შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაშინ, როცა კატასტროფულად მოიმატა ფასებმა საკვებ პროდუქტებზე, როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება თუ არა თქვენს ოჯახს თავის გატანა?
ნინი გორლოვა: საქართველოში, ძალიან ბევრს უჭირს ოჯახის გატანა. ბევრი ისეთი ადამიანიც არის, რომ საცხოვრებელი არ აქვს და ჯერ კიდევ არ ვიცით როგორი დრო მოდის. იქნებ იმის საშუალებაც კი არ გვქონდეს, რომ პური ვიყიდოთ. მხოლოდ საკუთარ თავზე არ უმდა ვფიქრიბდეთ და ჩემი ოჯახიც ასე ფიქრობს, რომ რაც გვაქვს სხვებსაც დავეხმაროთ. არა ერთხელ დავხმარებივართ. სოფელში ვცხოვრობთ, ბევრი ისეთი ადამიანი მოსულა, პურის ფულს რომ ითხოვდა, ფულიც მიმიცია და საკვებიც, ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება დადგეს ისეთი დღე, რომ ჩემს ოჯახსაც გაუჭირდეს.
სალომე პატარაია: ფასები ყოველდღე კატასტროფულად მატულობს, ძალიან ძნელი ხდება თავის გატანა. მე პირადად, ხელფასი მაქვს, მაგრამ რამდენი ოჯახია არც ხელფასი აქვს, არც პენსია. იმათთვის რთული მდგომარეობაა შექმნილი. რამდენი ბავშვიანი ოჯახია მსგავს სიტუაციაში. მე ვფიქრობ, ყველა ოჯახზე აისახება ფასების მატება.
დანიელ ჟორდანია: ვფიქრობ, იმ ოჯახებს, რომლებისთვისაც ყოველთვიური შემოსავალი საშუალოზე დაბალია, რაც დაახლოებით 300-500 ლარს შეადგენს, ამ გაზრდილი ფასების ფონზე ყველას გაუჭირდება ოჯახის რჩენა, მითუმეტეს ზამთარი მოდის, ემატება კომუნალური გადასახადების ფასები. ხელფასები საბჭოური გვაქვს საქართველოში, ხოლო ფასები _ ევროპული, რთული დროა რთული, მაგრამ გავუძლოთ უნდა. ასევე დავძენ იმას, რომ არასდროს გაპროტესტებულა და არასდროს შეკრებილა ხალხი საწვავის ფასებისა და სურსათის ფასების ზრდის გამო, ხოლო რომელიმე პარტიის გულისთვის იცოცხლე...… ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც გვაწუხებს და რაც გვჭირდება სინამდვილეში ის არის, რომ გავაპროტესტოთ ქართველებმა და ყველაფერი კარგად იქნება.
ნინე ულუმბეგაშვილი: ქვეყანაში სტაბილური და ნორმალური ანაზღაურებით სამსახურები იშვიათობაა და უმეტესობას, საშუალოზე დაბალი შემოსავალი გვაქვს, ჩემ ოჯახსაც, როგორც უმეტესობას, საკმაოდ გაეზარდა ხარჯები, პროდუქტების კატასტროფულად გაძვირების გამო. ხელფასის ოდენობა და ფასების მასთან შეფარდება, საგრძნობლად უთანასწოროა, ამიტომაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, მხოლოდ თავის გატანისთვის მუშაობს. ეს ყოველივე კი, ყოველდღიურად ამძიმებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
ციალა ფირცხალაიშვილი: ყველა ოჯახს გაუჭირდება ისეთი ფასები ადევს პროდუქტებს, მითუმეტეს სახლში ორი პენსიონერი მყავს და აბიტურიენტი შვილი, თვიდან თვემდე არ გვყოფნის პენსია, მაგრამ მაინც გაგვაქვს თავი, მეტი გზა არაა.
ლანა სანიკიძე: დღეს-დღეობით ჩვენს ქვეყანაში შარშანდელ წელთან შედარებით საკმაოდ მოიმატა საკვების ფასმა და არა მარტო საკვების. თითქმის ყველაფერი გაძვირდა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას რაც შეხება, ჩემი აზრით არ გაუჭირდება ჩემს ოჯახს თავის გატანა, იმიტომ, რომ დასაქმებულები არიან და შეუძლიათ საკვების მომარაგება.
ხელფასები საბჭოური გვაქვს საქართველოში, ხოლო ფასები ევროპული
მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 497