ლარის კურსის ვარდნამ ქვეყანაში პრობლემები შექმნა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში გვესმოდა, ეს ყველაფერი დროებითი იყო, `ოცნების~ `მეორედ მოსვლიდან~ რამდენიმე დღეში ლარს მორიგი ჭირი დაემართა. შესაბამისად, ფასების მატება მოხდა ბევრი დასახელების პროდუქტზე. მომავალი წლის პირველი იანვრიდან ძვირდება თამბაქოს ნაწარმი (ის უკვე 20-30 თეთრით ისედაც გაძვირდა) და ნავთობი. ამის მიზეზი აქციზის გადასახადის ზრდაა. როგორც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, _ ზემოთ დასახელებული აქციზების ზრდა ჯანმრთელობისთვის უკეთესია და როგორმე აიტანს საზოგადოებაო. მართალია, სიგარეტის ნაკლებად მოწევა ნაკლებ დაავადებებს იწვევს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის ბაზრის პრაქტიკა აჩვენებს, ძვირდება საწვავი, ძვირდება თამბაქო, ძვირდება ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში (ეს ტელევიზია ხელისუფლების მეხოტბეთა რიგებში აშკარად მოწინავეა) გამოაცხადეს, რომ ლარის დაცემამ ყველსა და სულგუნზე ფასები გაზარდა, ე.ი. გლეხის მოსავალსაც ფასი დაედოო. როგორც წესი, ამ პერიოდში რძის ნაწარმზე ფასები მუდმივად მაღალია და ამაში გლეხის მოსავალი არაფერ შუაშია და არც ლარის გაუფასურება. ლარის გაუფასურება გლეხის მოსავალზე უფრო დაეტყო მედიკამენტებს და სხვა მოხმარების ნივთებსა თუ საგნებს. როგორც კი ლარი `კეკლუცობას~ იწყებს, მაშინვე იწყება საუბარი, რომ ხომ არ გაძვირდება ელექტროენერგიის საფასური. 2014 წლის მიწურულს დაწყებულმა ლარის კურსის ვარდნამ ვეღარ გაუძლო და ელექტროენერგიაზე საფასური გაძვირდა. მართალია, ის წინა ხელისუფლების დროინდელ ნიშნულს დაუბრუნდა, მაგრამ ფაქტია, `განახევრებული ტარიფები~, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გვესმოდა, არ შედგა. უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ, რომ შუქზე საფასურის გაზრდა გარდაუვალია. წინა ცვლილება, რომელიც სემეკმა (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) განიხილა 2015 წელს იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: საყოფაცხოვრებო ტარიფები _ 100 კვტ.სთ-მდე 12,954 თეთრი; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 16,931 თეთრი; 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 21,450 თეთრი. გაცილებით მაღალია საფასური კერძო კომპანიებსა თუ დაწესებულებზე. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ტარიფი, რომელიც სემეკმა წინა შემთხვევაში დაადგინა და დღეს მოქმედებს ლარის დოლართან მიმართებაში 2,3 ნიშნულზე იყო გაწერილი. დღეის მდგომარეობით ლარის კურსი ამ ნიშნულს გასცდა და შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ შუქის ფასი გაიზარდოს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი რამ არ არის მოსალოდნელი. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ტყუილად ბაქი-ბუქობს, მსგავსი არაფერი იგეგმებაო. კალაძის განცხადების ადრესატი სემეკის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია `ახალი საქართველოს~ ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი გახლდათ. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ღიად საუბრობს შუქზე საფასურის ზრდა გარდაუვალია. საერთოდ, შუქის საფასურის თემა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი აქტუალურია. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ჩვენი ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში შემოვიდოდა (1995 წელი) შუქის საფასურზე მუდამ მიდიოდა მსჯელობა. მაშინ დახარჯული ელექტროენერგიის აღრიცხვა არც ხდებოდა (ისიც გასათვალისწინებელია, რომ შუქი თვეში ერთხელ თუ აინთებოდა და აღსარიცხიც არაფერი იყო), თუმცა ფიქსირებულად ითხოვდნენ 5 ლარს. მოსახლეობის ნაწილი თანხას იხდიდა, ნაწილი არა. იყო ერთი ამბავი: ჩვენთან ღამით მთვარე ანათებს და იმის ფულს გვახდევინებენო. `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ შუქის მიწოდება ნელ-ნელა გამოსწორდა, თუმცა გრაფიკები დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კომუნალურმა მრიცხველებმა საერთოდ გადაკიდა ხალხი ერთმანეთს. თუმცა, დარგის პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ამბობენ, კომუნალურების შემოღება აუცილებელი იყო. დღეს მუნიციპალიტეტების უმეტესობა ინდივიდიალური მრიცხველებით არის აღჭურვილი. `ჰო და არასთან~ ექსკლუზიურ ინტერვიუში `ახალი საქართველოს~ ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ხელისუფლებას მის წინა განცხადებებსაც ახსენებს, როცა იძახდნენ, ის იტყუება და მსგავსი არაფერი ხდებაო, რამდენიმე კვირაში კი ტარიფი გაიზარდა. _ ბატონო გურამ, ლარის გაუფასურება უკვე თვალშისაცემია ხელისუფლებისთვისაც. როგორ ფიქრობთ, გაძვირდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური? _ რა თქმა უნდა ლარი სერიოზულად გაუფასურდა და სამწუხაროდ ხელისუფლება ვერ იღებს ვერანაირ ზომას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პირიქით, მათ მიერ წარმოდგენილმა 10 პუნქტიანმა დამანგრეველმა გეგმამ გამოიწვია ის, რაც დღეს ხდება. გაძვირდა ყველაფერი, პირველი იანვრიდან იზრდება აქციზი საწვავზე, სიგარეტზე და მე მგონი ყველამ ვიცით, რომ საწვავის გაძვირების შედეგად, ყველა პროდუქტის გაძვირება გარდაუვალია. ეს აქსიომაა. ასევე რა თქმა უნდა გარდაუვალია დენის ტარიფის ზრდაც. გასულ წელს ტარიფის გაანგარიშებისას კურსი გაითვალისწინეს 2.30, დღეს კი უკვე 2.62-ა. ან მოუწევთ ტარიფის გაძვირება, ან გახშირდება ვითომ ავარიული გათიშვები და საბოლოოდ მივიღებთ დანგრეულ ენერგო სისტემას. ეს გახლავთ სამწუხარო რეალობა. დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინ როცა ხელისუფლებას ვატარებთ კრიტიკის ქარცეცხლში, ვფიქრობ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, როგორმე არ გაექცეთ ტარიფი და არ გაზარდონ მინიმუმ გვიან გაზაფხულამდე. _ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თქვენთან დაკავშირებით თქვა, რომ სემეკის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც გაურკვეველი პარტიის წარმომადგენელი არის, არასწორ განცხადებებს აკეთებსო (ეს განცხადება მან `იმედის~ ეთერში ჩართვისას გააკეთა), ამაზე რას უპასუხებთ?! _ რაც შეეხება კალაძის განცხადებას, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ შარშანდელ ჩემს განცხადებებს, შემდეგ სამინისტროსა და მთელი ხელისუფლების პასუხს, რომ ჩალაგაშვილი ავრცელებს დეზინფორმაციას და უცბად სამ კვირაში ტარიფი გაიზარდა. ასე რომ, ვინ გაურკვეველ პარტიაშია და ვინ გაურკვევლად თანამდებობაზე, ეს მკითხველმა შეაფასოს. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც სამწუხაროდ ვდგავართ მთელი ქვეყანა.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0