დეკემბრის დასაწყისი ჩვენს მუნიციპალიტეტში წვიმიანი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულ უხვ ნალექს თოვლი მოჰყვა. მართალია, თოვლის საფარი არც ისე დიდია, მაგრამ გარკვეული პრობლემები მაინც შექმნა. ძირითადად ეს სათბობ შეშას ეხება. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, ამის მიზეზი გახლავთ ის ფაქტი, რომ ტყის გამოყოფა დროულად არ ხდება. მოახლოვდება ზამთარი გამოყოფენ რამდენიმე ჰა–ს და იქ შესვლა ძნელია. ყველას არ ჰყავს ეს ხარ–კამეჩი რომ შევიდეს ტყეში და შეშა გამოიტანოს. იყო წელს ასეთი ფაქტიც, ხალხმა ბანკში შეშის ბილეთი აიღო და როცა ტყის მასივში მივიდა, იქ უკვე ტიალი მინდორი დახვდა. საბედნიეროდ, ფიჩხის შეგროვებას არ გვიშლის არავინ და ამით როგორმე გადავიტანთ გრძელ ზამთარს, რომელიც უკვე დაგვიდგა~ _ გვითხრეს ლანჩხუთლებმა. ჰო და არას~ ინფორმაციით თოვლს გზებზე პრობლემები არ შეუქმნია და არც სოფლებში არსებულ შიგა გზებზე შეჩერებულა მოძრაობა. სოფელ მამათის ერთ–ერთმა მკვიდრმა (მოგეხსენებათ ეს სოფელი ზამთარში უხვთოვლიანობით გამორჩეულია ჩვენს მუნიციპალიტეტში და გასულ წელს ერთ მეტრზე მეტი იყო თოვლის საფარი) გვითხრა, _ პირველ თოვლი არც ისე დიდი მოვიდა. სულ 5 სმ თუ იქნებოდა. ჩვენი მთაგორიანი სოფელი გაალამაზა და ეგ იყო სულ. ტრანსპორტის მოძრაობა არ შეწყვეტილა, სკოლა და სხვა დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. შეიძლება ბავშვებს უფრო დიდი თოვლი უნდოდათ, მაგრამ წინ მთელი ზამთარია და ბუნება რას მოიმოქმედებს, ამის წინასწარ განჭვრეტა ძნელია.~ პრობლემების გარეშე შეხვდნენ თოვლს სხვა სოფლებშიც. ჯურუყვეთსა და ჭინათში თოვლის საფარი 5 სმ–მდე იყო და რაიმე გართულებები არ მოჰყოლია. ასევე იყო სუფსაში. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, _ დილით გადათეთრებულ ეზო–კარმიდამოებს მალე მზემ შეანათა და პირველი თოვლი თვალსა და ხელს შუა გაგვიფრინდაო. მართალია, მცირედი თოვლი იყო, მაგრამ ფოტო–მოყვარულებმა თოვლში გახვეული~ ლანჩხუთის ამსახველი კადრები მაინც დადეს ფეისბუქზე (რამდენიმეს აქვე გთავაზობთ). სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება და შემდეგ გამოიდარებს.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0



