ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას გვეტყვით ფასების ზრდასთან დაკავშირებით?

15-08-2015, 00:00

  მაყვალა იმედაიშვილი, სოფელი მაჩხვარეთი: _ ლარის კურსის ვარდნამ ძალიან დაგვაზარალა, ფასები ყველაფერზე გაზრდილია. პურზე თუ ფასი არ მიუმატეს, სამაგიეროდ წონაში დააკლეს. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამისად ყველაფერზე ფასები გაიზრდება. ჩვენ კი არაფერი გვაქვს, რომ როგორმე გავუძლოთ ფასების მომატებას. ძალიან ბევრს ადამიანს და ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, რა გვეშველება არ ვიცი. მთავრობამ აუცილებლად რაღაც ზომებს უნდა მიმართოს, როგორმე გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო არ გაუჭირდეს. ნინო სურმანიძე, სოფელი მაჩხვარეთი: _ ვფიქრობ, რომ ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, ჩვენ კი არავითარი დამცავი საშუალება არ გაგვაჩნია. ლარის კურსის დაცემამ ხელი შეუწყო ფასების გაზრდას, როგორც პროდუქტებზე, ისე მედიკამენტებზე. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება ჩვენი ხალხი. მთავრობა რაღაც ზომებს უნდა მიმართავდეს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. თუ არადა, რა გვეშველება არ ვიცით. ასეთ მძიმე დღეში ახლა რომ ვართ, მგონი არასდროს ვყოფილვართ.  ჯემალ დიასამიძე, სოფელი გვიმბალაური: _ რა თქმა უნდა, პურის ფასის მატება გამოიწვევს სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდასაც. მთავრობა ხალხს როგორმე უნდა დაეხმაროს. ის კი არა, ზოგიერთებს სოციალური მოუხსნეს, ეს ყველაფერი მთავრობის არასწორი მუშაობის ბრალია. როგორმე უნდა მოეგონ გონს და ხალხს მიხედონ, თორემ შეიძლება უმძიმესი შედეგები მივიღოთ. ოთარ სალუქვაძე, სოფელი ნინოშვილი: _ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩდებით. რა თქმა უნდა, ლარის კურსის ვარდნამ ძალიან იმოქმედა ჩვენი ოჯახების ბიუჯეტზე და შეიძლება კიდევ უფრო მძიმედ აისახოს. ამას ემატება ის სესხები, რომლებიც ბანკიდან გვაქვს გამოტანილი. პროცენტმა კიდევ უფრო მოიმატა, რითი გადავიხადოთ, არ ვიცით. ამას ემატება კიდევ ის ჯარიმები, რომლებიც ყოველ გადაცილებულ დღეზე ემატება. ძალიან მძიმე სიტუაციაა. თუ ფასები კიდევ მოიმატებს, ხალხი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. გურამ ტუღუში, სოფელი შუხუთი: _ პურზე ფასების ზრდა სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც ძალიან დააწვება ხალხს მხრებზე. აუცილებლად უნდა გამოინახოს რაღაც საშუალება, რომ ხალხი კიდევ უფრო მძიმე დღეში არ ჩავარდეს. ის კი არა, პენსიაზე 10 ლარი სექტემბრიდან ემატება, რომელსაც მაშინ უკვე არაფრის ფასი აღარ ექნება. ამას ემატება კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდა. მთავრობას ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. თუ არ მოგვხედავენ, შესაბამისად, ხმებსაც ვერ მიიღებენ. ნანა წულაძე, ქალაქი ლანჩხუთი: _ ფასების ზრდა გამოწვეულია ლარის კურსის დაცემის შედეგად. შესაბამისად, გაზრდილია პროდუქტებზე ფასების მომატება. ვისაც არც პენსია აქვს, არც სამუშაო ადგილი, იმან რა უნდა ჰქნას, როგორ უნდა იარსებოს. აუცილებლად რაღაც გადამჭრელ ღონისძიებებს უნდა მიმართოს მთავრობამ, რომ ხალხს კიდევ უფრო არ გაუჭირდეს. სოციალური დახმარებები მოუხსნეს ხალხს და შიმშილისათვის გაწირეს. რაღაც თუ არ გაკეთდა, უმძიმეს შედეგებს მივიღებთ. ლილი მეფარიძე, სოფელი ნიგოითი: _ რა თქმა უნდა, ფასების ზრდამ კიდევ დაგვაზარალა. თუ მთავრობამ გადამჭრელი ღონისძიებები არ გაატარა, ხალხი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამას გარდა ბევრი პრობლემაა დაგროვებული ირგვლივ. რადგან საშუალება მომეცა, გეტყვით, რომ სოფელს წყალი არა აქვს. ზაფხულის გვალვებია, შესაბამისად ჭები დამშრალია, ონკანიდან წყალი კი არ მოდის. სასმელი წყლისთვის ძალიან შორს გვიწევს წასვლა, სარეცხზე რომ არაფერი ვთქვათ. რამდენჯერმე მივმართეთ ადგილობრივ მთავრობა დასახმარებლად, მაგრამ ჯერ საშველი არ ჩანს. რუსუდან მანაგაძე    

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები