გახსოვთ, როგორ ველოდით შობა-ახალ წელს? როგორ გვიხაროდა ათასგვარი ლამაზი ფეერვერკის გასროლა; გვიხაროდა, ბაბუა რომ თავის თოფს დაგვაჭერინებდა და გვასვრევინებდა; ახალ წელს ვეგებებოდით ასე ხმაურით; დიდი ჟრიამული იყო სოფელში, გადი-გადმოვდიოდით ერთი-მეორესთან, შოკოლადებს შევყრიდით სახლში და ამ შოკოლადებივით ტკბილ სიტყვებს ვეუბნებოდით ერთმანეთს. მახსოვს, ბევრს მივყავდი სახლში, ჩემი მეკვლე უნდა იყო, შენსავით კაი და გემრიელი წელი უნდა დავიბედოო და მეც როგორ მიხაროდა.
და სად წავიდა ეს ყველაფერი? სად გაქრა ის სიყვარული და სიხარული? სად არის ის ხალხი ჩემს სახლში შოკოლადებს რომ არ ჰყრიდა? სად არიან ახლა ის ბავშვები, რომლებსაც მე უნდა ვეპატიჟებოდე სახლში მეკვლედ და ვუყვებოდე იმ ულამაზეს ტრადიციებზე, რომელიც მე გამოვიარე? მახსოვს, როგორ ველოდებოდი, შობის დღესასწაულს, ვიცოდი, რომ ეკლესიაში წამიყვანდნენ, სადაც უამრავი სიყვარულით სავსე ადამიანი დამხვდებოდა, სადაც ყველა გულში ჩამიკრავდა, სადაც ყველა რაღაცას მაჩუქებდა და რაც მთავარია, გულთბილად მომილოცავდა ბრწყინვალე დღესასწაულს.
სად წავიდა ის ხალხი, ტაძარში ხატთან მისასვლელად და საამბოროდ საათები რომ იდგა რიგში და ელოდა? სად წავიდა ის ხალხი, რომელიც სანთლით ხელში იდგა და ელოდებოდა შობის შემობრძანებას? სად წავიდა ის ხალხი, რომელიც ფანჯარასთან სანთელს ანთებდა და ერთიმეორეს გადაძახილით ულოცავდა?!
...ალბათ არასოდეს დამავიწყდება _ ტაძარში შევედი და სრულიად მარტო აღმოვჩნდი, არავინ იყო... საერთოდ არავინ, მხოლოდ მე და უფალი...
და ასე, რამდენ ტაძარში იქნებოდა კიდევ ვინ იცის?! ცარიელ, გაყინულ ტაძარში, უფალს მხოლოდ ჯანმრთელობას და ერის გადარჩენას ვევედრებოდი, ერის რომელიც სანაქებო იყო სიყვარულში; ახლა კი მხოლოდ იმიტომ ვუღიმით ერთამენთს, რომ „უხერხულია“... აქამდე მეორე ქუჩიდან ხელგაშლილი მოვრბოდით, რომ ერთმანეთს ჩავხუტებოდით, ახლა კი თავს ვიმართლებთ, რომ გვეჩქარება, ან სულაც არ დაგვინახავს...
ალბათ კეთილი გულის ადამიანებს, როგორ ენატრებათ ერთმანეთთან ჩახუტება, სტუმრობა...
და სწორედ ახლა, როცა ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთმანეთის გამხნევება, სიყვარულის გამოხატვა; ახლა, ამ ვითარებაში პირი აკრული გვაქვს; პირისახე, საიდანაც სიყვარული უნდა ვაფქვიოთ, დაფარული;
ალბათ ეს სასჯალია, რომელსაც ჩვენივე ცოდვებისთვის ვიხდით ადამიანები.
დაკეტილი გულებიდან, ურდულ დადებული სახლებიდან, მრევლ გამოცლილი ტაძრებიდან, სიყვარულწართმეული ადამიანების სახელით გილოცავთ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გიორგი ფირცხალაიშვილი
დაკეტილი გულებიდან, ურდულდადებული სახლებიდან, მრევლგამოცლილი ტაძრებიდან, სიყვარულწართმეული ადამიანების სახელით გილოცავთ შობა-ახალ წელს!
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 378



