ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ერთი რამ ვიცი, ყველაფერი დამთავრდება კარგად, საქართველო იმ ომს მოიგებს, რომელიც ერთმა კაცმა, თავის მცირე ამალასთან ერთად, გამოუცხადა!

13-01-2025, 13:00

  გუშინ ,,ბაბილოსთან" თაკოს მეგობარი და თანამებრძოლი ნუცა მახარაძე დაიჭირეს. იმ ჭყლეტვაში და გაწევ-გამოწევაში გონება დაუკარგავს და  გულწასული შეათრიეს პოლიციის მანქანაში. ვიღაც ბიჭი მისულა პოლიციელებთან, ექიმი ვარ და მომეცით საშუალება დავეხმაროო. ისიც დაუჭერიათ.  
მე, წელგაშეშებული და შფოთით შეპყრობილი, ყოველ ნახევარ საათში ვურეკავდი რომ მცოდნოდა ჩემი შვილის და მისი მეგობრების მდგომარეობა. გამთენიამდე რომელიღაც იზოლატორთან იყვნენ, რომ მეგობრის ამბავი გაეგოთ. 
ამ დილით, უთენია დავურეკე და უკვე ემზადებოდა სასამართლოში წასასვლელად, იმ ორი ბიჭის პროცესი ყოფილა დღეს, პარლამენტთან რკინის  ჯებირის დაზიანების ბრალდებით 9 წლიან სასჯელზე რომ უპირებენ გაშვებას. დე, თუ  დამიჭირეს არ ინერვიულოო, მე უკვე შეგუებული ვარ მაგას ემოციურად და შიშიც აღარ მაქვსო. მეთქი, მე როგორ გავიგებ დაჭერილი რომ ხარ, ვის უნდა დავუკავშირდე? დარეკვის უფლებას გაძლევენ, ლიზას დავურეკავ და გავაგებინებო. არ იდარდო, იქ რომ მიყავხარ, ცუდად არ გექცევიან, თან ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი მაშინვე მოდიანო, ისეთი კი არა, როგორიც სახალხო დამცველი გვყავს,  კარგი თანამშრომლები მოდიანო🥹
მშვიდად მეუბნებოდა ამ ყველაფერს, დალგებულად. არ ვიცი, მისი ემოციური მდგომარეობა გადმომედო თუ სხვა ამბავია რამე, თითქოს უკვე შევეგუე საფრთხეს და ისე დამთრგუნველი აღარ მეჩვენება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ არ დაიჭერენ თუ არა და  დაიჭერენ ისე, როგორც სხვებს იჭერენ. იმათაც ხო  ყველას დედები ყავთ და მათი დედებიც ჩემსავით ნერვიულობდნენ.
  უბრალოდ ერთი რამ ვიცი, ყველაფერი დამთავრდება კარგად, საქართველო იმ ომს მოიგებს, რომელიც ერთმა კაცმა, თავის მცირე ამალასთან ერთად,  გამოუცხადა!
                                                                                 ლალი იმედაიშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 440
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა