ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩვენ, დედებს რკინის ქალამნები გვაცვია და უნდა გვეცვას, ჩვენთვის უკან დასახევი გზა არ არსებობს

ჩვენ, დედებს რკინის ქალამნები გვაცვია და უნდა გვეცვას, ჩვენთვის უკან დასახევი გზა არ არსებობს
9-11-2022, 12:50

2018 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა შ.შ.მ. პირთა ასოციაცია ,,საბა”. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ჩემმა შვილმა, საბა ვარდოსანიძემ მიმაგნებინა იმ დიდ ოჯახს, რასაც შ.შ.მ. პირები ჰქვია.
ჩემი დაკვირვებით ერთი რამის თქმა შემიძლია _ შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ არც არსებობს. მე მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომ არ დაყარონ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენთვის უკან დასახევი გზა არ არსებობს. ვინც იბრძვის ყველა ვარიანტში ის იმარჯვებს. პირადად მე და ჩემს შვილს ძალიან რთული დღეები გვაქვს გავლილი, მაგრამ ეს დღეები უკვე გავლილია და ჩემს შვილთან ერთად ვარ ბედნიერი.
ჩემს წარსულს რომ ვაკვირდები, ახლა ვაცნობიერებ, რომ მე თავის დროზე სიღრმისეულად არ გამიცნობიერებია პრობლემა, ვიცოდი ერთი რამ, რომ უნდა მებრძოლა ჩემი შვილისთვის. ამის ძალას უფალი მაძლევდა.  
რამდენიმე ხნიანი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ იყო ეჭვი, რომ ჩემი შვილი ფეხზე ვერ გაივლიდა, მაგრამ მოხდა საოცრება, მან შეძლო დამოუკიდებლად სიარული, ამ ფაქტმა კი ექიმებიც ძლიერ გააკვირვა. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის.
არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენი ცხოვრებიდან. მე შევძელი ჩემი მცირეწლოვანი შვილი წამეყვანა მამა გაბრიელის საფლავზე. ჩვენ დავესწარით მისი საფლავიდან ამოსვენების ფაქტს, ბავშვი ჩააწვინეს მამა გაბრიელის სამყოფელში. ამ მოვლენიდან ერთი კვირის შემდეგ, თბილისში ექიმებთან ჩასულები საოცარი ფაქტის წინაშე დავდექით, საბამ ფეხზე გაიარა. ჩემი შვილის ბედნიერი ხმა რომ გავიგონე, სიხარულისგან იმხელა ემოცია მივიღე, თითქოს ჩემი თვალით ვხედავდი, თმები როგორ მითეთრდებოდა. 
ჩემთვის, შვილთან დაკავშირებით, არ არსებობდა სიტყვა არა. ღმერთი ყოველთვის მიჩენდა გამოსავალს, უქონლობის დროს ღმერთი ყოველთვის მიჩენდა სახსარს, რომ არ შემეჩერებინა შვილის არსებობისთვის ბრძოლა. ჩემს შვილს თითქმის ყოველდღე ვუმეორებდი: შვილო, ყველაფერი კარგად იქნება! მოვუწოდებ ყველა შ.შ.მ. პირის მშობელს, ნუ დავმალავთ ბავშვის გაჭირვებას და თქვენ დაინახავთ საოცრებას, თქვენს გვერდით ბევრი თანამდგომი აღმოჩნდება,  უპირველესად ღმერთის სასწაულს დაინახავთ.
ყველას მინდა გავუმეორო ექიმების რჩევა, რომელსაც მე მუდმივად მეუბნებოდნენ - მე ვარ შენი მრჩეველი და შენ ხარ შენი შვილის ექიმი. ჩვენ, დედებს რკინის ქალამნები გვაცვია და უნდა გვეცვას, ჩვენთვის უკან დასახევი გზა არ არსებობს. 
მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც ჩვენს გვერდით დამდგარა, ვისაც გაუთავისებია შ.შ.მ. ასოციაცია ,,საბას" პრობლემები.
როგორც ჩემს შვილს ვლოცავ, ასევე ვლოცავ ყველას. ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით გაერთიანებული ძალა დაუმარცხებელია!

ინეზა კვაჭაძე
ასოციაცია ,,საბას" დამფუძნებელი 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 505
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა