოსთენე, რომლის წინასწარმეტყველებაში იგი წერს: ,,დემოსთენე იყო მოუსყიდავი პოლიტიკური მოღვწე, პირუთვნელი ორატორი, ეჭვმიუტანელი პატრიოტი, სამშობლოსათვის თავდადებული ჯარისკაცი იარაღითა და სიტყვით, მისმა სიტყვამ და საქმემ ბევრი რამ მოიმოქმედა ანტიკური დიდების გადასარჩენად.”გიგლა ვერ იტანდა პირმოთნეობას, უმეცრებას, ანგარებასა და მლიქვნელობას, ამიტომაც მისი მეგობრები ღირსეული ადამიანები იყვნენ.
1994 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისში. გიგლას ცხოვრების ყოველი დღე გმირობის ტოლფასი იყო. ის სულიერად ძლიერი პიროვნება იყო. თითქმის ტკივილებში ცხოვრობდა. მას ცხოვრების ცუდი პერიოდი შეხვდა. მისი შემოქმედების გარკვეული ნაწილი გამოუქვეყნებელი დარჩა.
გიგლამ თავის დას სიცოცხლის ბოლოს უთხრა, მე ჩემი ნიჭის მეასედიც არ გამომიმჟღავნებიაო. საკუთარი ნიჭის გამოუყენებლობა გუშინდელ და დღევანდელ საქართველოში მრავალი ნიჭიერი ქართველის ბედისწერა შეიქმნა.
გიგლას თათქვამი აქვს: ,,ნათელი გაელვებანი იყო ჩემს ცხოვრებაში პატიოსანი სიღარიბე და პატიოსანი მეგობრები.“
ნათელი და დიდება მათ სულებს! ასეთი შვილები საქართველოს ბევრი აღეზარდოს. ისინი ხომ ღარიბი გლეხის შვილები იყვნენ და დღეს ამ ჩვენს გაუკაღმართებულ ქვეყანაში რამდენი ღარიბი გლეხის ნიჭი და შესაძლებლობა იფერფლება გასაქანს ვერ პოულობს.
სვეტლანა სეფერთელაძე
გიგლა სარიშვილი: ,,ნათელი გაელვებანი იყო ჩემს ცხოვრებაში პატიოსანი სიღარიბე და პატიოსანი მეგობრები"
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 361



