ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას გვეტყვით ლარის კურსის გაუფასურების შესახებ?!

11-09-2015, 00:00

მარიკა სარიშვილი, სოფელი გულიანი: _ ლარის კურსის დაცემამ სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. მისი გამყარებისთვის მთავრობა თავს არ იწუხებს. ის კი არა, პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ამბობენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ხალხი ასე არ ფიქრობს. ქვეყანაში ცხოვრება უფრო და უფრო მძიმე ხდება. უმუშევრობა ისევ არის, ხალხს არავითარი შემოსავალი არ აქვს. მთავრობამ რაიმე ქმედითი ღონისძიებები თუ არ განახორციელა, ჩვენი ხალხი დიდ კრიზისში ჩავარდება.გიორგი ჩხაიძე, სოფელი ნიგვზიანი: _ ლარის კურსის ვარდნამ ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა. ეს ყველაფერი მთავრობის შეცდომების ბრალია. ზაფხულში რომ ასეთი პრობლემებია, წარმოიდგინეთ ზამთარში რა იქნება. კიდევ უფრო მოიმატებს ფასები ყველაფერზე. რაღაც გზები თუ არ გამონახეს, ასე არაფერი გამოვა. ჟანა გვარჯალაძე, ქალაქი ლანჩხუთი: _ ლარის კურსის ვარდნამ კიდევ უფრო მძიმე გახადა ჩვენი ოჯახების მდგომარეობა. თავის გატანა ძალიან გვიჭირს. საკვებს და მედიკამენტებს ვერ ვყიდულობთ. არ ვიცით, რა გვეშველება. მთავრობამ აუცილებლად რაიმე საშუალება უნდა გამონახოს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. დათო კოტორეიშვილი, ქალაქი ლანჩხუთი: _ ქვეყანაში მძიმე სოციალ-ეკონომიკური პრობლემებია, ხალხის ცხოვრება ძალიან გართულებულია. ლარის კურსის დაცემამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა. ცხოვრება და თავის გატანა გვიჭირს. ქვეყანაში უმუშევრობაა, ხალხი გაღარიბებულია. მთავრობა ინვესტიციები უნდა მოიზიდოს, ფაბრიკა-ქარხნები ააშენოს, ხალხი დაასაქმოს. თუ ამ ყველაფერს არ მიხედავენ, ხალხი უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.ლამარა კოტორეიშვილი, ქალაქი ლანჩხუთი: _ ყველაფრის ერთმანეთისთვის გადაბრალება კარგად გამოსდით. თუ ეკონომიკას არ მიხედავენ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა შეიმუშავოს გეგმა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ლარის დაცემამ ძალიან იმოქმედა ჩვენი ოჯახების ბიუჯეტზე. ვერაფერს ვერ ვყიდულობთ, ცხოვრება ძალიან გაძნელდა. ირა გეგიაძე, ქალაქი ლანჩხუთი: _ ლარის კურსის დაცემამ კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი ცხოვრება. ფასები დღითი-დღე მატულობს ყველაფერზე. მთავრობა სიტუაციას ვერ არეგულირებს. არც არავითარი გეგმა გააჩნიათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მათ დღე და ღამე არ უნდა ეძინოთ, რომ როგორმე პრობლემები მოაგვარონ. ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი. თენგიზ ხოჭოლავა, ქალაქი სამტრედია: _ ლარის კურსის დაცემამ ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახადა. მართალია, დოლარი ძალიან გაძვირდა, მაგრამ ქვეყანაში რაღაც ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს ლარის სტაბილურობისთვის. ჩამოიკლონ პრემიები, ხელფასები და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები დაიზოგება. მარტო აგრობარათების დარიგება არ კმარა, სესხები რომ დაგვპირდნენ გრძელვადიანი და თან უპროცენტო, ის უნდა გასცენ.რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები